რუსეთის მიერ „აზოვსტალის“ დაკავება: სიმბოლური წარმატება თუ „პიროსის“ გამარჯვება?

რუსეთის მიერ ფოლადის ქარხანა გიგანტის დაკავება საპორტო ქალაქ მარიუპოლში, სადაც, გამომფიტავი ალყის შემდეგ, ასობით ჯარისკაცმა დაასრულა ბრძოლა, კრემლისთის უკრაინაში ომის ამ ეტაპზე, სიმბოლური გამარჯვება უფრო იქნება, ვიდრე მნიშვნელოვანი სამხედრო გარღვევა, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა.

რუსეთი აქამდეც, შუა აპრილიდან აკონტროლებდა მარიუპოლს, გარდა „აზოვსტალის“ ქარხნის 11 კვ. კილომეტრისა - მეტალურგიული კომბინატის მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებში გამაგრებული ასობით მებრძოლი, გაცილებით ძლევამოსილ მეზობელთან უკრაინის შეუპოვარი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ.

ასევე ნახეთ „ხელ-ფეხის გარეშე, სხეულები ლპება“... როგორ ცხოვრობდნენ „აზოვსტალში“

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალები ვერ შეძლებდნენ მებრძოლების გამოხსნას. მარიუპოლის წინააღმდეგობის ამ უკანასკნელმა ბასტიონმა, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის სამთვიანი სრულმასშტაბიანი ომის შედეგად განადგურებულ ქალაქში, მხოლოდ ამ კვირის დასაწყისში შეწყვიტა არსებობა.


მარიუპოლი, დონეცკის რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქი, მდებარეობს აზოვის ზღვის სანაპიროზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში, რომელიც აღმოსავლეთით რუსეთის საზღვრიდან რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ნახევარკუნძულის დანარჩენ უკრაინასთან დამაკავშირებელ ვიწრო ყელამდეა გადაჭიმული. ესაა პოტენციური სახმელეთო დერეფანი რუსეთისა და ნახევარკუნძულის დასაკავშირებლად.


უკრაინამ 16 მაისს გამოაცხადა, რომ „აზოვსტალში“ მყოფ თავის დანაყოფებს წინააღმდეგობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 264-მა მებრძოლმა, მათ შორის, 53-მა მძიმედ დაჭრილმა, ქარხანა დატოვა. ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. რუსეთმა ოდნავ განსხვავებული რიცხვები დაასახელა და განაცხადა, რომ „მათ იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.


18 მაისს რუსულმა სამხედრო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დამატებით 694 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა „აზოვსტალიდან“ ბოლო 24 საათის განმავლობაში. უკრაინულ მხარეს ეს არ დაუდასტურებია.
„შედეგის მიხედვით, „აზოვსტალის“ ალყის დასასრული ომის ტრაექტორიას მნიშვნელოვნად არ ცვლის“, უთხრა რადიო თავისუფლებას რობერტ პერსონმა, საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებულმა პროფესორმა აშშ-ის „ვესტ-პოინტის“ სამხედრო აკადემიაში.


„დანარჩენი მარიუპოლის კონტროლით, რასაც რუსეთი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ახორციელებდა, მას ჰქონდა სახმელეთო ხიდი ყირიმთან. „აზოვსტალი“ აქ ბალანსს არ ცვლის“, - თქვა პერსონმა, რომელიც არ საუბრობს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სახელით.

„რაც შეიძლება მეტი შიდა პროპაგანდა“

„აზოვსტალის“ მებრძოლები კვირების განმავლობაში აკავებდნენ ათასობით რუს ჯარისკაცს, რამაც უკრაინულ თავდაცვას რუსულ ძალებთან ბრძოლისა და მათი უკუგდებისთვის დრო მისცა ომის სხვა ცხელ წერტილებში, როგორიცაა დედაქალაქი კიევი და ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქი ქვეყანაში.


„მართალია, პუტინი შეეცდება მარიუპოლის დაკავებისგან მაქსიმალური შიდა პროპაგანდისტული ღირებულება გამოწუროს, მაგრამ ეს პიროსის გამარჯვებაა, რომელიც ძალიან ძვირი დაჯდა. ქალაქისთვის გახანგრძლივებულმა ბრძოლამ რუსეთის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად დააზიანა როგორც პერსონალის, ისე შეიარაღების ნაწილში“, - თქვა პერსონმა.


უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დამცველები მოსკოვს აიძულებდნენ, დაახლოებით 20 ათასი ჯარისკაცი მარიუპოლში დაეტოვებინა, თუმცა, ზოგიერთი ცნობის თანახმად, ეს რიცხვი ბევრად დაბალია. რუსეთმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ძალების გაყვანა მარიუპოლიდან, როცა „აზოვსტალი“ წინააღმდეგობის ბოლო ბასტიონად იქცა.


„აზოვსტალის“ მცველები განიცდიდნენ საჭმლის, წყლისა და ქირურგიული აღჭურვილობის ნაკლებობას. მათი ბედი ყოველღამეული ახალი ამბებისა და მათი გათავისუფლების მოწოდებებისა და თხოვნის მთავარ თემად იქცა შინ და გარეთ.


„აზოვსტალში ამ ძალების ყოფნა იმის სიმბოლო იყო, რომ უკრაინას ეს კამპანია სრულად არ წაუგია და რუსეთს კვლავ უწევდა ამ პრობლემასთან გამკლავება“, - ამბობს სტეფან ფლანაგანი, RAND-ის კვლევითი კორპორაციის ექსპერტი.

„მარცხების სერია“

ოფიციალური პირები, ანალიტიკოსები და დასავლური დაზვერვის სააგენტოები ამბობენ, რომ როდესაც პუტინმა შეჭრის ბრძანება გასცა, ის ელოდა რუსული ძალების მიერ კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების სწრაფად დაკავებას. მას და მის უახლოეს წრეს სჯეროდა, რომ რუსულ ჯარს ბევრგან ხელგაშლით მიიღებდნენ.


ნაცვლად ამისა, რუსულ ჯარებს მძლავრი წინააღმდეგობა შეხვდათ და მძიმე ადამიანური თუ მატერიალური დანაკარგები მიადგათ. კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მათ ჩრდილოეთის საზღვრამდე უკან დაიხიეს, ვერ აიღეს ხარკოვი და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, დონბასად ცნობილ ტერიტორიაზე, ნაკლები წარმატებით განაგრძობენ თავდასხმებს.


რუსულმა მხარემ შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი ბრძოლაში მაშინ განიცადა, როცა უკრაინულმა ძალებმა მდინარის გადაკვეთისას გაუნადგურეს ათობით სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ტანკები და, სავარაუდოდ, ასობით ჯარისკაცი.


„მარცხების სერიის შემდეგ, ეს უდავოდ, იქნება დიდი პლუსი პუტინისთვის“, - აღნიშნა გლენ ჰოვარდმა, ვაშინგტონში მოქმედი „ჯეიმსტაუნის ფონდის“ პრეზიდენტმა.


„ამ ბრძოლის ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილი პროპაგანდაზე გადის“, - თქვა მან.


მარიუპოლი, რომლის დიდი ნაწილი რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მის მიერ დაკავებული ყველაზე დიდი ქალაქია. 21 აპრილს პუტინმა ქალაქი „გათავისუფლებულად“ გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ასობით უკრაინელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ იყო იქ გამაგრებული.

რუსეთი განაგრძობდა ქარხანაზე დარტყმების განხორციელებას, მათ შორის, სავარაუდოდ, საავიაციო ცეცხლგამჩენი ბომბებით, რათა მებრძოლებისთვის დანებება ეიძულებინა.


შესაძლოა, უკრაინამ „აზოვსტალში“ წინააღმდეგობის დასრულება გადაავადა პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღნიშვნამდე, რათა მისთვის არ მიეცა შესაძლებლობა, „აზოვსტალის“ აღება 9 მაისს, ნაციზმზე გამარჯვების აღნიშვნისას პროპაგანდის იარაღად ექცია.

„აზოვის“ ფაქტორი

რუსეთმა შესაძლოა, მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დაკავება მთავარ გამარჯვებად წარმოჩინოს - მარიუპოლის მცველთა დიდი ნაწილი უკრაინის მოწინავე „აზოვის“ ბატალიონიდანაა - ახლა ისინი რუსეთის ხელში არიან.
და პუტინისთვის, რომელიც ლეგიონის ულტრამემარჯვენეობას აქტიურად იყენებს „ნაცისტური“ უკრაინის მითის გასამყარებლად, ეს უკრაინაში შეჭრის გამამართლებელი ერთ-ერთი მთავარი საბაბია.

„აზოვის“ ბატალიონი შეიქმნა 2014 წლის მაისში, რამდენიმე კვირაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დონბასში ომის დაწყებიდან, რასაც წინ უსწრებდა ყირიმის მიტაცება.


მოხალისეებისგან შემდგარ ლეგიონს კავშირი აქვს ულტრამემარჯვენე იდეოლოგიასთან, რის გამოც აშშ-მ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესმა მხარდამჭერმა, აკრძალა თავისი იარაღის გადაცემა „აზოვის“ წევრებისთვის და მათი მონაწილეობა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე წვრთნებში.

„აზოვისა“ და სხვა მოხალისე ბატალიონების მხრებზე, რომლებიც მაშინ სამხედროთა რიგებში არ იყვნენ, გადაიარა მძიმე ბრძოლების დიდმა ნაწილმა დონბასში ომის დაწყებისას, რამაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს მარიუპოლის დაკავების საშუალება არ მისცა. მოგვიანებით, 2014 წელს, „აზოვი“ ოფიციალურად იქცა უკრაინის ეროვნული დაცვის ნაწილად.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკრაინის საბრძოლო ძალების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ და არც პოლიტიკური ძალაუფლება გააჩნიათ, პუტინი რუსეთის მოსახლეობას ეუბნება, რომ უკრაინაში გაგზავნილი მებრძოლები მეზობლების ულტრამემარჯვენე ნეონაცისტებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.


ზოგიერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ისინი ელოდნენ რუსული ხელმძღვანელობის მიერ „აზოვსტალიდან“ ჯარისკაცების საზეიმოდ გამოყვანას და ამის ტელევიზიით გადაცემას კრემლის ცრუ ნარატივების მხარდასაჭერად.

ასევე ნახეთ „თავშესაფრების მოწყობა 2015 წელს დავიწყეთ“ - ინტერვიუ „აზოვსტალის“ დირექტორ ენვერ ცქიტიშვილთან


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გამოთქვა იმედი, რომ მებრძოლები რუს ტყვეებში გაიცვლებიან.
მაგრამ ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პუტინის მოკავშირემ და მმართველი „ერთიანი რუსეთის“ პარტიის წევრმა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დამცველებს შორის „ომის დამნაშავეები“ არიან და ისინი კი არ უნდა გაიცვალონ, არამედ - სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

სამხედრო ეფექტი

სიმბოლური დატვირთვის გარდა, „აზოვსტალის“ რუსეთის ხელში გადასვლას სამხედრო თვალსაზრისითაც მოჰყვება შედეგი, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ეფექტი მასშტაბური ვერ იქნება.
„არ ველი, რომ ეს რუსებს მნიშვნელოვნად გაუხსნის ახალ გზებს, მაგრამ ეს მათ დაეხმარება - ეს ნიშნავს უფრო მარტივად შემომავალ მეტი მარაგს, მეტ აღჭურვილობას, გამოთავისუფლებულ ჯარებს, რომელთა გამოყენებაც ჩრდილოეთით თავდასხმით ოპერაციებში შეიძლება“, - თქვა მარკ ქანსიანმა, აშშ-ის საზღვაო ძალების გადამდგარმა პოლკოვნიკმა.


„რუსული ძალების უმეტესი ნაწილი მარიუპოლიდან უკვე გაიგზავნა ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა რუსეთი შეძლებს გაგზავნოს დარჩენილი ძალების ბევრად დიდი ნაწილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქანსიანმა, რომელიც ამჟამად უფროსი მრჩეველია ვაშინგტონში მოქმედ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში.


რუსეთს ასევე საშუალება ექნება, გახსნას მარიუპოლის პორტი მომარაგებისა და აღჭურვილობის მისაღებად ქალაქში და მათ მისაწოდებლად საკუთარი ძალებისთვის დონბასში, რომელიც ახლა რუსეთის თავდასხმის მთავარი ფოკუსია.


„მარიუპოლს აქვს შესანიშნავი პორტი, რაც წაადგება რუსულ ლოგისტიკას, რომელიც საშინელი იყო ამ კამპანიის განმავლობაში“, თქვა ქანსიანმა.
თუმცაღა, უკრაინულმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ჩაძირული უკრაინული გემი და ნაღმები ხელს უშლიან რუსულ ძალებს პორტის დაუყოვნებლივ გახსნაში. ჰოვარდმა, ჯეიმსტაუნის ფონდიდან, აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთს თვეები დასჭირდეს პორტის სამხედრო გამოყენებისთვის მწყობრში მოსაყვანად.


რუსეთმა მარტში ხელში ჩაიგდო აზოვის ზღვის უფრო პატარა საპორტო ქალაქი ბერდიანსკი და მას თავისი ძალების მოსამარაგებლად იყენებს.
რაც შეეხება მეტალურგიულ ქარხანაში უკრაინის წინააღმდეგობის შეწყვეტის სიმბოლურ ან პროპაგანდისტულ ღირებულებას, „დრო არ ითმენს“, - თქვა რობერტ პერსონმა.


„პუტინს ამ წარმატებისგან სარგებლის მიღება მანამ შეუძლია, სანამ რუსულ ძალებს მორიგი სერიოზული უკან დახევის ჯერი არ დაუდგებათ, რის შემდეგაც „აზოვსტალი“ რუსების უმეტესობისთვის შორეულ მოგონებად იქცევა“, აღნიშნა მან. „მაგრამ უკრაინელებისთვის მარიუპოლის ალყის მოგონება გახდება საბრძოლო მოწოდება, სულისკვეთება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“.