"ქართული ოცნება" ჯერჯერობით ვერ ხედავს სათანადო საფუძველს საერთაშორისო პარტნიორებისგან მოთხოვნილი რეფორმების დასაჩქარებლად.
„უცხოელი ნაცები", "კრიმინალების მფარველები“, "ანტიევროკავშირი" - ამ სიტყვებით ხელისუფლების წარმომადგენლები ძირითადად საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარების ჯგუფს ახასიათებენ, თუმცა იმ საერთაშორისო პარტნიორების წრე, რომელთა კრიტიკასაც ხელისუფლება ასევე არ იზიარებს, უფრო ფართოა, საქართველოში მოქმედი დიპლომატებისა თუ აშშ-ის წარმომადგენელთა ჩათვლით.
- რა არგუმენტები აქვს "ქართულ ოცნებას" და რა შეფასებები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს?
- რა დგას მწვავე დაპირისპირების მიღმა და რამდენად მცირეა "ოცნების" კრიტიკის სამიზნე "მცირე ჯგუფი"?
საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა, მონაწილეობა მთავრობის "გადაყირავების" მცდელობაში, კრიმინალების მფარველობა, საქართველოს ომში ჩათრევის ხელშეწყობა - ამ და სხვა ბრალდებებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებმა ბოლო ორ დღეში არაერთი პირდაპირი იერიში მიიტანეს ევროპარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც, მათ შორის ამ ღია წერილში, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე ლაპარაკობენ და ასევე მიიჩნევენ, რომ „დამაჯერებელი მტკიცებულებების“ გარეშე „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების „გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს“.
ასევე ნახეთ კობახიძემ ევროპარლამენტარებს, ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ანტიევროკავშირი" უწოდაასევე ნახეთ კრამონი კობახიძის განცხადებაზე: ვინმე აღიქვამს მათ სერიოზულად? სევდიანი სანახაობაა
20 მაისს ევროპარლამენტარმა ფონ კრამონმა ტვიტერზე გააზიარა ირაკლი კობახიძის განცხადება სიტყვებით - „როგორ შეიძლება სერიოზულად მათი აღქმა?! რა სევდიანია ამის ყურება“.
განცხადებაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ არ შეუძლია „სერიოზული განცხადების გაკეთება“ ვიოლა ფონ კრამონზე და ამისთვის „ბევრი მიზეზი“ აქვს, „მათ შორის, პიროვნული ფაქტორების გამო“.
თუმცა ეს მხოლოდ ერთი ფრაგმენტია. 19 მაისს, "პირველი არხის" ეთერში კობახიძემ ევროპარლამენტარებს "კრიმინალების მფარველები" უწოდა და ევროკავშირის ფასეულობებთან შეუთავსებლობაშიც დასდო ბრალი, მან თქვა, რომ ამ „7-8 ევროპარლამენტარის“კრიტიკამ უკვე ფასი დაკარგა საქართველოში და მათი სიტყვები აღარავის აინტერესებს არც ხელისუფლებასა და აღარც ხალხში.
ვიოლა ფონ კრამონს წინა დღით კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმაც შეუტია და „უცხოელი ნაცების“ ჯგუფში, მასთან ერთად, ასევე გააერთიანა, მაგალითად, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი. ამ ჯგუფის მიზანიც დასახელდა - „გადააყირაონ ეს მთავრობა“. „მთავრობის გადაყირავებას“ კი, „ქართული ოცნება“ განიხილავს ოპოზიციის განზრახვად - მოვიდნენ ხელისუფლებაში და საქართველო ომში ჩაითრიონ.
რას ემსახურება ეს დაპირისპირება?
დასავლელ პარტნიორებთან „ქართული ოცნების“ ასეთ დაჟინებულ დაპირისპირებას ამომრჩევლებზე გათვლილ სვლად მიიჩნევს ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე თანამშრომლობდა „ქართულ ოცნებასთან“.
„ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი ნაწილი თვისობრივად ხასიათდება ისეთი ადამიანებით, რომლებიც ანტიევროპული, ანტიატლანტიკური მისწრაფებებით გამოირჩევიან... ეს [დასავლეთის კრიტიკა] არის მნიშვნელოვანი პოსტსაბჭოური ნოსტალგიის მქონე პირებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც თავს კონსერვატორებად მიიჩნევენ და რატომღაც თავისთავად გმობენ ლიბერალიზმის ფაქტორს... „ქართული ოცნება“ ამით ყველასაგან დამოუკიდებლობის იმიტაციას ქმნის“, - ეუბნება გამზარდია რადიო თავისუფლებას.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ქმედებები ძალაუფლების შენარჩუნების ძირითადი მიზნით არის განპირობებული.
შესაძლებელია თუ არა, დასავლეთთან დაპირისპირების გავლით, საქართველო რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდეს, რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ანალიტიკურ წრეებში?
არჩილ გამზარდიას იმედი აქვს, რომ დასავლეთი "ასე იოლად არ იტყვის უარს საქართველოზე", მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ, ძალაუფლების განმტკიცების გარანტიების მოპოვების პროცესში, ხელისუფლებამ მოკავშირედ რუსეთიც შეარჩიოს.
„მე ახლა არ ვთვლი, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა; მაგრამ ეს სწრაფვა [ძალაუფლების შენარჩუნების] იმდენად ძლიერი აქვს ხელისუფლებას, რომ თუ ის ამას ვერ მოახერხებს ბუნებრივი შეჯიბრებითობის პრინციპით, არ გამოვრიცხავ, რომ სცადოს, იყოს დამოკიდებული ისეთ სახელმწიფოზე [რუსეთზე - რთ], თუკი ამის [ძალაუფლების - რთ] გარანტორი იქნება... საქმე ის არის, რომ „ქართულ ოცნებას" არ გააჩნია პოლიტიკური იდეალები - არც კარგი, არც ცუდი. მისთვის იდეალებია ძალაუფლება და ფული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ გამზარდია.
მხოლოდ „მცირე ჯგუფი“?
როდესაც კრიტიკულად განწყობილ საერთაშორისო პარტნიორებზე ლაპარაკობენ, „ოცნების“ ხელისუფლება მუდმივად აღნიშნავს, რომ ისინი არიან მხოლოდ „ცალკეული პოლიტიკოსები“ და „მცირე ჯგუფი“.
ვიოლა ფონ კრამონმა, თავისი ტვიტით, 19 მაისს, თბილისს უთხრა, რომ ის მხოლოდ მცირე ჯგუფს არ წარმოადგენს და მიანიშნა, რომ ამას საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომდევნო უარყოფითი რეზოლუციაც დაადასტურებს:
"ეს არ არის „პოლიტიკოსების მცირე ჯგუფი“, რომელიც [საქართველოს - რთ] დემოკრატიულ უკუსვლას აკრიტიკებს, არამედ არიან საკვანძო პოლიტიკოსები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ - ევროპარლამენტსა და მის მიღმა. შეამოწმეთ ბოლო განცხადების ხელმომწერთა სია, ან დაელოდეთ ევროპარლამენტის შემდეგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ“.
ასევე ნახეთ მარინა კალიურანდი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება: „ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?!"
ვიოლა ფონ კრამონს არ დაუკონკრეტებია, რომელ სამომავლო რეზოლუციას გულისხმობს, თუმცა ექსპერტებისთვის უკვე დიდი ხანია წუხილის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ დაუმტკიცებია რეზოლუცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
ასევე ნახეთ ცეცხლი, ნავთი და შეხვედრები ბრიუსელში - რას ელიან ღარიბაშვილისგანსაქართველოს რეფორმებით უკმაყოფილოთა წრე უფრო ფართო რომ არის, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ბოლო ვიზიტმაც დაადასტურა.
რეფორმების პროცესის აქტიურად გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი ევროკავშირის სტრუქტურების თითქმის ყველა ხელმძღვანელმა პირმა.
და რას ფიქრობს სასამართლო რეფორმაზე თავად ხელისუფლება?
ირაკლი კობახიძე "პირველ არხთან" ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის „განსაკუთრებული პრიორიტეტია“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება; "ყველანაირ ძალისხმევას“ მიმართავენ, რომ „ეს შედეგი დადგეს“ და რეფორმების პროცესსაც განაგრძობენ, ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად.
თუმცა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია, „ქართულ ოცნებას“ აზრი არ შეუცვლია და ვერც ცვლილებებისთვის საჭირო არგუმენტებს ხედავს.
„არის ნული ფაქტი და ცარიელი, ზეპირი საუბარი... ჩვენ როცა განვიხილავთ რეფორმის პროცესს, ჩვენ დაგვჭირდება ფაქტები და მტკიცებულებები და არა ზეპირი საუბარი... თუკი ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მივიღებთ სამართლიან, საფუძვლიან შენიშვნებს, ამის საფუძველზე ჩატარდება იურიდიული რეფორმები“, - ამბობს ირაკლი კობახიძე და აღნიშნავს, რომ ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა ჯერ არც საერთაშორისო პარტნიორებისგან მოუსმენიათ.
ასევე ნახეთ ინტერვიუ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან
მაგალითად, საქართველოს სუვერენიტეტი შეახსენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს, რომელიც 19 მაისს სტუმრობდა თბილისს და შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
"შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ამისთვის არსებობს სხვა ინსტანციები. ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა", - განაცხადა მაჭარაშვილმა იმ ფაქტის შეფასებისას, რომ შოლე ნიკა გვარამიას საქმით დაინტერესდა.
„დასავლეთის მიმართ აგრესიული რიტორიკა გაუცხოებას იწვევს... საქართველოს დიდი მეგობრები გვეკითხებიან - რა დაგემართათო?!“, - „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ შეხვედრები ბრიუსელში რამდენიმე კვირის წინ გამართა და მაშინაც არაერთი უარყოფითი შეფასება მოისმინა.
შესაბამისად, მისთვის არც ის არის შემთხვევითი, რომ ევროპარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია.
„გაურკვევლობაში არიან და ბოლოდროინდელი პრობლემების გამო მორალური მხარდაჭერის დემონსტრირებაც უჭირთ“, - გვეუბნება კაკაჩია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ექსპერტი ამბობს, რომ "საქართველოს ძალიან გაუმართლებს", თუკი ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ის უფრო მოელის, რომ საბოლოო უარი არ იქნება, მაგრამ ქვეყანას წინასწარ დასაკმაყოფილებელ პირობებს წამოუყენებენ და მათ შორის იქნება - სასამართლო რეფორმაც.
ანალიტიკოსების განსხვავებული მოსაზრებით, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსს საქართველოსაც მიანიჭებენ, თუმცა მკაცრად გაწერილი პირობების დათქმით. ამ ვარიანტს არც კაკაჩია გამორიცხავს, თუმცა „ძალიან ნაკლებად შესაძლებლად“ მიიჩნევს.