უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში არაოფიციალურად აკრძალეს ქორწილების მასშტაბურად აღნიშვნა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტს, Кавказ.Реалии-ს ჩეჩნეთიდან აცნობა ორმა წყარომ. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მითითება არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე დაყრდნობით, რომ „ასე ფიქრობს ფადიშაჰი“, ანუ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი.
Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩეჩნეთში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ სამი „კადიროველი“, რომლებიც რუსული არმიის ჩეჩნურ ქვედანაყოფში მსახურობდნენ. გამოცემის წყაროთა თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებებისას მოკლულია ჩეჩნეთის 60-მდე მცხოვრები. თავად კადიროვმა მხოლოდ ერთხელ, 1 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში ორი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა.
ასევე ნახეთ ვინ არის რუსეთის გმირი დელიმხანოვი და რატომ დააწესა კადიროვმა 1 მილიონი დოლარის ჯილდო?ჩეჩნეთში ხალხმრავალი ქორწილების არაოფიციალურად აკრძალვის შესამოწმებლად Кавказ.Реалии-ს კორესპონდენტი გროზნოში დაუკავშირდა ხუთ საბანკეტო დარბაზს, სადაც ასეთი წვეულებები იმართება. ჟურნალისტს ხუთიდან ოთხში არ უპასუხეს, ერთგან კი უთხრეს, რომ მზად არიან მხოლოდ 50-მდე სტუმრის მისაღებად, რაც ადგილობრივი ტრადიციის გათვალისწინებით, საკმაოდ ცოტაა.
გუდერმესის და არღუნის საბანკეტო დარბაზებში Кавказ.Реалии-ს კორესპონდენტს განუცხადეს, რომ „რაღაც ინფორმაცია უნდა დააზუსტონ“, ერთ-ერთი დიდი დარბაზის ადმინისტრაციამ კი, ქორწილის მასპინძლობაზე უარი თქვა კონკრეტული მიზეზის დაუსახელებლად. ჩეჩნეთის ადგილობრივი ხელისუფლება ქორწილების არაოფიციალურად აკრძალვაზე კომენტარს არ აკეთებს.