ფოსტისა და სამინისტროს გვერდზე უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე საუბრისას ხაზგასმულია პრემიერ-მინისტრის წვლილი: ნათქვამია, რომ პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში მისი გადაწყვეტილებით გაიგზავნა და მისივე გადაწყვეტილებითა და რეგიონული რწმუნებულების მონაწილეობით შეგროვდა დახმარება შემდგომაც. აქვე ნათქვამია, რომ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს საპატრიარქოც აგროვებდა.
რას ეყრდნობა მონაცემები, რომელსაც საქართველოს ფოსტა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებენ
ფოსტისა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა უკრაინის სახელმწიფო ფოსტისგან მიღებულ 30-გვერდიან დოკუმენტს, სადაც საუბარია ომის დროს მიღებულ საფოსტო გზავნილებზე. ამ დოკუმენტს სრული სახით ფოსტა არ ასაჯაროებს. რადიო თავისუფლებამ ფოსტისგან მიიღო მხოლოდ დოკუმენტის თავფურცელი და ორი გვერდი. ერთ გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოდან უკრაინაში 400 ტონამდე ტვირთი გაიგზავნა, მეორე გვერდზე ჩამოთვლილია ის 14 ქვეყანა, რომელთა საფოსტო ოპერატორები, უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთებს უფასოდ აგზავნიან. მათ შორისაა საქართველოც.
საქართველოს ფოსტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია პირველი აპრილის მონაცემებს ასახავს.
სხვადასხვა დროს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილი ტვირთის შესახებ, ასეთი სურათი იხატება:
- საქართველომ პირველად უკრაინაში დახმარება 27 თებერვალს გააგზავნა - ეს იყო 1 მილიონი ლარის ღირებულების 100 ტონა ტვირთი, რომლის ნაწილსაც შეადგენდა სისხლი, პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები და ჟანგბადის კონცენტრატორები. მთავრობამ მილიონი ლარი ამ დახმარებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყო.
- 11 მარტს საქართველომ უკრაინაში კიდევ 100 ტონა დახმარება გაგზავნა: საკვები, ტანსაცმელი, ჰიგიენის პროდუქტები და სამედიცინო აღჭურვილობა. ტვირთის ნაწილი მოსახლეობამ, აქტივისტებმა და საქართველოში მყოფმა უკრაინელებმა შეაგროვეს, სამედიცინო აღჭურვილობა პარლამენტმა გააგზავნა. ამ ტვირთის ტრანსპორტირებაში საქართველოს წითელი ჯვარი დაეხმარა.
- 120 ტონა დახმარება გაიგზავნა 28 მარტს - მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ეს „დახმარების მეორე ეტაპი“ იყო.
- მარტში სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველო” 60 ტონამდე ტვირთი გაგზავნა რამდენიმე ეტაპად.
საქართველოდან მიღებული დახმარების შესახებ საჯაროდ ინფორმაცია უკრაინის ფოსტის გენერალურმა დირექტორმა 25 მარტს გაავრცელა. იგორ სმელიანსკიმ თქვა, რომ ომის დაწყებიდან 25 მარტამდე საქართველოდან უკრაინამ ფოსტით 200 ტონა ტვირთი მიიღო. მეორე დღეს, უკრაინის ფოსტის ინსტაგრამის გვერდზეც დაიდო პოსტი, სადაც უკრაინა მადლობას უხდის საქართველოს აქედან გაგზავნილი 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარებისთვის. 26 მარტის ინსტაგრამის პოსტში ნათქვამია ისიც, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი შეგროვდა კონკრეტული ქალაქისთვის, ხარკოვისთვის, ქუთაისში. ფოტოებში სხვა პროდუქტებთან ერთად ჩანს წყლის ბოთლებიც.
საქართველოდან უკრაინაში გზავნილების შესახებ იყო კიდევ ერთი განცხადება პირველი ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის შემდეგ, რომელიც უკრაინის საელჩომ გააკეთა 27 თებერვალს. საელჩო ამბობდა რომ უკრაინამ საქართველოდან 80 ტონა დახმარება მიიღო.
როგორ აღმოჩნდა საქართველო პირველ ადგილზე 191 ქვეყანას შორის?
საქართველოს ფოსტა არ ასაჯაროებს უკრაინის ფოსტისგან მიღებულ დოკუმენტს, რომელსაც ეყრდნობა საქართველოს „პირველობის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას. საქართველოს ფოსტის არგუმენტით, ამ საბუთებში ასახულია ინფორმაცია უკრაინის ფოსტის სხვა კლიენტების და პარტნიორების შესახებ და გასაჯაროებას არ ექვემდებარება.
თუმცა ეს დოკუმენტი საქართველოს ფოსტამ 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, სოსო კაციტაძეს იმ პირობით მისცა, რომ არ გაასაჯაროებდა და არც არავის გადასცემდა. ჟურნალისტი ამ პირობას იცავს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ იმ წერილში, რომელიც მას აქვს, არ არის ნახსენები, რომ 191 ქვეყანას შორის ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნით საქართველო პირველ ადგილზეა.
„რეპორტში არაა ნახსენები 191 ქვეყანა. ქვეყნების საერთო რაოდენობაზე არაა ლაპარაკი. [ბოლო ორი კვირის მანძილზე] ნახსენებია პირველი სამი ქვეყანა ჰუმანიტარული ტვირთების რაოდენობის მიხედვით - საქართველო, რუმინეთი და ბელგია“, - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სოსო კაციტაძე.
საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველომ საქართველოს ფოსტის სერვისის გამოყენებით 191 ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ტვირთი გააგზავნა უკრაინაში, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ „მსოფლიოში 191 საფოსტო ეროვნული ოპერატორი არსებობს და როდესაც ასეთი რეპორტი კეთდება, ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ მასში მსოფლიო საფოსტო კავშირის ყველა წევრი იგულისხმება“.
მსოფლიო საფოსტო კავშირში საქართველოს ფოსტა გულისხმობს, Universal Postal Union-ს, რომელსაც უკრაინასთან ერთად ჯამში 192 წევრი ჰყავს. ამ გაერთიანების წევრები, სხვა ქვეყნებთან ერთად, არიან უკრაინაში ომის დამწყები რუსეთის ფედერაცია და მისი მოკავშირე ბელარუსი. ამავე ასოციაციის წევრები არიან, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც 24 მარტს 1 მილიარდის დახმარება გამოყო უკრაინისთვის, და დიდი ბრიტანეთი, რომელიც უკრაინას არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, უმნიშვნელოვანეს სამხედრო დახმარებასაც უწევს. საფოსტო კავშირის წევრია გერმანიაც, რომელმაც 10 000 ტონა საკვები გაგზავნა უკრაინაში გერმანიის რკინიგზის გამოყენებით მარტის დასაწყისიდან ამ დრომდე.
უკრაინისთვის სხვადასხვა ქვეყნის მიერ ამ დრომდე გაწეული დახმარება ძირითადად მისი ღირებულებით ითვლება და არა წონით. განსაკუთრებული სიზუსტით აღირიცხება სამხედრო დანიშნულების ტვირთი. ტონობით მიღებული დახმარების ერთიანი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ღია წყაროების ანალიზით ჩანს, რომ საქართველოზე არანაკლები დახმარება გაწეული აქვთ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრები არიან.
- ესტონეთმა უკრაინას 344 ტონა არასამხედრო დახმარება გაუწია, რომელთა შორის იყო 15 ტონა საკვები და 21 სასწრაფო დახმარების მანქანა; ესტონეთი უკრაინას სამხედრო პროდუქციითაც ეხმარება.
- ჩეხეთი სამხედრო დახმარების გარდა, 66 მილიონი დოლარის ღირებულების საკვებითა და ჰიგიენის პროდუქტებით დაეხმარა უკრაინიდან დევნილებს, 13,2 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება კი უკრაინაში დარჩენილ მოქალაქეებს გაუწია.
- 200 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ნორვეგიამ უკრაინას 27 თებერვლის ჩათვლით. გარდა ამისა, უკრაინის საელჩომ ოსლოდან უკრაინაში შეძლო გაეგზავნა 40 000 ლიტრი რძე.
საქართველოს ფოსტა სახელმწიფო საწარმოა - მის 100%-ს სახელმწიფო ფლობს. უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნის პირობები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა უკრაინის ფოსტას და სთხოვა ინფორმაცია ომის დროს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობების შესახებ. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.