"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამავე პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას უკავშირებს. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევაზე და ოპოზიციური ტელეარხებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსი სანქცირებული ბიზნესმენი და ივანიშვილი ფიგურირებდნენ.
"ჩვენთვის გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო გაუგებარი, მაღალი ხარისხის კოორდინაცია. გვახსოვს, [უკრაინის] პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები. [რუსი სანქცირებული მილიარდერის, ვლადიმერ] ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია - კაცი არ ექვემდებარება სანქციებს, ეს კაცი ახორციელებს ზარს [ბიძინა ივანიშვილთან] და შემდეგ ეს ხვდება "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა.
ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი, კონკრეტული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს. ამის მიზეზი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მგონია, რომ მინიმუმ მიუღებელი და პრინციპულად არასწორია", - თქვა კობახიძემ.
6 მაისს ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ. კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.
PR კომპანია აცხადებს, რომ 4 მარტს მოთხოვნილ გადარიცხვასთან დაკავშირებით თანხმობა ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გაიცა, ოფიციალურ დასაბუთებაში კი მიზეზად "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში" იყო მითითებული.
"ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან", - ეწერა Cision-ის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.
მასალა არქივიდან Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილთან დავა წააგო და 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს