წითელი ღვინო სტალინის ეტიკეტით - 9 მაისის საჩუქარი ვეტერანებს

9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ხანდაზმულ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად თითო ბოთლი ქართული წითელი ღვინო აჩუქეს.   

2018 წლის ჩამოსხმის „მუკუზანის” ბოთლებზე სტალინის შავ-თეთრი ფოტო იყო გამოსახული დიდი ოქროსფერი წარწერით STALIN. მშრალი ღვინის ეტიკეტზე კომპანია NORTH ARROW-ის სახელი და ლოგოა დატანილი. ბოთლის უკანა მხარეს, ღვინის მწარმოებლად შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიაა” მითითებული.

NORTH ARROW-ს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული აქვს, რომ კომპანიას ქართული ღვინო ექსპორტზე ჩინეთში გააქვს:

„კომპანია Xinjiang Beifang Jianda Trade Co. Ltd დაარსდა 2008 წელს და უკვე 2009 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტების იმპორტს სინძიანისა და დჟიძიანის პროვინციებში”.

NORTH ARROW რადიო თავისუფლების შეტყობინებას ფეისბუკზე არ გამოხმაურებია. რადიო თავისუფლებას „დუგლაძეების ღვინის კომპანიის” ყველაზე დიდი წილის (25,68%) მფლობელი, ზაალ დუგლაძე ესაუბრა.

„მე ზეპირად არ მახსოვს, რომელ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ რატომ მეკითხები ან რატომ უნდა გითხრა, ვალდებული ვარ?!. ეგეთები [პროვოკაცია] ადრეც იყო. ასე რომ, არ ინერვიულო, კიდევ კარგი, ლენინი არ ხატია”, - უთხრა ზაალ დუგლაძემ რადიო თავისუფლებას. მმართველი პარტიის დეპუტატი ძმასთან, დავით დუგლაძესთან ერთად კომპანიის წილების ნახევარზე მეტს ფლობს.

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, როგორც წესი, საიუბილეო საჩუქრების შესახებ მათ კომპანიები წინასწარ ატყობინებენ, თუმცა დღეს ვინ დაარიგა საჩუქრები, არ იციან.

„მართლა არ ვიცი, ვისგან იყო… ჩვენი მერიისგან იყო თუ ვისგან“, - უთხრა ერთ-ერთმა ვეტერანმა რადიო თავისუფლებას.

პრესსამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ როცა სტალინის ეტიკეტიანი ბოთლები დაინახა, საჩუქრის ავტორის გარკვევა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ზუსტად იმავე შეფუთვითა და იგივე ღვინო ინტერნეტში იყიდება. ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიაში ფასი დაახლოებით 10 ევროა (30 ლარზე მეტი).

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვება ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 172 ვეტერანია ცოცხალი, თუმცა ხანდაზმულობის გამო თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში წელს მხოლოდ 10-მდე ადამიანი მივიდა.

ყოველწლიურად ხელისუფლებისგან ყველა ვეტერანი ერთჯერად ფულად საჩუქარს იღებს. წელს 1000 ლარი იყო. ვეტერანებს საჩუქრები გაუგზავნა საქართველოს პარლამენტმაც.