8 ივნისს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, რომლის თემა იყო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.
მან თქვა, რომ ამ საქმეში მრავალ ადამიანს აქვს წვლილი შეტანილი და დასძინა: „მათ შორის უმნიშვნელოვანესი პირები, ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და დღევანდელი დებატების ობიექტი, ნიკა გვარამია, გრძნობენ რა ამ მომენტის ისტორიულ მნიშვნელობასა და ისტორიულ საფრთხეს, რომლის წინაშეც მათი ქვეყანა დგას, ახლანდელი მთავრობისადმი მათი კრიტიკის მიუხედავად, მოგვმართავენ ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს თხოვნით, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, არ დავტოვოთ საქართველო პოსტ-საბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში. მეც, როგორც წარსულში კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე, ვგრძნობ ამას და მეც მოგიწოდებთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი: ბიძინა ივანიშვილი დესტრუქციულ როლს თამაშობს
"საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ" ევროპარლამენტში რეგისტრირებულია რეზოლუციის 7 პროექტი. 9 ივნისს ევროპარლამენტი კენჭს უყრის შეთანხმებულ ტექსტს, რომელიც კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მასობრივ ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ და რომლის ორგანიზატორები დღემდე არ არიან გასამართლებული; "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობას საეჭვო ბრალდების საფუძველზე; რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს; საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციას მიიღებს
ევროპარლამენტარების სამი ჯგუფის სახელით (EPP, Renew Europe, ERC) კენჭს უყრიან რეზოლუციის შესწორებასაც, რომელშიც, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გამოხატულია შეშფოთება "იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით", ასევე საუბარია ივანიშვილის პირად კავშირებზე კრემლთან, "რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ... [რეზოლუცია] მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღების შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო". მოსალოდნელია, რომ ეს შესწორება ვერ მოაგროვებს საკმარისი რაოდენობის ხმებს.