"არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!" - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე მას შემდეგ, რაც მის განცხადებას საქართველოს ევროპული მომავლის უალტერნატივობის შესახებ მოჰყვა მსჯელობა, ხომ არ აპირებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას შეწყალებას.
სალომე ზურაბიშვილმა ამ პოსტის გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე ვიდეომიმართვაში თქვა, რომ "არავინ ღირს ევროპული მომავლის ფასად - არც სააკაშვილი, არც გვარამია, არც ივანიშვილი."
საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელიდან, სადაც იტალიაში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა "საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად" და 9 ივნისს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში, "ქალები კონფლიქტებში".
სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 10 ივნისს, ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მან მთავრობისგან კიდევ ერთი უარი მიიღო საერთაშორისო ვიზიტების განხორციელებაზე და რომ სახელისუფლებო გუნდის განცხადებები არ აძლევს საშუალებას, ეფექტურად დაიცვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხი პარტნიორებთან.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: არავინ ღირს ევროპული მომავლის ფასად - არც სააკაშვილი, არც გვარამია, არც ივანიშვილი"მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.
მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს", - თქვა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: არ შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობაამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონდა თავისი პოზიცია დაფიქსირებული პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ცნობილი იყო ამ საკითხზე მისი პოზიცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით - "არა და არასდროს".
9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციარეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.
ასევე ნახეთ ხუნდაძე: თუკი კანდიდატობაზე უსამართლო ვალდებულებებს მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ