ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი - რომელშიც, ჩემი აზრით, პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ადამიანების დიდი უმრავლესობა შედის - უიმედობამ მოიცვა. მას ძალიან არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არ იცის, რა ქნას. ის ოპოზიციითაც ძალიან გაწბილებულია, მაგრამ ვერც მას ეუბნება, რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად.
ამ ფონზე, რუსეთ-უკრაინის ომი რაღაცნაირად შველის სიტუაციას, პირველ რიგში იმით, რომ საზოგადოებას ყურადღება მასზე გადაგვაქვს. მეტიც, უკრაინა იძლევა იმედს, რის წყაროსაც საქართველო ვეღარ ხედავს: ის არა მარტო გმირობისა და შემართების მაგალითს გვაჩვენებს, არამედ, მიუხედავად საშინელი მსხვერპლისა და ნგრევისა, ისე ჩანს, რომ გამარჯვებისკენ მიიწევს. უკრაინის წარმატება ჩვენი წარუმატებლობის ფსიქოლოგიური კომპენსაციაა; ზელენსკი პოლიტიკურად ობოლი საქართველოს ერზაც-პრეზიდენტად იქცა.
არ არის გამორიცხული, ომის შედეგებმა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც მოახდინოს გავლენა, მაგრამ ამაზე ფსონის დადება არც ძალიან გონივრულია და ცოტა შეურაცხმყოფელიც. საბოლოოდ, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა ისევ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაარკვიონ. შესაბამისად, ჩვენი დასასმელი შეკითხვები უნდა დავსვათ. მაგალითად: რამ მიგვიყვანა ასეთ მდგომარეობამდე და როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან? ცხადია, რომ მეორეზე პასუხი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველსაც არ უნდა გავექცეთ.
როგორ მოვედით აქამდე: ოპოზიციის მაქსიმალისტური სტრატეგიის კრახი
საქართველოში ოპოზიცია უარეს დღეშიც ყოფილა, მაგრამ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ის ასეთი უნიათო არასოდეს ჩანდა. ამას ვერ ავხსნით მხოლოდ ხელისუფლების ზეწოლით, თუმცა ცხადია, რომ ეს უკანასკნელი სულ უფრო ღიად ავტორიტარული ხდება. მაგრამ საკუთარი მდგომარეობა ოპოზიციამ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ შეცდომებს უნდა დააბრალოს.
კერძოდ, ბოლო პერიოდში, მან ორჯერ მკვეთრად გაზარდა პოლიტიკური თამაშის ფსონი და ამით მომხრეებს არარეალისტური მოლოდინები შეუქმნა, ისე, რომ მათი დაკმაყოფილების რესურსი არ გააჩნდა. იმედგაცრუება და დეპრესია ბუნებრივი შედეგია.
პირველი ესკალაცია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს ნაბიჯი გამართლებული იქნებოდა, თუკი ოპოზიცია დაარწმუნებდა საზოგადოებას, რომ ხელისუფლებამ მოგებული არჩევნების შედეგი წაართვა. ამას უნდა მოჰყოლოდა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის მეშვეობით ხელისუფლების დაყოლიება საარჩევნო სისტემის რეალურ რეფორმასა და ვადამდელ არჩევნებზე. ამის პრეცედენტი - ვარდების რევოლუცია - საქართველოში უკვე არსებობდა. თუმცა, იყო ნეგატიური გამოცდილებაც, როდესაც 2008 წლის ოპოზიციამ საპარლამენტო ბოიკოტით თავი ბოლომდე გაინადგურა და მის მკვდრეთით აღდგენას ციდან ჩამოფრენილი ოლიგარქი დასჭირდა.
2020 წლის შედეგი 2008 წლის პრეცედენტთან მიახლოებული აღმოჩნდა. მართალია, საარჩევნო პროცესის ზოგადი უსამართლობა ეჭვს არ იწვევდა, საზოგადოების მხოლოდ მცირე (თუმცა შედარებით აქტიურმა) ნაწილმა დაიჯერა, რომ ოპოზიციას გამარჯვება წაართვეს. „ვარდების რევოლუციისგან“ განსხვავებით, არც ქართველმა და არც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ექსპერტებმა ეს შეფასება არ დაადასტურეს. როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, პარლამენტის ბოიკოტს საზოგადოების შედარებით მცირე ნაწილი უჭერდა მხარს. სერიოზული სახალხო პროტესტის მუხტი არ შექმნილა. ქართული დემოკრატიის საერთაშორისო მეგობრები, რომლებიც ბოლო ხანებში ჩვენი ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას არ ერიდებიან, ამ საკითხში ოპოზიციას ერთხმად განუდგნენ.
ოპოზიციის საქმე უიმედოდ გამოიყურებოდა, სანამ, ნიკა მელიას სკანდალური დაპატიმრების გავლენით, ციდან მხსნელი არ ჩამოფრინდა - ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი. მისი უშუალო ჩართულობით ოპოზიციამ მიაღწია მისთვის შედარებით მომგებიან შეთანხმებას ხელისუფლებასთან და კრიზისიდან „სახის შენარჩუნებით“ გამოსვლის საშუალება მიეცა: ხომ ხედავთ, ბოიკოტით რაღაცას მივაღწიეთ.
საბოლოოდ, მიშელის პროექტიც ჩავარდა. ხელისუფლებამ, ოპოზიციის არაერთგვაროვანი პასუხის მომიზეზებით, შეთანხმებაზე უარი თქვა. მეორე მხრივ, ოპოზიციას გაუჭირდა გატეხილის გამთელება, ანუ ჰეროიკულ-რომანტიკული რიტორიკიდან („მთავრობა აგონიაშია, მას მალე გავისტუმრებთ“) რუტინულ საპარლამენტო პოლიტიკაზე გადართვა. რიგითი მომხრეები დაბნეულები დარჩნენ: „თქვენ არ ამბობდით, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ახლა ლეგიტიმური როგორ გახდა?“, ოპოზიციამ შეფარულად თავად აღიარა ბოიკოტის პოლიტიკის მცდარობა იმით, რომ მონაწილეობა მიიღო 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში და მათი შედეგები აღიარა, თუმცა ძნელია ვამტკიცოთ, რომ ამჯერად ყველაფერი კანონიერად ჩატარდა.
მეორე ესკალაცია ადგილობრივი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით, დაპატიმრებით და შიმშილობით დაიწყო. ოპოზიციას (ამ შემთხვევაში, უპირატესად, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს), გაუჩნდა იმედი, რომ თვით მიშას ჩამოსვლა ვითარებას გარდატეხდა. მაგრამ სასწაული ისევ არ მოხდა. შედარებით უფრო მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები შედეგის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბოიკოტის პოლიტიკამ ძირითადად ე.წ. მესამე პარტიებს დაარტყა: ის მათი მომხრეების პოლიტიკურ ინსტინქტებს ეწინააღმდეგებოდა; გარდა ამისა, მათ კიდევ უფრო გაუჭირდათ ამომრჩეველთა დარწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავდებიან (შედეგი მუნიციპალურ არჩევნებში დავინახეთ). სააკაშვილის ჩამოსვლამ უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოიწვია ლიდერობის კრიზისი. „მიშა ჩამოდის“ პროექტის აქტიურმა მომხრეებმა თავიანთი მარცხი პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და სხვა ლიდერებს გადააბრალეს, მაგრამ მათთვის უფრო მისაღები ლიდერებიც არ ჩანან.
უკან, რეალობისკენ
კრიტიკა ადვილია, განსაკუთრებით უკანა რიცხვით. მით უმეტეს, ოპოზიციის კრიტიკით დღეს ვერავის გააკვირვებ. მაგრამ ოპოზიციის კრიტიკოსები თავადაც შეიძლება იყვნენ პრობლემის ნაწილი.
ის, რაც აქ შეცდომებად ჩამოვთვალე, ეხება არა მხოლოდ ვიწროდ გაგებულ „ოპოზიციას“ - ანუ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და „აქტივს“, არამედ ზოგადად კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, ანუ პოლიტიკაზე აქტიურად მოლაპარაკე თუ საპროტესტო აქციებში პერიოდულად მონაწილე ადამიანებს. ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებები დიდწილად ასახავს ამ საზოგადოების განწყობას.
მაგალითად, პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობაზე, რაშიც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა, ვრცელდება ხალხზე, ვინც წლებია „მიშა ჩამოდი“-ს გაიძახოდა გულწრფელი იმედით, რომ მისი ქართულ მიწაზე ფეხის დადგმა მაგიურ შედეგს გამოიწვევდა. იმ ცხადი ჭეშმარიტების მრავალგზის წარმოთქმა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება წინამორბედს პოლიტიკური ნიშნით დევნის და სააკაშვილის ციხეში ყოფნა უსამართლოა, ამ პასუხისმგებლობისგან ვერავის გაათავისუფლებს.
გავიმეორებ, რაც დასაწყისში ვთქვი: ამ ხალხს ძალიან არ მოსწონს თავისი ხელისუფლება, მაგრამ მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს ის. ოპოზიციის ნებისმიერი ქმედება იმთავითვე ირონიულ კომენტარს იწვევს. საპარლამენტო საქმიანობაზე სტანდარტული რეაქციაა: „რა აზრი აქვს?“, „რას აკეთებენ იქ?“ (იგულისხმება, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამით მაინც არ შეიცვლება). მაგრამ არანაკლები ირონიით ხვდებიან (ხშირად, იგივე ადამიანები) ორიენტაციას ქუჩის აქციებზე, ოღონდ ამ შემთხვევაში კრიტიკის მახვილი ნაწილდება როგორც ოპოზიციაზე, რომელიც საპროტესტო მუხტს ვერ ქმნის, თუ ვერ იყენებს, ისე ზოგადად ხალხზე, რომელიც წესიერად ვერ იქნა და ვერ გაბრაზდა. პარალელურად მკვიდრდება აზრი, რომ „ბიძინა არჩევნებით არ წავა“, საიდანაც გამომდინარეობს, რომ არც არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა - თუმცა ეს ლოგიკური დასკვნა ჯერ პოპულარული არ გამხდარა.
ოპოზიციის მიმართ გზავნილი შეიძლება შეჯამდეს ცნობილი ფრაზით: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“, ხოლო ვითარების უფრო ზოგადი ხედვა კიდევ უფრო მოკლედ გამოითქმის: „მაინც არაფერი გამოვა“.
მაგრამ რაკი სრული უიმედობის ატანა ძნელია, სტრატეგიას ცვლის პოლიტიკური მაგია: აი, ზელენსკი პუტინს დაამარცხებს და მერე ჩვენს ბიძინასაც მოუვლის; საცაა დასავლეთი ბიძინასაც დაუწესებს სანქციებს და მერე მისი რეჟიმიც ჩამოიშლება; ჩვენ მაინც არაფრის მაქნისები ვართ, იქნებ გარედან ვიღაცამ რაღაც გვიშველოს.
ოღონდ უჩვენოდ ვერც უკრაინის გამარჯვება და ვერც დასავლეთის სანქციები სიტუაციას ვერ შეცვლის. ის, რაც ოპოზიციურ საზოგადოებას სჭირდება, რეალობასთან დაბრუნება და მაგიურ აზროვნებაზე უარის თქმაა.
როგორია ეს რეალობა?
ის მეტად არასახარბიელოა, მაგრამ არა უიმედო. დიახ, სახელმწიფო მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და მისი წართმევა იოლი ვერ იქნება. ეს სირთულე მხოლოდ ხელისუფლების ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსებით არ განისაზღვრება: მას აქვს საკმაოდ მყარი საზოგადოებრივი დასაყრდენი, რომელიც, თავის მხრივ, საკმაოდ ეფექტურ პიარსტრატეგიას ეყრდნობა.
მეორე მხრივ, როგორც IRI-ს ბოლო გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, სახელისუფლებო პარტიას და ოპოზიციას (კოლექტიურად) დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი ბევრისთვის დეპრესიის ახალი შეტევის მიზეზად იქცა, ახალი ამაში არაფერია: ეს ვითარება მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რაღაც პერიოდებში, ოპოზიციის კრებსითი რეიტინგი სჭარბობს ხელისუფლებისას, უფრო ხშირია, როცა ისინი ერთმანეთს უახლოვდება. ის, რომ განსაკუთრებით დემორალიზებული ოპოზიციის პირობებშიც კი, ხელისუფლებას მეტი მხარდამჭერი არა ჰყავს, მოწმობს, რომ მისი მდგომარეობაც არც ისე შეურყეველია.
ასეთ ვითარებაში მოლოდინი, რომ ხელისუფლება ერთი გმირული აქციით შეიძლება „გაისტუმროს“, მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს, ვინც თავისი ვიწრო „ბაბლის“ გარეთ ვერ იხედება. დიახ, რაღაც შეიძლება სწრაფად და მოულოდნელად შეიცვალოს, მათ შორის, გარე მოვლენების ზემოქმედებითაც, და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ ასეთ გათვლაზე სტრატეგიას ვერ ააგებ. ერთადერთი აზრიანი გათვლა შეიძლება გრძელვადიანი იყოს: ეს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებაა. ამ დროისთვისაც არ არსებობს წარმატების გარანტია, მაგრამ არც უიმედობის საფუძველი გვაქვს.
ოპოზიციური საზოგადოების და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების ამოცანაა, მუდმივი აჟიტირებულობის და სასწაულის მოლოდინის რეჟიმიდან რუტინული პოლიტიკის კალაპოტში დაბრუნდნენ, სადაც ყველა რესურსის გამოყენებაა საჭირო: საპარლამენტო პოლიტიკაც, ქუჩის აქციებიც, საერთაშორისო დონეზე აქტივობაც და ა.შ. - ოღონდ უნდა იცოდე, რომ ერთბაშად არცერთი შედეგს არ მოიტანს. ძირითადი ამოცანაა, მიიზიდო მერყევი ამომრჩეველი, რომელსაც ხელისუფლებაც არ მოსწონს და ოპოზიციის რადიკალიზმისაც ეშინია. უნდა შეეგუო, რომ რაღაც სრულიად ახალი და მსოფლიო პოლიტიკაში გაუგონარი შეიძლება ვერც გამოიგონო. დასაწყისისთვის უნდა ეცადო, ხელისუფლებაზე ცოტა ნაკლები სისულელეები ილაპარაკო, რაც, წესით, არც ისე ძნელი უნდა იყოს.
მაგალითად, უნდა აღიარო, რომ ფრაზა „ხელისუფლება აგონიაშია“ ისეთივე აბსურდულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა რადარებიდან ქრება“. სასარგებლოა იმის გახსენებაც, რომ ძველი ოპოზიციაც ამბობდა: „მიშა არჩევნებით არ წავა“, მაგრამ შეცდა. არ უნდა ჩაუნერგო შენსავე მომხრეებს აზრი ხელისუფლების უძლეველობაზე: ეს ხელისუფლების საქმეა და არა შენი.
ეს ყველაფერი ძალიან ძნელია. როგორც ფსიქიატრიიდან ვიცით, მანიაკალურ სტადიას გარდაუვალად მოსდევს დეპრესია. დღევანდელი განსაკუთრებული უიმედობაც, პირველ რიგში, ამით აიხსნება. ახლა განკურნება და ახალი ბრძოლებისთვის მომზადებაა საჭირო.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.