შვეიცარიის ბანკმა, Credit Suisse-მა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს 500 მილიონამდე დოლარის ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლოში წააგო თავის ყოფილ ბანკირთან დაკავშირებული საქმე - იტყობინება Financial Times-ი.
23 მარტის საღამოს Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან უნდა გადაიხადოს 500 მილიონ დოლარამდე თანხა, როცა ბერმუდის კუნძულების სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ფილიალის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებას მოელიან მომავალი კვირისთვის, მაგრამ საქმეში ჩახედული პირების თანახმად, საქმე ეხება ივანიშვილის საჩივარს და რომ სასამართლომ მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ბანკი ადრე აცხადებდა, რომ ამ საქმეში „ყველა საჭირო იურიდიულ ზომებს მიმართავს."
Financial Times-ის თანახმად, Credit Suisse-მა იანვარში გამოაცხადა, რომ 2021 წელს შექმნა 469 მილიონი დოლარის მოცულობის სარეზერვო ფონდი სასამართლო გარჩევებისთვის. მას დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
ივანიშვილმა უარი უთხრა Financial Times-ს საქმის გარშემო კომენტარი გაეკეთებინა, ხოლო ბერმუდის კუნძულების სასამართლომ ასევე არ ისურვა შეეფასებინა გადაწყვეტილება.
ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.
ივანიშვილმა შვეიცარიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა და სარჩელით მიმართა ბერმუდის უზენაეს სასამართლოს ბერმუდის კუნძულებზე მდებარე Credit Suisse-ის ფილიალის წინააღმდეგ, შარშან ნოემბერსა და დეკემბერში. Credit Suisse-ი დიდხანს ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს და რომელმაც 2020 წელს, გათავისუფლების შემდეგ თავი მოიკლა, წარმატებით ახერხებდა მისი უფროსობისა და კოლეგებისგან უკანონო, თაღლითური საქმიანობის დამალვას. ბანკი, ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში განხილულ საქმეში, თავადაც დაზარალებულ მხარედ იყო აღიარებული, წერს Financial Times-ი.