მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში ექიმების ნაწილმა აქცია გამართა

ექიმების ერთი ჯგუფის აქცია ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. 4 მაისი, 2022 წელი

ქუთაისელი ექიმების ნაწილმა, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობის მოთხოვნით აქცია გამართა.

ექიმები სთხოვენ საქართველოს მთავრობას, პენიტენციურ დაწესებულებაში დაუშვან ექსპერტები, ექიმები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარებენ კვალიფიციურ გამოკვლევას, რომლის შემდეგაც დადგება შესაბამისი მკურნალობის საკითხი საქართველოში თუ საზღვარგარეთ.

"მე ვიყავი პატიმარი იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. იქ იყო შესაძლებლობა ჩატარებულიყო ლაბორატორიული თუ სხვა კვლევები. ძალიან მიკვირს, რატომ არ აკეთებენ იგივეს სააკაშვილის შემთხვევაში?" - ამბობს ექიმი ირაკლი მერკვილაძე.

კიდევ ერთი ექიმი, ნატალია ბაბუხადია, ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფის შექმნას ითხოვს.

"ვითხოვთ აღმოუჩინონ სააკაშვილს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ჩვენ ვიცით მხოლოდ სახალხო დამცველის ფარგლებში შექმნილი კონსილიუმის მიერ დადებული დასკვნა და არ გვაქვს ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებამ ვიცოდეთ კონკრეტული საჭიროებები. ამიტომ ვითხოვთ, შეუშვან პროფესიონალი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან", - ამბობს ნატალია ბაბუხადია.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა დღეს, 4 მაისს, აქცია გამართეს თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან, მოთხოვნით, გადაიყვანონ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ასევე ნახეთ „სიცოცხლისთვის“ - პრეზიდენტის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

დღესვე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს ცენტრ „ემპათიის" ექსპერტები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

ასევე ნახეთ ცენტრ „ემპათიის" ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების უფლება არ მისცეს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს, რაც გამოწვეულია ანორექსიით.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

ასევე ნახეთ იქნებ, სასჯელის გადავადება? - გამოცდილება, კანონი, შესაძლებლობა

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.