8 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებზე.
დებატები გახსნა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა, რომელიც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია.
ლექსმანის თქმით, სამწუხაროდ ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებს ვამჩნევთ. „მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი.“
ამასთან, ლექსმანი გამოვიდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით. „მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება იმ დესტრუქციული როლისთვის, რასაც ის ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს.
როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია მდუმარედ ვუყუროთ ქართული დემოკრატიის რეგრესს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, - განაცხადა მირიამ ლექსმანმა.
"საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ" ევროპარლამენტში რეგისტრირებულია რეზოლუციის 7 პროექტი. 9 ივნისს ევროპარლამენტი კენჭს უყრის შეთანხმებულ ტექსტს, რომელიც კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მასობრივ ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლის ორგანიზატორები დღემდე არ არიან გასამართლებული; "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობას საეჭვო ბრალდების საფუძველზე; რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს; საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციას მიიღებს
ევროპარლამენტარების სამი ჯგუფის სახელით (EPP, Renew Europe, ECR) კენჭს უყრიან რეზოლუციის შესწორებასაც, რომელშიც გამოხატულია შეშფოთება "იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით", ასევე საუბარია ივანიშვილის პირად კავშირებზე კრემლთან, "რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ... და მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღების შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო". მოსალოდნელია, რომ ეს შესწორება ვერ მოაგროვებს საკმარისი რაოდენობის ხმებს.