ნოვოროსიისკში მცხოვრები ასხაბალი ალიბეკოვი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ყოფილი ათმეთაური, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილია, როგორც „ველური მედესანტე“, ამ დღეებში სპეცდაწესებულების საპატიმროდან გათავისუფლდა ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფისათვის შეფარდებული მეორე ადმინისტრაციული სასჯელის მოხდის შემდეგ.
ყოფილ სამხედროსა და ამჟამად ბლოგერს მისი ანტისაომარი პოზიციის გამო დევნიან. მაგრამ არც კოლონიაში გატარებული ვადა და არც არმიის „დისკრედიტაციისთვის“ დაკისრებული ჯარიმები, ბლოგერს არ აჩერებს.
იგი აკრიტიკებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას და მიიჩნევს, რომ პატიოსანი სამხედროები დაპატიმრების შიშის მიუხედავადაც კი არ უნდა დათანხმდნენ მეთაურების დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას.
„თუ შენ თავს მიიჩნევ კაცად და მეომრად, შეგიძლია წახვიდე ღირსეულად და არ გახდე მონა, არ ემსახურო ადამიანს, რომელსაც ჰააგის ტრიბუნალზე გაასამართლებენ. ადრე თუ გვიან, მას გაასამართლებენ“, - უთხრა მორიგი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ.რეალიის“ ასხაბალი ალიბეკოვმა და საკუთარი შეფასება უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის არმიის მოქმედების ზოგიერთი საინტერესო საკითხის გარშემოც გამოთქვა.
ასევე ნახეთ ტრიბუნალი პუტინისთვის„უკრაინელები ახლა ბოლომდე იომებენ“
ალიბეკოვი დაღესტნის სოფელ სერკოგალიდანაა წარმოშობით. ჩეჩნეთის მეორე მსოფლიო ომის დროს ის შინაგანი ჯარების დაზვერვის სპეცდანიშნულების რაზმში ჩაირიცხა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში მთლიანობაში 9 თვე დაჰყო. შემდეგ მსახურობდა სტავროპოლში, პირველად საინფორმაციო საშუალებებმა მასზე დაწერეს სტავროპოლის განაპირას 2007 წელს მომხდარ მასობრივ ჩხუბთან დაკავშირებით, რომელშიც რამდენიმე ჩეჩენი სტუდენტი დაშავდა, ერთი, გილანი ატაევი დაიღუპა, ხოლო ზაურბეკ ახმატოვი მილიციელებმა დაჭრეს. მაშინ ალიბეკოვი აწყობდა გამოსვლებს ამ დანაშაულის გამოძიებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დასჯის მოთხოვნით.
მაისის დასაწყისში ალიბეკოვი სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა ანტისაომარი პიკეტისთვის, მანამდე მარტში მას ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფისთვის.
„ველური მედესანტე“ აცხადებს, რომ ციხეში ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინის წინააღმდეგ და არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ხელისუფლება მართლაც შეაშინა უკრაინის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივამ.
„პუტინი შეშინდა. მას არწმუნებდნენ, რომ ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევის შემდეგ, უკრაინა მთლიანად გამოვიდოდა მოსკოვის კონტროლიდან და მას უკვე ვერავინ ვერაფერს ვერ უკარნახებდა. რუსეთი კი დაკარგავდა ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ რაიმე ზეწოლა მოეხდინა უკრაინაზე“, - ამბობს ასხაბალი ალიბეკოვი და დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ გამოიყენა შესაძლებლობა, სამშვიდობო მოლაპარაკებებით თავიდან აეცილებინა შეიარაღებული კონფლიქტი.
„როგორც სამხედრო ადამიანი, ვამბობ, რომ საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ბევრი ექსპერტი, გადამდგარი გენერალი, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მოლაპარაკების შანსი არსებობდა. უკრაინელებსა და რუსებს ათასწლოვანი საერთო ისტორია აერთიანებთ. მაგრამ ახლა უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ, რადგან მათ სტიმული გაუჩნდათ. ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლს იცავს, ყოველთვის უფრო ძლიერია იმაზე, ვინც თავს ესხმის. მას აქვს მოტივაცია“, - ამბობს „ველური მედესანტე“.
რაც შეეხება რუსეთის არმიის წარუმატებლობას, ბლიცკრიგით დაემყარებინა კონტროლი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე და ბრძოლის ველზე განცდილ დიდძალ მსხვერპლს, ასხაბალი ალიბეკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის არმია საკმაოდ ძლიერია და მისი შეუფასებლობა სისულელეა.
„დანაკარგები ეს არის იმ გენერლებისა და მეთაურების გულგრილობა, რომლებსაც არ შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებების სწორი კოორდინაცია და ჯარისკაცების პოზიციებზე განაწილება. იმ გენერლებს, რომლებიც პუტინს კიევის სამ დღეში აღებას ჰპირდებოდნენ, დაავიწყდათ უკრაინელი ხალხის ისტორია, მისი მამაცი სული“, - აღნიშნავს ასხაბალი ალიბეკოვი.
ასევე ნახეთ ერთს სამუდამო პატიმრობა. დანარჩენებს? - უკრაინა ომის დამნაშავეებს ასამართლებს„პუტინო! წადი სახლში, ცოლს მიხედე!“
2018 წელს, როდესაც ნოვოროსიისკში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მსახურობდა, ალიბეკოვმა „ველური მედესანტის“ სახელით ჩაწერა ცნობილი ვიდეომიმართვა, რომელშიც მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემა, უკრაინის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამო.
„მომისმინე, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინო! წადი სახლში, წადი ცოლთან, ცოლს მიხედე! მოასვენე რუსეთი, დაანებე მას თავი! შენ უკვე 20 წელიწადია ხელისუფლებაში ხარ, ცრუობ, რომ უკრაინაში ჩვენი ჯარისკაცები არ არიან, ჩვენს ჯარისკაცებს უკრაინელ ხალხს უპირისპირებ! უკრაინელი ძმები, ჩვენი ძმები არიან! თუ შენ დახოცავ უკრაინელებს, შემდეგ ვისი ჯერი დადგება? ბელარუსების? შემდეგ თათრების? ყველა სასაფლაო გადატვირთულია ახალგაზრდა ბიჭების საფლავებით. ყველამ იცის სიმართლე, მაგრამ ყველა დუმს“, - ასეთი სიტყვებით მიმართა რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალს „ველურმა მედესანტემ“, ასხაბალი ალიბეკოვმა, რომელიც ამ მიმართვის შემდეგ 10 დღით დააპატიმრეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
თავის ბლოგებში აწ უკვე აქტივისტი ალიბეკოვი ჰყვება, რომ ცდილობს შეაჩეროს უკრაინაში მიმდინარე ომი და მოუწოდებს მოქალაქეებს, მოაწყონ ანტისაომარი პიკეტები. ადრე მან ნოვოროსიისკის ხელმძღვანელობას ნებართვა სთხოვა საჯარო ღონისძიების მოწყობის თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო, თითქოს იგი თავის მოქმედებით რუსეთის არმიის დისკრედიტაციას ეწეოდეს.
„არ მესმის, თუ ვის დისკრედიტაციას იწვევს ჩემი საქმიანობა? მე ვცდილობ შევაჩერო სისხლისღვრა, სასიკეთო საქმით ვარ დაკავებული. ვცდილობ გადავარჩინო ჯარისკაცების, ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე, ვცდილობ დავაბრუნო სახლებში რუსი ჯარისკაცები, რათა ისინი არ იღუპებოდნენ სხვა ქვეყანაში“, - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში ალიბეკოვი.
რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის 107-ე დღეს, რუსეთსა და მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ უსამართლო ომში მონაწილეობასა და მეთაურების უკანონო ბრძანებების შესრულებაზე.
მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, რომ საჯარო სივრცეში არ მოხვდეს ასეთი პროტესტის ამსახველი ინფორმაცია, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა მსგავსი მასობრივი დაუმორჩილებლობის რამდენიმე ფაქტი.
19 მაისს ნალჩიკის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლაზე უარის თქმის გამო გათავისუფლებული ეროვნული გვარდიის 115 თანამშრომლის სარჩელზე წინასწარი მოსმენები გამართა.
ამის შესახებ „ტელეგრამის“ არხით ცნობა ადამიანის უფლებათა ჯგუფ „აგორას“ ხელმძღვანელმა, პაველ ჩიკოვმა გაავრცელა. აპრილში ადვოკატმა განაცხადა, რომ რუსეთის გვარდიის სამხედროებმა და თანამშრომლებმა „აგორას“ იურიდიული დახმარებისთვის 17 ქალაქიდან, მათ შორის, კრასნოდარიდან, ვლადიკავკაზიდან, ნალჩიკიდან, ჩერქესკიდან და სტავროპოლიდან მიმართეს. ჩიკოვის თქმით, ყველამ განაცხადა იმ ზეწოლის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც უკრაინაში წასვლაზე უარის თქმის გამო დაემუქრათ.
კრასნოდარიდან „როსგვარდიის“ ომონის „პლასტუნის“ ოპერატიული დანაყოფის 12-მა სამხედრო მოსამსახურემ უარი თქვა ანექსირებულ ყირიმში უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უარის მთქმელებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ.
ასევე ნახეთ უკრაინაში წასვლაზე უარის გამო გათავისუფლებული ეროვნული გვარდიელების სარჩელს ნალჩიკის სასამართლო განიხილავსყოფილი სამხედრო, ასხაბალი ალიბეკოვი მიიჩნევს, რომ სამხედრო მოსამსახურემ არ უნდა შეასრულოს დანაშაულებრივი ბრძანება მაშინაც კი, თუ ასეთი ბრძანება სამშობლოს სახელით იქნება გაცემული.
„მეთაურები გასცემენ ბრძანებას: წადი და მოკალი. ისინი ამბობენ: შენ სამშობლოს წინაშე მოვალე ხარ, ბრძანება უნდა შეასრულოო. მაგრამ ბრძანებას იძლევა არა სამშობლო, არა მოხუცები და ბავშვები, არამედ კონკრეტული მეთაური. სამხედროებს ჩააგონებენ მონურ მორჩილებას მეთაურების წინაშე, მათში კლავენ პიროვნებას, ისინი ხდებიან უსულგულო მორჩილი მანქანები. მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში არსებობს არჩევანი და დღესაც სამხედროებს აქვთ არჩევანი - შეასრულონ სხვისი ბრძანება, წავიდნენ და მოკლან, თუ დარჩნენ ადამიანად, პირნათელი საკუთარი თავის წინაშე“, - ამბობს ყოფილი მედესანტე და დასძენს, რომ საშიში ის კი არაა, ვინც ბრძანებას გასცემს, საშიშია ის, ვინც ამ ბრძანებას ასრულებს, ვინც ჩახმახს ხელს გამოჰკრავს და რაკეტას უშვებს. რადგან პოლიტიკოსები მკვლელობას სწორედ მათი ხელით სჩადიან.
„როდესაც დანაშაულებრივ ბრძანებას გაძლევენ, სჯობს ციხეში ჩაჯდე. არ უნდა შეგეშინდეს, დაწერო პატაკი გადადგომის თაობაზე, რადგან მეთაურები ვერაფერს გიზამენ. თუ უარეს შემთხვევაში ციხეში მოხვდები, იქაც ადამიანები ცხოვრობენ: ოთხი კედელია და სამჯერადი კვება“, - ხუმრობით ამბობს ასხაბალი ალიბეკოვი, რომელიც თავისი კრიტიკული საჯარო გამოსვლების გამო არაერთხელ მისცეს პასუხისგებაში, მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს და არც ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს.
„თუ წაიკითხეთ, რომ „ველურ მედესანტეს“ რაიმე შეემთხვა, იცოდეთ, რომ ეს იქნება ძალოვნების ნახელავი. ისინი მე მდევნიან. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ჩემს ადგილს სხვა დაიკავებს“, - სწამს ასხაბალი ალიბეკოვს.