საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რომელიც ბევრი წელია მომხმარებელთა უფლებებს იცავს, ეჭვობს, რომ საქართველოში სათანადოდ არ იძიებენ რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის შემთხვევებს.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ამბობს, რომ პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით ან სხვა ინგრედიენტებით, რძის პროდუქტი არ არის. ხოლო ეტიკეტზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია.
თუ ეს წესი ირღვევა, მომხმარებელი ტყუვდება და ის რძის ნაწარმის ნაცვლად, სხვა პროდუქტს იძენს. ეს ცვლილება დადგენილია კანონით 2015 წლიდან. კანონის შესრულებაზე კონტროლი სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) ევალება.
თუ სააგენტოს ვებსაიტზე შეიხედავთ, ნახავთ, რომ წელიწადში პროდუქციის რამდენიმე ათეული ნიმუში მოწმდება. დარღვევების პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მეწარმეებს ავალებს, შეწყვიტონ პროდუქტების გაყიდვა და მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო 200-დან 600 ლარამდე აჯარიმებს.
რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობას სააგენტოს პარალელურად, წლებია ამოწმებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიც.
მაგალითად, ცენტრის მიერ 2020 წლის შემოწმების შედეგების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 40 დასახელების რძის პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე ლაბორატორიული შემოწმებით გამოვლინდა, რომ მათგან 6 პროდუქტში მცენარეული ცხიმია.
მათ შორის იყო არაჟანი „ქობულეთური“, რძე „მალკო“, ნაღების კარაქი „რანინა“ და კარაქი „პრეზიდენტი".
სეს-ის მიერ ჩატარებული მოკვლევების შედეგები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ასევე ნახეთ იმპორტული პასტა ქართული რძის ნაცვლადზოგიერთმა მწარმოებელმა კანონი არაერთხელ დაარღვია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სანქციები და კონტროლის მასშტაბი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ პრობლემის გადასაჭრელად.
2021 წელს სეს-მა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (ეს უწყება პასუხისმგებელია ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე) გადაუგზავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რძის ნაწარმში (5 შემთხვევა) მცენარეული ცხიმები გამოავლინა.
სტრატეგიული კვლევების ცენტრისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მათ არ მიუღიათ ინფორმაცია, თუ როგორ მიდიოდა ამ 5 შემთხვევაზე გამოძიება.
ცენტრში მიიჩნევენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არ მიმართავს.
ცენტრს საყურადღებოდ მიაჩნია ისიც, რომ 2021 წლის 16 სექტემბრამდე გამოვლენილი 10 დარღვევიდან სააგენტომ საგამოძიებო სამსახურს მხოლოდ 7-ზე მიაწოდა ინფორმაცია.
რატომ არ ეცნობა შესაბამის სამსახურს დანარჩენ 3 შემთხვევაზე? ამ კითხვის დასმის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურს დამატებით გაუგზავნეს შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ ის სამი კონკრეტული პროდუქტი, რძის ცხიმების გარდა, შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმსაც - საუბარი იყო, მაგალითად, ბელარუსულ კარაქზე, რომელსაც „სლუცკის ყველის კომბინატი“ აწარმოებდა (მისი დისტრიბუტორი იყო შპს „დავითი“), ასევე გურჯაანის ნაყინზე, „პლომბირი ვანილის არომატით“ (მწარმოებელი შპს „აისი) და ნაყინზე „პინგო“ (მწარმოებელი შპს „4 ბროსი“).
ასევე ნახეთ არის თუ არა რძის ნაწარმში რძე?ამავე წერილში სააგენტო მოითხოვდა რეაგირებას და წერდა, რომ ეს ფაქტები, შესაძლოა, შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაკი ეტიკეტზე არ იყო მითითებული, რომ პროდუქციაში შედიოდა მცენარეული ცხიმიც.
სტრატეგიული კვლევების ცენტრმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ჰკითხა, თუ რა ბედი ეწია დარღვევების შესახებ შეტყობინებებს. საბოლოოდ გაირკვა, რომ 7 შემთხვევიდან გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე დაიწყო. 1 ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან მწარმოებელი უცხოური კომპანია იყო და მისი პროდუქტები საქართველოში აღარ იყიდებოდა.
2022 წლის აპრილში ცენტრმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ისევ მოიკითხა, როგორ მიდიოდა გამოძიება - როგორც მათი პასუხიდან ირკვევა, 3 შემთხვევაში - ფალსიფიცირებული პროდუქტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტი არ დადასტურდა, 3 შემთხვევაში სავაჭრო ქსელში სავარაუდოდ ფალსიფიცირებული პროდუქტი აღარ იყიდებოდა, 1 შემთხვევაში - ფალსიფიკაციის ფაქტი დაადგინეს და საწარმოს მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყო, ხოლო 2 შემთხვევის გამოძიება გრძელდება.
ასევე ნახეთ როდის გახდება სურსათი უვნებელი?საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ პასუხს შემხვედრი კითხვები მოჰყვა:
- როგორ შეიძლებოდა, არ დადასტურებულიყო ფალსიფიკაცია მაშინ, როდესაც შეტყობინებების გაგზავნამდე სეს-მა სურსათის ნიმუშებში მცენარეული ცხიმი ლაბორატორიული კვლევებით იპოვა?
- რატომ არ გაგრძელდა დანარჩენ 3 შემთხვევაში გამოძიება, როცა სავარაუდო დანაშაული უკვე ჩადენილი იყო?
"ეს იგივეა, ადამიანმა რამე რომ მოიპაროს და თქვან, ახლა აღარ იპარავს და ამიტომ აღარ დავიჭერთო. თუ არავის პასუხისმგებლობა არ დადგება, ისევ გამეორდება იგივე“, - ამბობს ვახტანგ კობალაძე.
ამ კითხვებზე საგამოძიებო სამსახურმა ცენტრს მისწერა, თქვენც არც მხარე ხართ და არც დაზარალებული ამ საქმეში, ამიტომ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდითო.
რძის ნაწარმზე სააგენტომ შეტყობინებების გაგზავნა საგამოძიებო სამსახურისთვის მხოლოდ 2021 წლიდან დაიწყო. სეს-ის ინფორმაციით, დარღვევების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯერ არავის დაჰკისრებია.
„ნებისმიერი ქვეყნის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვებსაიტს რომ ჩახედოთ, ნახავთ, რომ მუდმივად არის გაფრთხილებები, რომ ასეთი დარღვევა მოხდა და მოუწოდებენ მოსახლეობას, არ მოიხმარონ ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენთან ეს პრაქტიკულად არ ხდება, თითო-ოროლა შემთხვევას თუ არ ჩავთვლით“, - ამბობს ვახტანგ კობალაძე.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ საქართველოში დღემდე შეუფერხებლად მუშაობენ საწარმოები, რომლებიც წესებს რეგულარულად არღვევენ და თან დიდი რაოდენობით პროდუქციას აწარმოებენ.
„გამოდის, რომ კონტროლის და სადამსჯელო მექანიზმის ეს ფორმები არ მუშაობს, რაკი მაინც არღვევენ კანონს“, - გვითხრა ვახტანგ კობალაძემ.
მაგალითად მას მოჰყავს შპს „რესპუბლიკის“ პროდუქცია - ამ კომპანიის რძის ნაწარმში 2019-2021 წლებში მცენარეული ცხიმი 11-ჯერ გამოვლინდა, როგორც ცენტრის, ისე სეს-ის მიერ ჩატარებული შემოწმებების დროს.
ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დირექტორი, რუსუდან გიგაშვილი ჩვენთან საუბარში კიდევ უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევს „იატაკქვეშა ბაზარს“, რომელიც საერთო ბაზრის საკმაოდ დიდ წილს მოიცავს.
„ეს არის მთლიანად მცენარეულ ცხიმზე აწყობილი, გაურკვეველი წარმოშობის ფხვნილებით დამზადებული პროდუქცია, რომელიც ძალიან წარმატებულად გაიწოვება ბაზარზე. ამ შემთხვევაში ყველს ვგულისხმობ, რომელიც ცალკეც შეიძლება იყიდოთ და რომელსაც იყენებენ კვების ობიექტებში, ხაჭაპურის თუ სხვა პროდუქციის დასამზადებლად. ამიტომ ვამბობთ მუდმივად, რომ სააგენტომ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად უნდა იმუშაოს, რომ ეს ბაზარი კარგად გაკონტროლდეს - მაგალითად, როცა ფინანსთა სამინისტროს სამსახური ნახავს, რომ კონკრეტულ საწარმოს აქვს ათასი კილო ყველის შესყიდვის დოკუმენტი, სეს-ს ჰქონდეს უფლება, რომ ბოლომდე ჩაეძიოს, ამ ათასი კილოდან ათასივე კილო ყველი იყო? ვერაფრით ასეთი შეთანხმებული მუშაობა ვერ მოხერხდა“, - ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
ეტიკეტირებული პროდუქციის შემთხვევაში, მისი თქმით, დარღვევაზე რამდენჯერმე თვალის დახუჭვა იწვევს იმას, რომ მწარმოებლებიც ეჩვევიან, რომ მათ პასუხს არავინ სთხოვს. და არცთუ იშვიათად, ამბობს რუსუდან გიგაშვილი, წესებს არღვევენ საკმაოდ დიდი საწარმოები, ეს იცის სახელმწიფომაც.
„საქართველოში ბიზნესი ჯერ ისევ ეძებს გასაძრომ ხვრელებს და თუ მას სახელმწიფო სწორად არ დაუხვდა, ყოველთვის იქნება ეს პრობლემა. ყოველთვის დაიჩაგრება მომხმარებელი“.
რადიო თავისუფლებამ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც ჰკითხა, რადგან რეგლამენტს კომპანიები მაინც არღვევენ, არცთუ იშვიათად კი კანონს ერთი და იგივე კომპანია უვლის გვერდს, რაში ხედავს სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრის გზებს და მათ ხელში არსებული ბერკეტები: გაფრთხილება, ჯარიმა, რამდენად ეფექტიანად მუშაობს რეალურად?
სააგენტოდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.