როცა მინის ბარიერის მიღმა მჯდომმა „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელმა უთხრა, რომ უკრაინაში ერთი კილო ტვირთის გაგზავნა 115 ლარი დაუჯდებოდა, ანი ქავთარაძემ იფიქრა, რომ ფასი არასწორად გაიგო და კონსულტანტს პასუხი დააზუსტებინა: 15 ლარი? არა, 115 - იყო პასუხი. ასე გაიგო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომიდან ორი თვის თავზე, პირველი მაისიდან, „საქართველოს ფოსტამ“ დაასრულა კამპანია „უფასოდ“, რომლის ფარგლებშიც, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებს საქართველოდან, კერძოდ, ფოსტის სერვის ცენტრებიდან შეეძლოთ უფასოდ გაეგზავნათ ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილები.
ანი ქავთარაძე, პროფესიით ექიმია - უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან მოხალისეობრივად აგროვებდა და აგზავნიდა ჰუმანიტარულ ტვირთს, ძირითადად სამედიცინო მასალებს, რაც მის უკრაინელ კოლეგებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ტვირთს ხან თავად გზავნიდა ფოსტით (უფასო აქციის ფარგლებში), ხანაც უკრაინის საელჩოს დახმარებით.
ამჯერადაც, უკრაინაში, სხვადასხვა საჭირო სამედიცინო მასალასთან ერთად ექოსკოპიის აპარატისათვის საჭირო სპეციალური ჟელეს მარაგი უნდა გაეგზავნა - ტვირთის წონა სულ 106 კილო იყო, თუ ერთ კილოზე 115 ლარს გადაიხდიდა, გზავნილის ფასი, დაახლოებით 1200 ლარი გამოდიოდა - გაცილებით მეტი, ვიდრე თავად ამ გზავნილის საფასური.
„რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს კამპანია ასე მალე დასრულებოდა. ომი ხომ ჯერ არ დამთავრებულა? უკრაინელებს დახმარება ისევ ყოველდღიურად სჭირდებათ. ახლა რა გამოდის, რომ ყველას ეზღუდება ეს შესაძლებლობა, დაეხმაროს უკრაინელ ხალხს, ნაცნობებს, მეგობრებს, უცნობ ადამიანებს - ხან წამალი სჭირდებათ, ხან ბავშვის საკვები... ერთ კილოში 115 ლარის გადახდას ძალიან ბევრი ადამიანი ვეღარ შეძლებს და საქართველოდან დახმარებაც მოიკლებს. არადა, სწორედ ამით იწონებდა თავს ჩვენი მთავრობაც და „საქართველოს ფოსტაც“, რომ საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნაო“, - გვეუბნება ანი ქავთარაძე.
ეს ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის საელჩოს დახმარებით მაინც გაიგზავნება, თუმცა როგორც ანი გვეუბნება, არც საელჩოსთვის არის მარტივი უკრაინაში წამსვლელი ადამიანების პოვნა. ტვირთი თბილისში გარკვეული ხნის განმავლობაში გროვდედა და მერე იგზავნება, ამასობაში კი, უკრაინაში, შესაძლოა, ვინმეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ სჭირდებოდეს.
„ორი კვირის წინ ხარკოვში, საველე ჰოსპიტლის სამხედროებს გავუგზავნეთ მორიგი გზავნილი - ბუნკერში უვლიან დაჭრილებს. ჩურჩხელა ითხოვეს და რაც უცებ შევძელით, გავუგზავნეთ. კილოში 115 ლარი რომ გადაგვეხადა, ასი ლარის ჩურჩხელის გაგზავნა დაახლოებით 500-600 ლარი დაგვიჯდებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქ სულ რაღაც სჭირდებათ, ჩვენ შეგვეძლო ხან ჯგუფურად, ხან ინდივიდუალურად დავხმარებდით, თუკი რაღაც დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდებოდა ეს კამპანია, როგორც მეგობარი ქვეყნის კეთილი ნება“ - უთხრა ანიმ რადიო თავისუფლებას.
„საქართველოს ფოსტის“ ვებსაიტზე მითითებულია, რომ უკრაინაში 1 კილოგრამი ტვირთის გაგზავნის ტარიფი 115 ლარია.
„საქართველოს ფოსტაში“ გვითხრეს, რომ უფასო გზავნილების კამპანია ამ ეტაპზე დასრულდა და ჯერჯერობით არ იციან განახლდება თუ არა ისევ. ვიკითხეთ, თუ რაზე იქნება ეს დამოკიდებული და მსგავსი გადაწყვეტილება მოხდება თუ არა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია.
აპრილის ბოლოს „საქართველო ფოსტა“ საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერდა, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით საქართველო (520 ტონაზე მეტი გაგზავნილი ტვირთი) პირველ ადგილზე იყო.
5 მაისს, პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, რომელიც უკრაინას ეძღვნებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას 7 მილიონი დოლარი გადაურიცხა, რომ აგრძელებს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალებული და დღეს საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას და რომ საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.
ასევე ნახეთ 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთით - ფაქტი თუ მანიპულაცია?„საქართველოს ფოსტის“ კამპანია ამ დროისთვის უკვე დასრულებული იყო.
მეორე ამბავი, რომელიც ანი ქავთარაძის საჯარო კრიტიკული განცხადების მიზეზი გახდა, 29 აპრილს, მაპიუპოლიდან თბილისში გამოქცეულ ოჯახს შეემთხვა - სმენის პრობლემების მქონე წყვილი, ორი მცირეწლოვანი შვილით, გარკვეული დროით საქართველოს ყრუთა კავშირმა შეიფარა და დააბინავა. რამდენიმე დღის წინ უმცროსი, 2 წლის ბავშვი, ავად გაუხდათ. საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც ოჯახს სამედიცინო მომსახურებაში 680 ლარის გადახდა მოსთხოვეს.
"თუ მათ მაინც უწევთ თანხის გადახდა, მაშინ რა იგულისხმება ჩვენი მხრიდან დახმარებაში? ყველა პრობლემა მოგვარებული აქვთ ამ ადამიანებს?“, - გვეუბნება ანი ქავთარაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს 2022 წლის 4 მარტით დათარიღებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს.
უკრაინის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უფასო იქნება COVID-19-ზე ტესტირება, კოვიდ კლინიკებში მკურნალობა და COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ხოლო დახმარების პაკეტი ქვეყანაში მყოფ, იმ უკრაინელი ტურისტებს შეეხება, რომლებმაც საზღვარი 1-23 თებერვლის პერიოდში გადმოკვეთეს.
განცხადებაში ასევე წერია, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის სპეციალური ცხელი ხაზი (144 – 3) მუშაობს, რომელიც სამედიცინო სერვისებთან ერთად, მათი სხვა საჭიროების შესახებ, ინფორმაციას შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის.
ამ ცხელი ხაზიდან სხვა, სამთავრობო ცხელ ხაზზე (1522) გადაგვამისამართეს, სადაც გვითხრეს, რომ საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს უფასო სამედიცინო მომსახურება ეკუთვნით რამდენიმე მიმართულებით - ეს არის იმუნიზაცია, ტუბერკულოზი, შიდსი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დიალიზის პროგრამა, რეფერალური მომსახურება.
დავრეკეთ „ევექსი კლინიკებში“, სადაც გვითხრეს, რომ ისინი „აგრძელებენ უკრაინის მოქალაქეების სამედიცინო მხარდაჭერას“, რაშიც შედის უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და კონსულტაცია.
იგივე ვიკითხეთ „ნიუ ჰოსპიტალსშიც“, სადაც გვიპასუხეს, რომ მიმღებში მომსახურება უფასოა - აქ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება იგულისხმება და ეს სამედიცინო სერვისი სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. ხოლო ამბულატიურიულ გეგმიურ კონსულტაციაზე მათ ჰოსპიტალში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
უკრაინელების ოჯახი, რომელზეც ანი ქავთარაძე წერდა, უკვე გაემგზავრა გერმანიაში. ბავშვის სამედიცინო მომსახურების თანხა კი, როგორც ანიმ გვითხრა, ყრუთა კავშირმა გადაიხადა.
განახლება: 18.15 სთ
ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, დღის ბოლოს, "საქართველოს ფოსტამ" გაავრცელა განცხადება, რომ „საქართველოს ფოსტა“ კვლავ განაგრძობს ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას უკრაინის მიმართულებით - ოღონდ ტვირთის გაგზავნის მსურველებს შეეძლებათ ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილების მიტანა არა "საქართველოს ფოსტის" სერვის ცენტრებში, არამედ ამ ტვირთების შემკრებ პუნქტებში. რაც შეეხება სერვისების მეშვეობით უფასოდ გაგზავნის აქციას, ის ამ ეტაპზე დასრულებულია.
28 თებერვლიდან 1 მაისამდე ამ აქციის ფარგლებში უკრაინაში უფასოდ გაიგზავნა 30 ტონამდე ამანათი.
"ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებისა, მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს „საქართველოს ფოსტა“ გააგზავნის უკრაინის მიმართულებით",- წერს "საქართველოს ფოსტა".