ამ ეტაპამდე ტერიტორიის დატოვება მხოლოდ 200-მდე ადამიანმა მოახერხა, 1 და 2 მაისს, პროცესის შეჩერებამდე. ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილებისა და ასევე იქ გამაგრებული ბრძოლისუნარიანი სამხედროების შემდგომი ბედი.
რა ხდება მარიუპოლში და კონკრეტულად „აზოვსტალში“?
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით?
21 აპრილს, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ მარიუპოლი გათავისუფლებულია და რუსეთის არმიის კონტროლს ექვემდებარება; ხოლო „აზოვსტალში“ გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს 3-4 დღეში მოუღებენ ბოლოს. პუტინმა შოიგუს შტურმის იდეა დაუწუნა - ჯარისკაცების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთო. „ეს სამრეწველო ზონა ისე დაბლოკეთ, ბუზიც რომ ვერ გამოფრინდეს“, - ასეთი იყო მის მიერ გაცემული საპასუხო ბრძანება.
პრეზიდენტის საჯარო ბრძანებიდან 10 დღე გავიდა.
მანამდეც და მას შემდეგაც, რუსეთის არმია 3-ტონიანი ბომბებითა და სხვადასხვა იარაღით ინტენსიურად უტევდა 25 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ქარხანას, რომელსაც, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ ცოტა 1000 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ძირითადად - ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ევაკუაცია
დაბომბვა დღესაც გაგრძელდა და, როგორც იუწყებიან, ევაკუაციის პროცესი შეჩერდა. 21 აპრილის შემდეგ, კომბინატის ძველი შენობიდან 100-მდე ადამიანის გამოყვანა პირველად 1 მაისს მოხერხდა, წითელი ჯვრისა და გაეროს ჩარევით.
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ 2 მაისს ასევე მოხერხდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა „აზოვსტალის“ შენობიდან. ამის შესახებ წერს „უნიანი“, მერის მიერ ტელეომპანია „1+1“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
ვრცელდება ვიდეო, როგორ ეხმარებიან "აზოველები" და სხვა სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს "აზოვსტალის" ტერიტორიის დატოვებაში. მანამდე მათ არაერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აუცილებელი იყო, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია.
გაზეთი "იზვესტია" კი, ინკოგნიტო რესპონდენტ მარიუპოლელებზე დაყრდნობით წერს, რომ მათ "აზოვი" ევაკუაციის შესაძლებლობას უმალავდა. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით არ დასტურდება.
ასევე ნახეთ შეჩერდა მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცესი
„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია პოლკმა „აზოვმა“ თავის ტელეგრამარხზე, პირველად 18 აპრილს გაავრცელა. ადამიანები ჰყვებოდნენ, რომ მეტალურგიული კომბინატის შენობას, სხვადასხვა დროს, თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისიდან შეაფარეს თავი და უკვე საკვები უმთავრდებოდათ.
საკვები
ივან გოლტვენკო, „აზოვსტალის“ ერთ-ერთი დირექტორი, აცხადებს, რომ ვიდეოზე ასახული ადამიანები ძირითადად ქარხნის თანამშრომლების ოჯახის წევრები არიან და მათი გამძლეობა გმირობის ტოლფასია.
რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გოლტვენკო ასევე განმარტავს, რომ შენობის ერთ ნაწილში, რომელსაც სამოქალაქო თავდაცვის ობიექტის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული, მაქსიმუმ 14 დღის სამყოფი საკვები ინახებოდა, თუმცა არ იყო გათვლილი ადამიანების ასეთ დიდ რაოდენობაზე.
1000 მშვიდობიანი მოქალაქის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, "აზოვსტალში" ამ ეტაპზე 2000-მდე სამხედრო აფარებს თავს და დაჭრილების რიცხვი 500-ს უტოლდება.
აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი აგილ რუსტამზადე ვარაუდობს, რომ ქარხნის უზარმაზარ ტერიტორიაზე სამხედროებისთვის წინასწარ მომარაგებული იქნებოდა რამდენიმე თვის სამყოფი საკვები, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში სავარაუდოა, რომ სამხედროებმა საკვები მშვიდობიან მოქალაქეებს გაუნაწილეს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ სამოქალაქო პირებზე მზრუნველობა სამხედროებს თავის გატანასა და საბრძოლო ამოცანების შესრულებას კიდევ უფრო ურთულებს.
ბრძოლა
პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "მარიუპოლში ძირითადად სამოქალაქო პირების პრობლემა დგას", თორემ სამხედროები ბრძოლას კიდევ კარგა ხანს შეძლებენ. ის ასევე მიიჩნევს, რომ შოიგუ ვერ შეძლებს პუტინის ბრძანების შესრულებას - ქარხნის ტერიტორიის სრული ბლოკირების შესახებ, რადგან ამას „სამჯერ იმაზე მეტი ჯარისკაცი სჭირდება, ვიდრე შტურმს“ და „მთელი მსოფლიო დაინახავს“, რომ ბრძოლა გაგრძელდება მარიუპოლის დამცველთა მცირე ჯგუფებით.
როგორც არესტოვიჩმა „მედუზასთან“ ინტერვიუში 24 აპრილს განაცხადა, უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალის“ გარდა მარიუპოლში კიდევ 4 ადგილას იმყოფებიან.
არესტოვიჩის კომენტარები ბოლო დღეებში განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თვლიან, რომ მარიუპოლს კიევი არასათანადო ყურადღებას აქცევს. პერიოდულად ამის საფუძველს იძლევა „აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის მებრძოლთა პესიმისტური და კრიტიკის ელფერის შემცველი განცხადებები.
იგივე არესტოვიჩი პერიოდულად ცდილობს იმის განმარტებას, რომ მარიუპოლში ახლობლები და ნათესავები ჰყავს პრეზიდენტის ოფისის თითქმის ყველა თანამშრომელს და, მათ შორის - პირადად მასაც.
ასევე ნახეთ "აზოვის" მეთაურის მოადგილე - "აზოვსტალი" პრაქტიკულად განადგურებულია. ვიბრძოლებთ ბოლო ტყვიამდე ასევე ნახეთ "აზოვის" მებრძოლებმა დაასახელეს მარიუპოლიდან ევაკუაციის პირობამარიუპოლის მცველთა მიერ პერიოდულად გამოვლენილ პესიმიზმს მალევე მოჰყვება ხოლმე ბრძოლის შემართება და მტერთან გამკლავების ამსახველი ვიდეოჩანაწერებიც.
- 19 აპრილს, პოლკ "აზოვის" ლეგიონის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ "კალინა" პალამარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „აზოვსტალი“ პრაქტიკულად განადგურებულია; ხოლო 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი აცხადებდა, რომ დარჩენილი იყო საათები.
- 20 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აზოველებმა“, საზღვაო ქვეითებმა და „უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა შენაერთებმა“ ერთად განახორციელეს უნიკალური საბრძოლო ოპერაცია მარიუპოლის პორტში დარჩენილი 500 მებრძოლის დასახმარებლად.
ასევე, ტელეგრამარხზე, 28 აპრილს, „აზოვმა“ გამოაქვეყნა ანგარიში მდიდარი საბრძოლო მიღწევების შესახებ და ტექსტშია სიტყვები - „ბრძოლა გრძელდება!“. ასევე ბრძოლის შემართება იგრძნობა პალამარის ინტერვიუში სააგენტო "როიტერსთან".
ასევე ნახეთ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე: ვიბრძოლებთ სანამ საჭირო იქნებაკილომეტრებზე გადაჭიმულ „აზოვსტალს“ მრავალი შესასვლელი და გასასვლელი აქვს, რაც, სამხედრო ექსპერტების განმარტებით, - მარიუპოლის მცველებს მტერზე მოულოდნელი თავდასხმის საშუალებასაც აძლევს.
21 აპრილს მარიუპოლიდან ევაკუირებული კაცი კამერის წინ სიამაყით ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ შიშის ზარს სცემდნენ „აზოველები“ რუს სამხედროებს და როგორი შიშით ელოდებოდნენ ისინი მათ მოულოდნელ თავდასხმებს.
ასევე ნახეთ "აზოვსტალის" სიმტკიცის საიდუმლო - უკრაინის მარიუპოლი რუსეთთან ომის 55-ე დღესმარიუპოლის მცველთა საკითხს, როგორც იუწყებიან, უკვე დიდი ხანია პირადად აკონტროლებს თავად პრეზიდენტი ზელენსკი. კიევი ბოლო დღეებშიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ ქარხანაში მყოფ ყველა ადამიანს მიეცეს ევაკუაციის უფლება. თუმცა რუსეთის ხელისუფლება უკრაინელი სამხედროებისგან მხოლოდ დანებებას ითხოვს, რაზეც ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ. ბოლო კვირებში მარიუპოლის მცველებმა უპასუხოდ დატოვეს მოსკოვის 3 ულტიმატუმი.
შესაძლებელია თუ არა დახმარება სამხედრო ძალით?
ვიქტორ ვერცნერი - ისრაელელი სამხედრო, არმიის რეზერვის ოფიცერი, „რადიო თავისუფლების“ პროგრამა „Донбасс Реалии“-სთან ამბობს, რომ ეს ძალიან რთული და დამაზარალებელი იქნებოდა უკრაინის არმიისთვის.
„120 კილომეტრზე სტეპი, ღია ადგილია გარშემო, რომელიც აცალკევებს უკრაინის არმიასა და ქალაქ მარიუპოლს. მოწინააღმდეგის მხრიდან ჰაერის სრული კონტროლის, საჰაერო უპირატესობის პირობებში, ასეთი ამოცანა [მარიუპოლის დებლოკირება], არ ვიტყვი, რომ შეუსრულებელი ამოცანაა, მაგრამ ის მოითხოვს ძალიან დიდ მსხვერპლს როგორც ადამიანების, ასევე ტექნიკის კუთხით...
ეს რომ გააკეთო, უნდა გქონდეს უზარმაზარი უპირატესობა მოწინააღმდეგესთან, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მხრივ... ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამჟამად მარიუპოლის განბლოკვა ნაკლებად მოსალოდნელია“, - აცხადებს ვერცნერი.
სამხედრო ექსპერტების შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინის წინაშე დგას არჩევანი - ან სამომავლო გამარჯვებაზე ფიქრი, ანდა მარიუპოლის შტურმის მცდელობა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ როგორც კი მარიუპოლისკენ გზას დაადგება, უკრაინის არმია რუსეთის საჰაერო იერიშების მკაფიო სამიზნე გახდება.
მარიუპოლის მცველებისგან არასოდეს გახმაურებულა მოთხოვნა, რომ - არმიას მათთვის ყველაფრის ფასად უნდა ეშველა.
აზერბაიჯანელი ექსპერტი, აგილ რუსტამზადე ვარაუდობს, რომ მარიუპოლის დებლოკირება დონბასში მიმდინარე სპეცოპერაციის აქტიური ფაზის შემდეგ მოხერხდება და ამის შესაძლებლობას ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების ათვისება გააჩენს. განსაკუთრებული იმედები შორი მოქმედების თანამედროვე საარტილერიო საშუალებებზე მყარდება.
აგილ რუსტამზადემ 16 აპრილს იუტუბარხ Newsader-ის გადაცემაში განაცხადა, რომ მარიუპოლის მცველებს ერთ თვეზე მეტი ლოდინი არ დასჭირდებათ.
ასევე ნახეთ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე: ვიბრძოლებთ სანამ საჭირო იქნებამარიუპოლის მცველ მებრძოლებს უკრაინაში საგანგებო პატივისცემითა და მადლიერებით მოიხსენიებენ. სამხედრო ექსპერტების განმარტებით, მათ შეასრულეს უნიკალური მისია და 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ალყაშემორტყმულ ქალაქში, შეძლეს დაახლოებით 15 ათასი რუსი სამხედროს შებოჭვა.
შედეგად, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ დიდი ხნის მანძილზე ვეღარ მოახერხა ამ შენაერთების ჯერ კიევის მიმართულებით, ხოლო შემდეგ - ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გადასროლა და ბრძოლაში დროულად ჩართვა.