Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხელ-ფეხის გარეშე, სხეულები ლპება“... როგორ ცხოვრობდნენ „აზოვსტალში“


„აზოვსტალი“
„აზოვსტალი“

ანა ზაიცევამ „აზოვსტალში“ ორი თვე გაატარა. მან მოახერხა იქაურობისთვის თავი დაეღწია და სამშვიდობოს გასულიყო, მაგრამ მისი ქმარი, რომელიც „აზოვის“ მებრძოლია, სავარაუდოდ, დღემდე იქ რჩება. ანა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ესაუბრა. თუ რა ხდებოდა ამ ორი თვის განმავლობაში.

ნასტოიაშჩეე ვრემია: გუშინდელი ევაკუაციის შემდეგ თქვენი ქმარიც გაიყვანეს თუ „აზოვსტალში“ დარჩა?

ანა ზაიცევა: ჯერ ვერ დავუკავშირდი და ვერაფერს გეტყვით.

ნასტოიაშჩეე ვრემია: ორი თვე მასთან გაატარეთ, მოგვიყევით, რა ხდებოდა?

ანა ზაიცევა: მართალია, ორი თვე იქ ვიყავი, მაგრამ ქმართან ახლოს არა, ის სამხედრო დანაყოფშია, მე კი სამოქალაქო პირებთან ვიმყოფებოდი.

ნასტოიაშჩეე ვრემია: სამხედრო და სამოქალაქო პირებს ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდათ?

ანა ზაიცევა: სამხედროები ჩვენთან მოდიოდნენ, საჭმელი, წყალი, წამლები მოჰქონდათ. ხანდახან კავშირზეც გავდიოდით. ისინი სიცოცხლეს რისკავდნენ იმისთვის, რომ ახლობლებისთვის ტელეფონით მიგვეწერა.

ნასტოიაშჩეე ვრემია: როგორ იყავით იქ?

ანა ზაიცევა: გენერატორი გვქონდა, რომლითაც შენობა ნათდებოდა, ოღონდ დილის ათი საათიდან საღამოს 10 საათამდე. გენერატორი საწვავზე მუშაობდა, საწვავის და ბოთლის წყლის საშოვნელად კი ტყვიების ქვეშ უნდა გერბინა. პროდუქტები თავიდან მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც იყო, რადგან თავშესაფარში მარაგი არსებობდა. შემდეგ მთლიანად უკრაინელი ჯარისკაცების კმაყოფაზე ვიყავით.

ნასტოიაშჩეე ვრემია: თქვენი შეფასებით, იქ დაახლოებით რამდენი მებრძოლი შეიძლება იმყოფებოდეს? „აზოვსტალში“ ხომ მხოლოდ ჯარისკაცები არ იყვნენ, არამედ, მესაზღვრეები და პოლიციელებიც.

ანა ზაიცევა: არ ვიცი, რადგან ორი თვე თავშესაფარში ვიჯექი. მაღლა არ ამოვსულვარ. მიახლოებითაც ვერ ვხვდები.

ნასტოიაშჩეე ვრემია: ბოლოს რომ დაუკავშირდით ქმარს, ან ხელმძღვანელობას, რა ხდებოდა, რას გეუბნებოდნენ?

ანა ზაიცევა: იმას, რომ სურდათ ყველაფერი მალე მორჩენილიყო. გვინდა, ჩვენი ბიჭები გადარჩნენ, რადგან მარაგები - საჭმლის, წყლის, წამლების - უკვე თითქმის აღარ დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დაჭრილებია, რომლებიც სამედიცინო დახმარების გარეშე რჩებიან. ხელების, ფეხების გარეშე არიან, სხეული ლპება... ეს ის არ არის, რის გაგონებაც გინდა ქმრისგან, თან როცა იცი, რომ ვერაფერს უშველი.

ნასტოიაშჩეე ვრემია: როგორაა თქვენი ქმარი?

ანა ზაიცევა: ვიცი მხოლოდ ის, რომ მძიმედაა დაჭრილი. ვერ დადის.

ნასტოიაშჩეე ვრემია: ფიქრობთ, რომ ეს გაცვლა წარმატებული იქნება?

ანა ზაიცევა: უნდა იყოს. თუ მთელი მსოფლიო არ დაგვეხმარა, თუ მთელმა მსოფლიომ არ გადაარჩინა ჩვენი უკრაინელი ბიჭები, გამოდის, რომ მსოფლიო დამარცხდა რაშიზმთან, ძალადობასა და გენოციდთან.

XS
SM
MD
LG