უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მაისს კიევში კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაში დარჩენილი უკრაინის მცველების განცხადებებზე, რომლებითაც ისინი კვირას უფრო ადრე გამოვიდნენ. "აზოვის" დანაყოფის წევრების თქმით, სახელმწიფომ მათ ვერ აღმოუჩინა საჭირო მხარდაჭერა.
"ქალაქ მარიუოპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია. დღეს ეს შეუძლებელია. ეს არაა მოსაზრებები, ეს არის დასკვნები, რომლებთანაც ჩვენი არმიის ხელმძღვანელობა მივიდა. რუსეთი ცვლის მეომრებს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი ტყვეები არიან - ასეთივე ტყვეებზე. აი, ამგვარი ვითარებაა ახლა. ეს არის რუსეთის ფედერაციისგან მიღებული პასუხი. სხვა პასუხები არ გვაქვს", - ამ სიტყვებს ავრცელებს ბიბისის რუსულენოვანი სამსახური.
მანამდე დანაყოფ "აზოვის" დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელმა ილია სამოილენკომ ინტერნეტით გავრცელებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის სახელმწიფომ ვერ შეძლო მარიუპოლის დაცვა და ისინი მარტო დარჩნენ ომის ფონზე.
"აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის შენობაში დარჩენილმა უკრაინელმა სამხედროებმა 8 მაისს განაცხადეს, რომ უკან არ დაიხევენ და ბოლომდე იბრძოლებენ, როცა მათ გააფთრებული ბრძოლა ელით რუსეთის ძალებთან, ქარხნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის შემდეგ.
ასევე ნახეთ "აზოვსტალის" მცველები აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, ზელენსკი მოლაპარაკებას გამართავს "დიდი შვიდეულის" ლიდერებთან"აზოვსტალის" ქარხანამ, რომლის გვირაბებსა და ბუნკერებში 2000-მდე უკრაინელი მცველია გამაგრებული, ომში მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთის ძალებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებათ 9 მაისის, ანუ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის წინ.