9 ივნისს დამტკიცებულ კრიტიკულ რეზოლუციაში „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დაცულობის ხელყოფის შესახებ“, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ პერსონალური სანქციების დაწესების განხილვას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილსადმი, რომელსაც, როგორც რეზოლუციაში ჩაიწერა, კავშირები აქვს კრემლთან და „დესტრუქციულ როლს“ თამაშობს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში.
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ასევე 9 ივნისს მიღებულ დეკლარაციაში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა განაცალკევეს უკრაინისა და მოლდოვის მკაფიო მხარდაჭერისგან, და თქვეს, რომ საქართველოსთან სამუშაოა, იმავე სტატუსის მისაღებად.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ფეიკია“ და „ჩალის ფასი აქვს“ რეზოლუციას, რომელსაც „კრიმინალების მფარველების“ მიერ „შეცდომაში შეყვანილი“ ასობით ევროპელი დეპუტატი უჭერს მხარს და ყოველივე ეს [კრიტიკა, ზეწოლა] „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზანს ემსახურება.
თუკი საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, „ოცნება“ ოპიზიციისა და ევროპელთა კულუარულ ამბებსა და „პირად საუბრებს“ გამოამზეურებს - ეს მუქარა დღეს ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა.
- სადამდე შეიძლება მივიდეს „ქართული ოცნების“ დაპირისპირება ევროპელ პოლიტიკოსებთან?
- იხურება თუ არა „შესაძლებლობის ფანჯარა“ და ეტყვიან თუ არა საქართველოს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?
არა უპირობოდ
„ადამიანის უფლებების დარღვევები ჩინეთში, ნიკარაგუასა და საქართველოში“ - ასეთი სათაურის პრესრელიზი ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 9 ივნისს გამოქვეყნდა და ის, საქართველოს შემთხვევაში, ევროპარლამენტარების მიერ ამავე დღეს დამტკიცებული მწვავე რეზოლუციის შესახებ იუწყება.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია„თუკი საქართველო შეასრულებს ამ პირობებს, ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს მოწოდებით, რომ იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, - პრესრელიზის ტექსტში მოყვანილი ამ წინადადებით ჩანს, რომ ევროპარლამენტი ამ ეტაპზე, პირობების შესრულებამდე, არ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს მიდგომა, რეზოლუციის ტექსტის გარდა, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების განცხადებაშიც აისახა.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები თბილისისგან ცვლილებებს მოითხოვენ - "შედეგები გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის ევროპული საშვის მისაღებად"
9 ივნისს დამტკიცებულ განცხადებაში ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართავენ, რომ - მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს შეთხვევაში „იმუშაონ საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებლად“.
მანამდე, განცხადების 7 ივნისს გავრცელებულ პროექტში საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად იყო მოხსენიებული.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუცია "ფეიკების" შედეგია, ჩალის ფასი აქვს
ევროპარლამენტი უშუალოდ არ იღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტი ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე და არც ევროპარლამენტის რეზოლუციაა სავალდებულოდ შესასრულებელი, მაგრამ, როგორც ბრუსელის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მკვლევარი, ანა ანდღულაძე განმარტავს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“, „ევროპელი ხალხის მიერ არჩეული“ ევროპარლამენტარების „ნებისმიერი პოზიცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის, ასევე წევრი სახელმწიფოებისთვის“ და ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია.
თუკი საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს კულუარული ინფორმაციის გამომზეურებით ემუქრება.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლიანობითა და ეკონომიკური წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავისი რეაქცია ექნება...
გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას მივაწვდით მეტ ინფორმაციას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია პასუხზე მინიშნებად შეიძლება იქნეს აღქმული
ის ამბობს, რომ ევროპარლამენტარების რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“ და სრულ ფეიკს წარმოადგენს. მსგავსი განცხადებები დღეს „ქართული ოცნების“ ბევრმა წარმომადგენელმა გაიმეორა.
ასეთი „გამომწვევი განცხადებების“ ფონზე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველომ მართლაც ვეღარ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, „ასეთი მიდგომებით, შესაძლოა, საქართველო, ბელარუსის მსგავსად, თანდათან იზოლაციაშიც მოექცეს. ბელარუსიც თანდათან მოხვდა იქ, სადაც მოხვდა“.
კაკაჩიას უკვირს, რომ „ქართული ოცნება“ არც საკუთარი პოლიტიკური ოჯახის - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ - წარმომადგენელი ევროპარლამენტარების კრიტიკას უსმენს.
ძველი საყვედურები და სიახლე
მედიასა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხთან ერთად, ევროპელები სანქციებს ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო და ხაზგასმულია სასამართლო რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა.
ტექსტში დაგმობილია 5 ივლისის მოვლენები და ჟურნალისტებზე მასობრივად მიტანილი იერიში.
ყურადღება გამახვილებულია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სადავო განაჩენზე „რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას“. ტექსტი შეეხება ტელეკომპანიების - „პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს და პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების სადავო სამართალწარმოებას.
ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირების საკითხი და ნათქვამია, რომ მას „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
რეზოლუციაში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ამბავიც.
ასევე ნახეთ აფგან მუხთარლი: ჩემი გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადიცია ივანიშვილის დავალება იყო
ეს ის საკითხებია, რომლებზეც ევროპარლამენტარები, განსაკუთრებით ბოლო წლებსა თუ თვეებში, მუდმივად ამახვილებდნენ ყურადღებას.
ძირითადი სიახლე კი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომლის საკითხიც რეზოლუციის ტექსტში, დამატების სახით, 9 ივნისს შევიდა.
პირველად საქართველოს ახლო წარსულში, რეზოლუციაში დასახელებულია კონკრეტული პირი, რომელსაც ევროპარლამენტარები საქართველოში შექმნილი რთული მდგომარეობის შემოქმედად ხედავენ და ევროკავშირის ევროპულ საბჭოსა და ევროპელ პარტნიორებს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით“.
ტექსტში „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ“.
ევროკავშირი თავად ფლობს არაერთხელ ამოქმედებულ მექანიზმს, რომელიც მას კონკრეტულ პირებზე სანქციების დაწესების საშუალებას აძლევს.
„ოცნების“ პასუხი ევროპელ პოლიტიკოსებს
ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკი, მისი ღვაწლის ხაზგასმა და ქება დღეს „ოცნების“ არაერთმა ლიდერმა და უშუალოდ მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ, პარტიის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემაც იტვირთა.
მათ თქვეს, რომ სწორედ ივანიშვილის დამსახურებით აჯობა საქართველომ თავისი მაჩვენებლებით ბევრ ქვეყანას და მათ შორის - ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ „სწორედ მისი [ბიძინა ივანიშვილის] ლიდერობით გატარებული რეფორმების შედეგია ის, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაუჩნდა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს“.
ასევე ნახეთ ივანიშვილს ევროპარლამენტის რეზოლუცია ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს - კობახიძე ასევე ნახეთ ფული, ომი და პოლიტიკა - ვის და რატომ ბრალდება ივანიშვილის ტრანზაქციის შეფერხება?
ომში ჩართვა
ომში ჩართვის სცენარი 9 ივნისსაც ბევრჯერ ახსენეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. მათი ლოგიკაა, რომ - რეზოლუციის ტექსტი 10-მდე ევროპარლამენტარმა თავს მოახვია სხვა ასობით კოლეგას და, მათი შეფასებით, ეს სწორედ ის ჯგუფია, რომლის ქმედებებიც საბოლოოდ საქართველოს ომში ჩართვის მიზანს ემსახურება.
ირაკლი კობახიძის გარდა, ომის მსურველებზე დღეს ვრცლად ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„ჩვენ სხვაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს... დღეს რთულია ევროპაში იმ ნარატივის გატარება, რომ საქართველომ არ უნდა იომოს და დაიჭიროს ის პოზიცია, რაც აქვს. ამ საკითხზე ბევრს კამათობენ... ხელს ვადებ პირდაპირ - მათი [ნაციონალური მოძრაობის] ლობისტები და დავალელების მიმცემები... არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ გეგმაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მიდის მეორე ფრონტის გახსნამდე... ეს არის მათი გენერალური ინტერესი და, სამწუხაროდ, ამ გენერალური ინტერესის განხორციელებაში ჩართულია 10-ზე მეტი ევროპელი ჩემი კოლეგა“, - უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
პოლიტოლოგ გია ნოდიას შთაბეჭდილებით, „საქართველოს ომში ჩართვის“ ასე ხშირად ხსენება „ოცნების“ პოლიტკონსულტანტების ნაკარნახებს ჰგავს.
„ეტყობა, პოლიტკონსულტანტებმა გამოითვალეს, რომ ომში ჩართვაზე ლაპარაკი მომგებიანი გზავნილია და უთხრეს, დაარიგეს, რომ სადაც შეძლებენ, ყველგან ეს საკითხი ჩააკვეხონ... რაღაც ავტომატიზმია - სადაც მიკროფონიან ჟურნალისტს ნახავენ, სულ ამას იმეორებენ, რომ მოწინააღმდეგეებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ“, - გვეუბნება გია ნოდია.
ის ფიქრობს, რომ დასავლელი პარტნიორების ასე მოხსენიება და მათთან ასეთი შეუპოვარი ბრძოლა საქართველოში ანტიდასავლური განწყობების ზრდასაც უწყობს ხელს და სწორედ ასეთია ელექტორატის ანტიდასავლური ნაწილის დაკვეთაც, რომელზეც, გია ნოდიას დაკვირვებით, „ქართულმა ოცნებამ“ „ფსონის დადება“ სადღაც 2018 წლიდან გადაწყვიტა .
პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდოდეს კიდეც დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ, მისი შეფასებით, მმართველ პარტიას ახლა უფრო „ხელისუფლების შენარჩუნების მიზანი“ ამოძრავებს.
გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ფანჯარას ხურავს და ამ ფონზე, შემთხვევთი არ არის შემოთავაზება რუსეთის მხრიდან.
„როცა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დახუროს ფანჯარა ევროკავშირთან, უცბად [სერგეი] ლავროვი გვევლინება წინადადებით... თუკი ვინმეს საქართველოში ექნება ცდუნება, წავიდეს ქართველების 80%-ის ნების წინააღმდეგ, თავდაპირველად სთხოვეთ ლავროვს, სწრაფად დახატოს საქართველოს ისეთი რუკა, როგორიც მას წარმოუდგენია“, - ამ წარწერით აზიარებს ევროდეპუტატი ინფორმაციას, თუ როგორ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი - შეუერთდეს თურქეთის მიერ ინიცირებულ ფორმატს „3+3“, სადაც თავად რუსეთიც აქტიურობს.
ამ ფორმატზე ადრე უარი აქვს ნათქვამი საქართველოს ხელისუფლებას.
დარჩენილ დროში...
ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ საქართველო ევროპულ მომავალს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო კარგავს და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული.
ასევე ნახეთ ნიკა მელია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ვცდილობდით წინ დავდგომოდით ამის დადგომას9 ივნისს, ისინი მთელი დღის განმავლობაში მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ დარჩენილი დრო გამოიყენოს ბრიუსელისთვის მონდომების საჩვენებლად და ზოგიერთი პრობლემის გამოსასწორებლად.
რადგანაც რეზოლუციაში მთავარი აქცენტები „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სადავო განაჩენსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის არასათანადო დაცვაზე კეთდება, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, კარგი გამოსავალი იქნებოდა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ; ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში - საერთაშორისო ექიმების ჩამოყვანა და „ჰუმანიტარული მიზნებით“ მის საზღვარგარეთ გადაყვანაზე მსჯელობის დაწყება.
ფრაქცია „ლელო“ ხელისუფლებას ურჩევს, დაუბრუნდეს „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომელსაც „ოცნება“ ცალმხრივად გამოეთიშა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვიანებით მოაწერა ხელი. „ამით ევროპელი კოლეგები დაინახავენ, რომ მთავრობა გონს მოვიდა, ოპოზიციის ის ნაწილიც სხვაგვარად ფიქრობს, ვინც თავის დროზე ამ პროცესს არ შემოუერთდა ან დააგვიანა და საერთოდ, ჩვენ ყველანი გონს მოვეგეთ“, - თქვა 9 ივნისს „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა.
დღის ბოლოს, ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა ისევ ტვიტერზე დაწერა, რომ ჯერ კიდევ არის ცოტა დრო ევროკავშირის სამიტამდე, რომ საქართველოს პოლიტიკოსებმა დაიწყონ ვითარების გამოსწორება, „შეწყვიტონ პოლარიზაციის ენა, ისევ შეუერთდნენ 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყონ მართლმსაჯულების გაუმჯობესება და შეაჩერონ რუსეთის დეზინფორმაცია“.