“ბორჯომის” ქარხნების გაფიცული თანამშრომლები აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ

"ბორჯომის" ქარხნების თანამშრომელთა აქცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან. 2 ივნისი, 2022 წელი

„ბორჯომის“ ორი ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან გამართული აქციის შემდეგ, მსვლელობით ქარხნის ტერიტორიისკენ გადაინაცვლეს.

მათი განცხადებით, სურდათ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან მოესმინათ პასუხი მიმართვაზე, აპირებენ თუ არა შეღავათი გაუწიონ უხელფასოდ დარჩენილ თანამშრომლებს კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნით მათ ადგილობრივ ხელისუფლებას ორი კვირის წინ მიმართეს. ისინი ბორჯომის მუნიციპალიტეტს შუამდგომლობას სთხოვდნენ ასევე ბანკებთან, ვინაიდან თანამშრომელთა ნაწილს ბანკის სესხი აქვს.

გაფიცულებს მუნიციპალიტეტიდან არავინ გამოხმაურებია. როგორც მათი უფლებების დამცველი პროფკავშირული ორგანიზაცია „ლაბორის“ ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, მომავალ კვირაში აქციები თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებს, პრობლემებისადმი ყურადღების მიქცევის მოლოდინით.

ასევე ნახეთ "ბორჯომის" ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ

ამასთან, დღეს, 2 ივნისს, გახდა ცნობილი, რომ თანამშრომელთა ნაწილს 29 აპრილამდე გამომუშავებული ხელფასის ნახევარი ჩაერიცხა. კერძოდ, თანხა მიიღო, როგორც საწარმოდან გათავისუფლებული 50 თანამშრომლის ნაწილმა, ასევე იმ თანამშრომელთა ნაწილმა, რომელიც გაფიცვას უერთდება. მათთვის უცნობია, რა პრინციპით იხელმძღვანელა კომპანიის ხელმძღვანელობამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით „IDS ბორჯომი საქართველოს“ ამ დროისთვის განმარტება არ გაუკეთებია.

გაფიცულები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" კუთვნილ ორ ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

  • უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა;
  • ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება;
  • ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა;
  • კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა, უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესის შემდეგ, 31 მაისს დაიწყო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობასთან აქციის პარალელურად სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული

"ბორჯომის" ორი ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვას 31 მაისს განცხადებით გამოეხმაურა N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი. მისი სიტყვებით, უცვლელი დარჩა დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთი, ნამუშევარი საათების ანაზღაურება ყველა თანამშრომლისთვის და შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა.

ასევე ნახეთ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის - "ბორჯომის" N1 ქარხნის დირექტორის განცხადება

მერაბ ახმეტელის თანახმად, „კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი... აღნიშნულ ვითარებაში კი, კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და დასაქმებული ადამიანები“.

მისივე სიტყვებით, "ბორჯომის" ორივე ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი, „გაფიცვაში კი მონაწილეობს თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი“.

გაფიცულთა უფლებების დამცველი პროფკავშირული გაერთიანება „ლაბორის“ თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, გაფიცვაში 400-მდე ადამიანია ჩართული.

მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, "ბორჯომის" ქარხნებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

"ბორჯომის" ქარხნების გაფიცული თანამშრომლების აქცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან

ქარხნებიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ, შექმნილი კრიზისის არგუმენტით, მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ, ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.

19 მაისს „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა.

ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ წინადადებას სწავლობენ, მოგვიანებით მის პირობებს შესასწავლად მიაწვდიან იუსტიციის სამინისტროსაც და მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია.

21 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია "ბორჯომის" წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.

„პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.