ჟურნალისტებმა აქცია გამართეს ქორთიარდ მერიოტთან, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე შეხვედრებს მართავს ქართველ პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო სექტორთან. დერეკ შოლემ შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებით დაიწყო. შემდეგ ოპოზიციასთან მართავს შეხვედრას, იგეგმება ხელისუფლებლებასთან შეხვედრებიც.
"ჩვენი მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო მდივნის მრჩეველს მივაწოდოთ ოთხი კრიტიკული არხის წერილი, რომელიც უკავშირდება ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და მედიის მდგომარეობას ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას, ვისაც შეიძლება ჯერ კიდევ არ ჰქონდეს ბოლომდე ინფორმაცია, რა პირობებშია ამ ქვეყანაში მედია" - უთხრა რადიო თავისუფლებას ტვ პირველის ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ.
"უნდა ავუხსნათ ის მოცემულობა, რაც არის საქართველოში. კერძოდ ის, რომ თავისუფალ მედიას ებრძვიან, კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს უშვებენ ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ხმა არ მოისმინონ და მის მიერ დაფუძნებული კრიკიკული მედია ჩამოშალონ და იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დიდი შავი ფარდა ჩამოაფარონ და საბოლოოდ გააფორმონ საქართველოში დიქტატურა" - ასე უპასუხა მთავარი არხის ჟურნალისტმა, მიშა სესიაშვილმა წერილის შინაარსთან დასმულ კითხვას. ის აქციის ერთ-ერთი მონაწილეა.
"ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის აქცია თხოვნით, რომ დაგვეხმარონ" - ასე დაახასიათა მედიის აქცია მთავარი არხის ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.
დერეკ შოლე საქართველოში 18 მაისს ჩამოვიდა.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე არასამთავრობო სექტორს შეხვდა