საოკუპაციო ღობე გუგუტიშვილის სახლსა და მიწის ნაკვეთთან გადის. მას სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაუქურდეს და დაუწვეს. მას შემდეგ მისი ოჯახი, ოდნავ მოშორებით, სოფლის დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. დიმიტრი ნახევრად დანგრეულ სახლთან მაინც ყოველდღე მიდის, იქვე ბოსტანს ამუშავებს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებსაც ხედავს. აკვირდება, როგორ აახლებენ ისინი საოკუპაციო ღობეებს.
7 ივნისს ერგნეთში გამართული შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ განახლებული ე.წ. ბორდერიზაცია იყო. საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის მოწყობა ბოლო ხანს ისევ დააჩქარეს და ღობეებს ავლებენ შიდა ქართლის პრაქტიკულად ყველა, განსაკუთრებით კი, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის თანახმად, ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალებმა აღმართეს მეტალის კონსტრუქციები, გაავლეს ხნულები და განაახლეს ბარიერები. ანთაძემ ბორდერიზაციის გააქტიურების რამდენიმე მიზეზი დაასახელა, მან ისიც თქვა, რომ ოკუპირებული ახალგორის გზის გახსნის საკითხი ჯერ ისევ ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ახალგორელებს ამის პირობა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მისცა.
ასევე ნახეთ ერგნეთის 107-ე შეხვედრა - პატიმრების გათავისუფლების და „ბორდერზაციის“ შეჩერების მოთხოვნა
ზარდიანთკარსა და გუგუტიანთკარში ომის შემდეგ ასობით ჰექტარი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა და ადგილობრივი მოსახლეობა მას ვეღარ ამუშავებს.
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვართან დაკავებული 7 მოქალაქე. მათ შორის, 2021 წლის დეკემბერში დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე და 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან. ერგნეთის შეხვედრამდე დაკავებულების ოჯახების წევრებსა და მეგობრებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ამნისტიის აქტს გამოსცემდა და მათ გაათავისუფლებდა. ერგნეთის მცხოვრების ლია ჩლაჩიძის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერი მიდგომებს არ ცვლის. მისი აზრით, გაგლოევმა ჰუმანური ნაბიჯი უნდა გადადგას.
ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ქართველი პატიმრები „შეიწყალოს“, ირაკლი ანთაძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
„მთავარი განხილვის საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ბედი. რაც შეეხება კონსენსუსს, ამაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, როდესაც ჩვენ მათ გადმოვიყვანთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე როგორც ეს იყო სხვა შემთხვევებში, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შვიდ უკანონო პატიმარს... ვცდილობთ, მივაღწიოთ პროგრესს“.
ოსურმა მხარემ კი კვლავ მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნა. ამის შესახებ ცხინვალელ ჟურნალისტებს უთხრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა. მისი თქმით, სამშაბათს სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე.
„არაკანონიერი საგუშაგოს საკითხი მისი განთავსების დღიდან, ყოველ ჯერზე დგება დღის წესრიგში, მიმდინარეობს ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და ყოველ ჯერზე სამხრეთი ოსეთი პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს ვთავაზობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მისი გადაჭრის პირველი ნაბიჯი ჩვენი ტერიტორიიდან საგუშაგოს გატანაა“, - შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
კოჩიევმა განმარტა, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ (დაახლოებით ორ თვეში) ე.წ. სახელმწიფო საზღვარი საქართველოს თორმეტმა მოქალაქემ დაარღვია.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება, მანამდე მხარეები კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით გააგრძელებენ.