საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მან ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მედიას უთხრა, რომ შეშფოთებული არიან იმ ანგარიშების გაცნობით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისდით.
"მე არ მაქვს პირველი წყაროდან ინფორმაცია ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასევე, მე არ ვარ ექიმი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვიმსჯელო.
მაგრამ ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ვიღებთ ანგარიშებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია, რომ მისი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხზე სრულად პასუხისმგებელია სახელმწიფო, ეს არის ფუნდამენტური უფლებები", - თქვა ელჩმა.
ასევე ნახეთ კობახიძე სააკაშვილზე: რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი... ჭამოს და დამთავრდება პრობლემებიექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველის კონსილიუმი: სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც იწვევს კუნთების დაშლასსაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.