ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში საბრძოლველად 400 "მოხალისე" გაგზავნეს

კიევის ოლქში განადგურებული რუსული ტექნიკა, 2022 წლის 31 მარტი

ოსური ტელეგრამ-არხები ჩრდილოეთ ოსეთიდან უკრაინაში 400 მოხალისის გაგზავნის შესახებ იუწყებიან. მათი ცნობით, კოლონებს რესპუბლიკის პარლამენტში რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატი, ბორის კანტემიროვი, მიაცილებს. მანამდე კანტემიროვმა რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში უწოდა "წმინდათაწმინდა მოვალეობა" და მსურველებს ომში "მოხალისეებად" წასვლისკენ მოუწოდა.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩანს სამხედრო სატვირთო მანქანა ალანიის დროშით და რუსეთის სამხედრო აგრესიის სიმბოლო ასო z-ით. მანქანის კაბინაში ზის მინიმუმ ორი ჯარისკაცი, რომელთაგან ერთ-ერთს ხელზე წმინდა გიორგის ლენტი უკეთია. გამოცემა "სპუტნიკ იუჟნაია ოსეტიას" თანახმად, ე.წ. მოხალისეები უკრაინაში ჯერ კიდევ 28 აპრილს გაემგზავრნენ.

"ტელეგრამის" არხ "ოსეტიას" ცნობითვე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დავალებით, უკრაინაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ ფუხაევიც გაემგზავრა.

ასევე ნახეთ

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა მოსკოვში ცხინვალელი დაჭრილები მოინახულა

მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გააგზავნეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.