კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩო მოსამართლე ჩხიკვაძეზე "ქართულ ოცნებას" დუმილით დაეთანხმა

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დუმილით დადასტურდა, რომ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსამართლეზე დისკრიმინაცია არ მომხდარა. ასე უპასუხა ჟურნალისტებს კობახიძემ, რომელიც 24 მაისს აშშ-ის საელჩოს მოუწოდებდა განემარტა, რატომ ამოიღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე შეერთებულ შტატებში დაგეგმილი პროგრამის მონაწილეებიდან.

ცნობა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში ვეღარ გაემგზავრება, 20 მაისს გავრცელდა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეს იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეაქცია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებულ პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებაზე.

"ბრალდება ამერიკის საელჩოს მიმართ მათ [ოპოზიციამ] გააჟღერეს, როდესაც პირდაპირ აშშ-ის საელჩო დაადანაშაულეს მოსამართლეზე ზეწოლაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში, დისკრიმინაციაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში. ამას სჭირდებოდა ჩვენი მხრიდან რეაქცია, ვთხოვეთ აშშ-ის საელჩოს, გაევრცელებინა ამის საპირისპირო ინფორმაცია. ისიც გვესმის, რომ ამ განცხადების გაკეთება გაუჭირდებოდა საელჩოს, რადგან უხერხულია იმაზე საუბარი, რომ "დისკრიმინაციას არ ვაკეთებ". ჩვენ გვესმის აშშ-ის საელჩოსი - დადასტურდა პრაქტიკულად, რომ ის ბრალდებები, რომელსაც უყენებდა ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია.

ეს არის ის შემთხვევა, როდესაც დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი. არც ველოდით, რომ აშშ-ის საელჩო გააკეთებდა ისეთ განცხადებას, რომ "არ ჩავდივართ დანაშაულს", "არ ჩავდივართ დისკრიმინაციას"...

ვერც დავუშვებდით ამას, რომ ასეთ რამეს აშშ-ის საელჩო იკადრებდა. შესაბამისად, თემა დაიხურა, გაირკვა, რომ ტყუილში დებდა რადიკალური ოპოზიცია აშშ-ის საელჩოს ბრალს", - თქვა კობახიძემ.

გუშინ, 24 მაისს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან აშშ-ს საელჩოს მიმართა, მოსამართლე ჩხიკვაძეზე "სპეკულაციების დასასრულებლად" განცხადება გაევრცელებინა. კობახიძემ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება "რბილად რომ ვთქვა, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია".

"მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია.

თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო", - თქვა მან 24 მაისს.

ასევე ნახეთ კობახიძე აშშ-ს საელჩოს მიმართავს, განმარტოს, რატომ ამოიღეს სიიდან გვარამიას მოსამართლე

18 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამერიკული პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან გამართულ შეხვედრაზე საელჩოში. ამ მოსამართლემ 16 მაისს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე აშშ-ის პროგრამით ამერიკაში აღარ წავა

ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს; გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც წესი, არ აკეთებს კომენტარს მისი პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე.