მიხეილ სააკაშვილის ოჯახი თბილისში ხვალ აქციას მართავს

მიხეილ სააკაშვილის ძმები

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ორგანიზებით, ხვალ, 5 მაისს, თბილისში აქცია გაიმართება. ოჯახი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

"ჩვენ, ოჯახმა გადავწყვიტეთ, ხვალ კანცელარიასთან, საღამოს 7 საათზე ვაორგანიზებთ აქციას, რომელიც იქნება იმისთვის, რომ გავაგონოთ ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა. მივმართავ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიდგნენ გვერდით. "ქართული ოცნების" მომხრე ხართ თუ "ნაციონალური მოძრაობის", ადამიანი ითხოვს შველას, ოჯახი ითხოვს შველას", - თქვა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.

გიორგი სააკაშვილის თქმით, ეს იქნება სპონტანურად ორგანიზებული აქცია.

ასევე ნახეთ კობახიძე სააკაშვილზე: რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი... ჭამოს და დამთავრდება პრობლემები

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აქციას გამართავენ დღეს, 4 მაისს. აქცია გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. აქციები 6 მაისს იგეგმება ბათუმსა და რუსთავშიც.

ექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველის კონსილიუმი: სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც იწვევს კუნთების დაშლას

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.