საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ- იორკიდან კუთვნილი ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში, ასევე გერმანიიდან ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით შეფერხებები შეექმნა - ამის თაობაზე განცხადება ივანიშვილის ადვოკატმა, იურიდიული ფირმა „MKD“-ის უფროსმა პარტნიორმა ვიქტორ ყიფიანმა მიაწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
„ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მისი ავტორი შექმნილ შეფერხებებს „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან ბიძინა ივანიშვილის მიმდინარე დავის ფონზე წარმოშობილ საეჭვო ფაქტებს უწოდებს, თუმცა შენიშნავს: „საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია“.
„ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.
ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით. სწორედ სამართლისა და კანონმდებლობის მოქმედება იყო ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება დღემდე, ასეთად დარჩება ეს დამოკიდებულება მომავალშიც. ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის“, - წერს ადვოკატი.
მისი სიტყვებით, დამატებით კომენტარს ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით.
6 მაისს ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ. კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.
ასევე ნახეთ Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილთან დავა წააგო და 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევსPR კომპანია აცხადებს, რომ 4 მარტს მოთხოვნილ გადარიცხვასთან დაკავშირებით თანხმობა ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გაიცა, ოფიციალურ დასაბუთებაში კი მიზეზად "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში" იყო მითითებული.
"ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან", - ეწერა Cision-ის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 10 მაისს ივანიშვილისთვის გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას დაუკავშირა.
ასევე ნახეთ კობახიძე ივანიშვილის ბანკთან დავაზე: ადგილი აქვს "კოორდინირებულ ქმედებებს", მიზანი შესაძლოა, ომში ჩართვა იყოს- 2021 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მხატვრული კოლექცია გადაეცემა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ან უშუალოდ ხელოვნების ნიმუშების სახით, ან მათი გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის სახით;
- 2012 წელს მედია წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მისი უმეტესი ნაწილი ლონდონში ინახება;
- 2006 წელს ივანიშვილმა იყიდა პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად" Sotheby's-ში 95,2 მილიონ დოლარად, რაც იმ დროისთვის საჯარო აუქციონზე ხელოვნების ნაწარმოებისთვის გადახდილი სიდიდით მეორე თანხა იყო.