ხუნდაძე სააკაშვილს პასუხობს: ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მასთან შეხვედრის შესახებ, წერილობით უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. ის აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს შეხვედრის აზრს, რადგან მას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება.

„ბატონო მიხეილ, ის, რომ ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, პატიმრობის საწყისს ეტაპზე, როდესაც შიმშილობდით, დავით სერგეენკოსთან ერთად მოვედით ციხეში თქვენი ჯანმრთელობის მოსაკითხად. რის შემდეგაც გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება თქვენი კლინიკაში გადაყვანის. სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად მოვიკითხეთ, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გავარკვიეთ, რომ გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე. მიიღებთ თუ არა ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი. მით უმეტეს, მე არ გახლავართ იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად გჭირდებათ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, დაუჯეროთ მკურნალ ექიმებს და შეასრულოთ მათი რეკომენდაციები და რჩევები", - ნათქვამია ხუნდაძის წერილში.

რაც შეეხება დადგენილების საფუძველზე ციხიდან გათავისუფლების საკითხს, დეპუტატი მიმართავს ყოფილ პრეზიდენტს:„მე არ გისურვებდით, რომ იმ დიაგნოზით და იმ კრიტერიუმებით გათავისუფლებულიყავით ციხიდან, რაც იქ არის ჩამოთვლილი, რადგან არ მსურს ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ისე, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი, სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა.თქვენი მომართვიდან ვრწმუნდები, რომ პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლით. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოგვიწოდებთ, თქვენგან გამოსულებმა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთოთ. გვიწვევთ როგორც ექიმებს და განცხადებებს გვთხოვთ, როგორც პოლიტიკოსებს. მეც როგორც ექიმი გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორც პოლიტიკოსი მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე“.

4 მაისს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს ციხიდან მიმართა მიხეილ სააკაშვილმა. მან სურვილი გამოთქვა, რომ ციხეში მოინახულონ, როგორც პაციენტი.

ასევე ნახეთ სააკაშვილი სერგეენკოს და ხუნდაძეს მიმართავს: მომინახულეთ, როგორც პაციენტი

4 მაისს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს ცენტრ „ემპათიის" ექსპერტები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

ასევე ნახეთ ცენტრ „ემპათიის" ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების უფლება არ მისცეს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველის კონსილიუმი: სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც იწვევს კუნთების დაშლას

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.