ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში ლექსო ლაშქარავაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბრატისლავა. 3 ივნისი, 2022 წელი

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (Globsec2022) მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში იღებდა მონაწილეობას მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად, "ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ჰკითხეს.

"თქვით, რომ მოგწონთ თქვენს ქვეყანაზე საუბარი, იკითხეთ, რატომ არ უნდა მისცენ საქართველოს ეს სტატუსი (ევროკავშირის წევრობის კანდიდატის, ავტ), ჩემი კითხვაა და მინდა გასულ წელს დავუბრუნდეთ, 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს თბილისის ცენტრში „თბილისი პრაიდის“ მიმდინარეობისას, როდესაც დაესხნენ ულტრამემარჯვენეები, თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. გაიმეორებს თქვენი ხელისუფლება წელსაც იგივე შეცდომას თუ დადგება რეალურად ევროპული ღირებულებების დასაცავად?“ - ჰკითხეს დარბაზიდან ირაკლი ღარიბაშვილს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პასუხის გაცემა 2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა მოქალაქე, მათი ორიენტაციის მიუხედავად. ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვის ავტორს ფაქტების მცდარობაზეც მიუთითა.

უპირველეს ყოვლისა, მინდა შეგახსენოთ, რომ 2014 წელს ჩვენ დავამტკიცეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რათა აღმოფხვრილიყო ყველა ტიპის დისკრიმინაცია და გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა. და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოში არის გამოწვევა, მსგავსი საკითხები. მაგრამ ეს ინფორმაცია არასწორია - ბატონმა ბრძანა, რომ ოპერატორი მოკლეს ამ დაპირისპირებისას. არ მინდა შეგაწყინოთ დეტალებით და მოკლედ მოგახსენებთ - პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ისინი გასამართლდნენ და ციხეში არიან. სახელმწიფოს ვალდებულებაა თითოეული მოქალაქის დაცვა, მათი ორიენტაციისა და მსგავსი რაღაცების გარეშე და მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა იცავს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2021 წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეთა თავდასხმისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის იყო "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ის 11 ივლისს, დილით, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ მას თვალბუდის ფსკერის დაზიანებები, მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, ასევე თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, ეს სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ დასახელებულა.

2021 წლის 5 ივლისის საქმეზე 30-ზე მეტი დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ეპიზოდში მონაწილე ყველა პირს. თუმცა, ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

ასევე ნახეთ შს მინისტრის მოადგილე „თბილისი პრაიდის“ მისამართით "ალტ-ინფოს" მუქარაზე - აღკვეთილი იქნება ყველა ძალადობრივი ქმედება

წელს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" აღარ გამართავს, თუმცა რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლით იმუქრებიან. მუქარას მეორე დღეს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. მისი თქმით, სახელმწიფო დაიცავს კანონით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის უფლებას და აღკვეთს ძალადობის ფაქტებს, თუკი ასეთს ადგილი ექნება.

ასევე ნახეთ კონსტანტინე მორგოშიას თქმით, "პრაიდის" ფესტივალს წელს ჩაშლიან

2021 წლის 5 ივლისს, დილით, მაშინ, როდესაც "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა „ღირსების მარშის“ გამართვა. მისი თქმით, აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავდა, მოსახლეობის უმრავლესობისთვის "მარში" მიუღებელი იყო და შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარებულიყო.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მისი ალტერნატიულ ადგილას გამართვის რეკომენდაცია მიეცათ:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე ეგრეთ წოდებული პრაიდის, ამ "მარშის" ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ, პოლიციის მიერ შეფასებული რისკების შეფასება და ზოგადად საფრთხეების შეფასება უნდა იქნას მხედველობაში მიღებული და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი, ეს არის დასაგმობი