ნიკოლოზ ღლონტი ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. ძალიან არ უყვარს „ნაციონალური მოძრაობა“. წარმოშობით ბათუმიდანაა, მაგრამ ახლა ვარშავაში ცხოვრობს. იქ მუშაობს იტალიურ სამშენებლო კომპანიაში… და კიდევ - ის არ არსებობს. ეს „მითების დეტექტორის” მკვლევარმა, ანი ქისტაურმა აღმოაჩინა.
ანი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბოლო ორი კვირა ფეისბუკზე ყალბი ანგარიშებისა და გვერდების კოორდინირებულ ქსელს აკვირდებოდა. მან შეისწავლა, რას პოსტავდნენ და აკომენტარებდნენ ქსელის წევრები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 27 თებერვლიდან 27 აპრილის ჩათვლით.
ქსელი კოორდინირებული რატომ არის? იმიტომ, რომ მასში ჩართული ანგარიშები მეგობრობენ ფეისბუკზე, მოწონებული აქვთ „ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ანტიოპოზიციური გვერდები. თანაც, ერთ დროს, ერთი სიხშირით პოსტავენ და აზიარებენ ერთმანეთის გზავნილებს, - განმარტავს ანი ქისტაური.
გზავნილი, ძირითადად, რამდენიმეა: უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა მაღალჩინოსნებს სურთ, ჩაითრიონ საქართველო რუსეთთან ომში. ამაში „ნაციონალური მოძრაობა” ეხმარებათ. მაგრამ საქართველოს ომი არ ემუქრება, ეს კი ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების” დამსახურებაა.
22 ყალბი ანგარიშიდან 15 სხვის ფოტოებს იპარავს, 7 კი უბრალოდ არ ამხელს თავის ვინაობას. ანი ქისტაური ამბობს, ეჭვი გაცილებით მეტ ანგარიშზე მაქვს, თუმცა გადაჭრით არ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ყალბიაო.
რადიო თავისუფლება უშედეგოდ ეცადა „მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილ ანგარიშებთან დაკავშირებას.
ნიკოლოზი სინამდვილეში არტიომია
ამ ქსელის ერთ-ერთი ყველაზე „წარმატებული” წევრი სწორედ ნიკოლოზ ღლონტია. კიდევ ერთ ყალბ ანგარიშთან, დავით გელაშვილთან ერთად, ის მართავს ფეისბუკჯგუფს „ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ოცნება”.
5 მაისს ჯგუფი აღარ იძებნება, თუმცა ჯერ კიდევ 4 მაისს, დილით ის მუშაობდა.
ანი ქისტაური ამბობს, რომ ჯგუფი პირველად არ ქრება და ეს მომხდარა „მითების დეტექტორის” წინა ანგარიშების შემდეგაც.
ამ ანგარიშების „გმირი” იყო ჯგუფის თანამმართველი დავით გელაშვილიც. მისი წყალობით, ანი მიხვდა, რომ ავთენტიკური ანგარიში არც „ნიკოლოზ ღლონტი” იქნება.
„იმდენად დამაჯერებელი პიროვნება ჰქონდა შექმნილი… ორჯერ შევედი და ეჭვი არ შემპარვია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ყალბი პროფილი”, - ამბობს იგი.
ანი ქისტაურმა გაარკვია, რომ ტროლი ამოფარებულია რუსეთის მოქალაქის, არტიომ სტეპანოვის ფოტოებს და ამაში დასარწმუნებლად ვიდეოზარით ელაპარაკა.
არტიომ სტეპანოვს რადიო თავისუფლებაც დაუკავშირდა. მას თავიდან ძალიან გაუკვირდა, როცა აღმოაჩინა, რომ საქართველოში ნიკოლოზ ღლონტის სახელით იცნობენ.
„შემდეგ რაღაცნაირად ირონია ჩამერთო. ასე უაზროდ ფეიკების გაკეთება როგორ შეიძლება? შეეძლოთ მოეფიქრებინათ უფრო დამაჯერებელი პერსონაჟი და არა უბრალოდ აეღოთ ფოტოები ღია პროფილიდან. ძალიან დაუდევარი დამოკიდებულება აქვთ პროპაგანდისტების პროპაგანდის შექმნისადმი”, - ამბობს იგი.
არტიომ სტეპანოვი ვარშავაში ცხოვრობს. ძალიან უყვარს მოგზაურობა და ახლა ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. მისი თქმით, ემიგრაციაში 2014 წელს წავიდა.
„დიდად არასდროს ვუჭერდი მხარს [პუტინს]. 2014 წლის ომის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ მისი მმართველობისას ქვეყანაში აღარაფერი კარგი აღარ მოხდება… მაგრამ ასეთი სიგიჟეს არ ველოდი”, - ამბობს იგი.
არტიომმა უკვე დაარეპორტა თავისი „ალტერ-ეგო”. ოღონდაც საკუთარი სიმართლის დამტკიცება შეიძლება გაუჭირდეს - ასზე ოდნავ მეტი მეგობარი ჰყავს, „ნიკოლოზ ღლონტს” კი - თითქმის ხუთი ათასი.
ინტერვიუ ტროლთან
უკანასკნელ ორ თვეში ნიკოლოზ ღლონტის ფეისბუკპოსტებს ციტირებს, სულ ცოტა, 7 ქართული ონლაინგამოცემა.
აზერბაიჯანულმა გამოცემამ, caliber.az-მა კი მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გადაჭრის გზებზე ესაუბრება. ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდგომ, ყველა გაუგებრობა საქართველოსა და უკრაინას შორის ამოწურულია.
რადიო თავისუფლების წერილის პასუხად, caliber.az-ის რედაქციამ მოგვწერა, რომ მათი ჟურნალისტი რესპონდენტს „ხმოვანი მესენჯერით” ესაუბრა. მის ვინაობაში ეჭვი არ შეჰპარვიათ, რადგან მეგობრებში „ბევრი ქართველი ექსპერტი და პოლიტიკოსი” ჰყავს.
არაფერი ახალი
ანი ქისტაური ჰყვება, რომ სხვა პიროვნებად საკუთარი თავის გასაღება ტროლების ნაცადი ტაქტიკაა.
„მითების დეტეტორის” და სხვა კვლევითი პროექტების ანგარიშები აჩვენებს - არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, ფეისბუკზე აქტიურდებიან ტროლების ქსელები. ზოგი სხვის ვინაობას იპარავს, ზოგის ვინაობის დადგენა კი შეუძლებელია. მათი მთავარი მიზანია - ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე.
ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლური ქვეყნების საელჩოები… ყველას, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ტროლები ადრე თუ გვიან ადანაშაულებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში.
ტროლებს განსაკუთრებით „უყვართ” რეიტინგული მედიასაშუალებების პოსტებზე კომენტარების გაკეთება.
ასევე ნახეთ ფრთხილად, კომენტარები! - როგორ წაგართვეს ტროლებმა და ბოტებმა დისკუსია„უკვე წლებია, მათი მიზანია, შექმნან განცდა, რომ ხელისუფლებას ჰყავს მხარდამჭერთა არმია. ამ არმიას ძალიან კარგად ახსოვს, ოპოზიცია რას აშავებდა წლების განმავლობაში და როგორ სურს ქვეყნის ომში ჩართვა”, - ამბობს ანი.
ის იხსენებს, რომ ტროლების საპოვნელად ხანდახან ათასობით კომენტარის წაკითხვა უწევს. ამას თან ახლავს ბევრი პრობლემა. ტექნოლოგია, რომელსაც ყალბი ანგარიშების გამოსავლენად იყენებს, სრულყოფილი არ არის და ტროლებს ჯერაც შეუძლიათ მისი მოტყუება. თუ სხვა ადამიანის ფოტოს არ იპარავს, ტროლის ტყუილში გამოჭერა უფრო რთულია.
„შეიძლება ვიცოდე, რომ ანგარიშია ყალბი და სხვის ფოტოს იპარავს, მაგრამ არ შემიძლია ამის დამტკიცება… თუმცა ზოგჯერ მარტივია. თუ ანგარიშს ჰქვია „Tamo Tamo”, ანგარიშის ბმულში კი უწერია „დავით დვალი”, დიდი ალბათობით, ეს ანგარიში ყალბია”, - ამბობს ანი.
უკრაინის ხელისუფლების დაკნინებას მხოლოდ „ქართველი” ტროლები არ ცდილობენ. 1 მაისს ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსული ტროლები გააქტიურდნენ ტიკ-ტოკსა და ინსტაგრამზე. უკრაინის ხელისუფლების შესახებ ყალბი ამბების გავრცელებასთან ერთად, ისინი რუსული აგრესიის გამართლებას ცდილობენ.
გარდა ამისა, დაზვერვამ აღმოაჩინა ტროლების ახალი ქარხანა სანქტ-პეტერბურგში.
„ტელეგრამის დახმარებით ისინი აქტიურად იმატებენ და მართავენ ახალ წევრებს, რომლებიც შემდეგ უტევენ კრემლის კრიტიკოსების პროფილებს. იქ კი პუტინისა და ომის მხარდამჭერ კომენტარებს ტოვებენ”, - ნათქვამია ანგარიშში.
P.S. სანამ ეს ტექსტი იწერებოდა, მოპარული ფოტოები გაქრა „ნიკოლოზ ღლონტის” და „დავით გელაშვილის” ანგარიშებიდან. ანი ქისტაურის მიერ გამოვლენილი დანარჩენი ყალბი ანგარიშების ფოტოები უცვლელია.