ცენტრ „ემპათიის" ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების უფლება არ მისცეს

ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს ცენტრ „ემპათიის" ექსპერტები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

„პასუხი არის სრულიად გაუგებარი. პრაქტიკულად შეუძლებელია პასუხის გაგება. ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი და პატიმრის კანონიერი უფლების განხორციელებას - პატიმარმა ჩაიტაროს ექსპერტიზა. ახლა უბრალოდ დავაფიქსირეთ ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსპერტებს არ უშვებენ ციხეში, ამით საქართველოს არაერთი კანონი უხეშად ირღვევა. შევადგინეთ ოქმი, ხუთმა ექსპერტმა მოაწერა ხელი და ხვალ ეს ოქმი გაიგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ექსპერტიზაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ოქმით მივმართავთ გენერალურ პროკურატურას", - უთხრა ჟურნალისტებს ციხესთან ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

მისი განცხადებით, ორგანიზაცია ვერ ახერხებს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან დაკავშირებას. „ჯიუტად გვითიშავენ „ცხელ ხაზს“. იწყება საუბარი და შემდგომში ითიშება ტელეფონი. მეორე ტელეფონიდან ვრეკავთ და ასევე ითიშება", - თქვა ჯიშკარიანმა.

„ემპათიის" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ორგანიზაციას ექსპერტიზის ჩასატარებლად დამატებითი თანხმობა არ სჭირდება.

„აქაური დაწესებულება აცხადებს, რომ ბაზაში არ არის ატვირთული თანხმობა. ჩვენ თანხმობა არ გვჭირდება, საქართველოს არცერთ კანონში არ წერია, რომ თანხმობა არის საჭირო იმისათვის, რომ პატიმრის უფლება განხორციელდეს ჯანდაცვაზე და ექსპერტიზაზე განსაკუთრებით. ცენტრი „ემპათია“ გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, სრულიად მიუკერძოებელი და ობიექტური, რომელსაც აქვს სასამართლო-ფსიქიატრიული და სასამართლო-სამედიცინო ლიცენზიები. არანაირ კანონში არ წერია, რომ ცენტრ „ემპათიას“ სჭირდება პენიტენციური სამსახურის თანხმობა იმისთვის, რომ ციხეში ჩაატაროს ექსპერტიზა, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა და დაამატა, - რეაგირებისთვის მივმართეთ, არა მარტო პენიტენციურ სამსახურს, არამედ იუსტიციის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის არაერთ კომიტეტს და რეაგირებისთვის ქალბატონ ზურაბიშვილს. აგრეთვე მიმართეს აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას".

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველის კონსილიუმი: სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც იწვევს კუნთების დაშლას

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.