ღარიბაშვილი სააკაშვილზე: პატიმარია - კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების განცხადებები და საქართველოში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ირაკლი ღარიბაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადების კომენტირება სთხოვეს. კერძოდ, „ტვ პირველთან“ საუბარში ნიკა მელიამ არ გამორიცხა, რომ მილიარდერი ბიზნესმენის, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შექმნილი დაბრკოლებები კუთვნილი ქონების გადაადგილებასთან მიმართებით, შესაძლოა, ებმოდეს სააკაშვილის საკითხს.

ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველას როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია - კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები, რა თქმა უნდა, ეს არაადეკვატურია და, რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებაზე ვიფიქროთ, შენებაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ლანჩხუთში მედიასთან საუბარში. პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში გურიას სტუმრობს.

ნიკა მელიამ "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა: "ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები, ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთ".

ასევე ნახეთ კობახიძე ივანიშვილის ბანკთან დავაზე: ადგილი აქვს "კოორდინირებულ ქმედებებს", მიზანი შესაძლოა, ომში ჩართვა იყოს
ასევე ნახეთ კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეზე: უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, ლონდონიდან და ნიუ- იორკიდან კუთვნილი ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში, ასევე გერმანიიდან ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით, შეფერხებები შეექმნა, ამის თაობაზე განცხადება ივანიშვილის ადვოკატმა, იურიდიული ფირმა „MKD“-ის უფროსმა პარტნიორმა ვიქტორ ყიფიანმა მიაწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშების და ვერტმფრენის ჩამოტანაში შეფერხებები შეექმნა - ადვოკატი
ასევე ნახეთ ფული, ომი და პოლიტიკა - ვის და რატომ ბრალდება ივანიშვილის ტრანზაქციის შეფერხება?

განცხადების ავტორი შექმნილ შეფერხებებს „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან ბიძინა ივანიშვილის მიმდინარე დავის ფონზე წარმოშობილ საეჭვო ფაქტებს უწოდებს, თუმცა შენიშნავს: „საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია“.

6 მაისს ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ. კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანასთან დაკავშირებით მხარდამჭერთა და ოჯახის წვერების განცხადებას. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ ბრეგაძის განმარტებით, კანონმდებლობა არ იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი 12 აპრილს გადაიყვანეს. ის მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ, რომელიც უკმაყოფილოა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მოითხოვს მის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში.