დერეკ შოლემ უპასუხა შეკითხვას ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე

დერეკ შოლე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პასუხობს შეკითხვას, რომელიც ეხება „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ბევრი თვლის, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევა, მისი დაპატიმრება ხელს შეუშლის, მორიგ წინაღობად გადაიქცევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე - ნატოსიც, მაგრამ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ევროინტეგრაციის კუთხით. რას იტყოდით ამაზე?

დერეკ შოლე პასუხობს: „ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვიტყვი, როგორი ზეგავლენა შეიძლება ამან იქონიოს. ვიცი, პრემიერ-მინისტრი გუშინ იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის მაღალი რანგის პირებს. მარტივად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაშორებთ დემოკრატიას, ხელისშემშლელი იქნება საქართველოს უფრო ფართო ევროატლანტიკური სწრაფვისთვის. ეს იყო ჩემი გზავნილი დღევანდელ ყველა შეხვედრაზე: მიუხედავად იმისა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ამ [საქართველოს ევროატლანტიკურ] სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები [ნიკა გვარამიას დაჭერა], რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას“.

  • ხვალ, 20 მაისს, 10:00 საათზე, დილის საუბრების ეთერში დაელოდეთ რადიო თავისუფლების ექსკლუზიურ ინტერვიუს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან.
  • გადაცემას შეგიძლიათ უყუროთ რადიო თავისუფლების Facebook-ისა და Youtube-ის გვერდებზე.

დერეკ შოლე „ტვიტერზე" გამოეხმაურა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.

„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში”, -აღნიშნავს დერეკ შოლე.

პრემიერ-მინისტრის გარდა, დღეს, 19 მაისს, დერეკ შოლე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.

ასევე ნახეთ ჟურნალისტებმა აქცია გამართეს ქორთიარდ მერიოტთან, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებს მართავს
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე არასამთავრობო სექტორს შეხვდა

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.