პოლკ "აზოვის" მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუში, რომელიც დღეს, 28 აპრილს გამოქვეყნდა, ამბობს, რომ ისინი ქალაქს დაიცავენ მანამ, სანამ ამის საჭირო იქნება:
„აქაურობის დატოვების ბრძანება არ მიგვიღია. ვაგრძელებთ ქალაქის დაცვას. რა თქმა უნდა, რესურსები ამოუწურავი არ არის. ინტენსიური ბრძოლების დროს ყოველდღიურად გვეწურება მარაგები. მდგომარეობა რთულია და ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ეს ალყის შუასაუკუნეობრივი ტაქტიკაა. დიდ ძალებს აღარ იყენებენ ჩვენი დაცვის ხაზის გასარღვევად, საჰაერო დარტყმებით მოქმედებენ. ჯერ მშვიდობიანი მოქალაქეები, შემდეგ დაჭრილები, მოკლულები და შემდეგ ყველა დანარჩენი უნდა გავიყვანოთ. ჩვენ, როგორც სამხედრო ხელმძღვანელობას, ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ბიჭები ცოცხლები გადარჩნენ. მაგრამ არა ტყვეობით - ტყვეობაში მოკლავენ ან ხეიბრად აქცევენ. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ მესამე ქვეყანას, რომელიც მოლაპარაკებებისას "აზოვსტალის" ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლის გარანტი იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მარიუპოლი უკრაინაა. სანამ ჩვენი სამხედროები აქ არიან, სანამ ჩვენ ვართ აქ, სანამ დაცვას ვამაგრებთ და წინააღმდეგობას ვწევთ, "აზოვსტალი" მარიუპოლის ტერიტორიაზეა, შესაბამისად მარიუპოლი მათი არ არის. იმედია, ახლა მაინც ხვდება მსოფლიო, თუ როგორი შეცდომა დაუშვა. ლოიალური პოლიტიკის გამო, მსოფლიომ გამოზარდა ახალი ჰიტლერი, 21-ე საუკუნის ჰიტლერი. რასაც აქ აკეთებენ ჩვენი ჯარისკაცები, არა მარტო მარიუპოლში, მთელ უკრაინაში, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ვეხმარებით არა მხოლოდ უკრაინას, ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, საქართველო. მხოლოდ ჩვენზე ხომ არ გაჩერდება?!" - ამბობს სვიატოსლავ პალამარი.
მისი სიტყვებით, 500-ზე მეტი დაჭრილი მებრძოლი ჰყავთ და მათი ნაწილის მდგომარეობა სერიოზულია.
მარიუპოლი, უკრაინის ზღვისპირა საპორტო ქალაქი, რომელიც ორი თვეა რუსული ჯარის ალყაშია, ამ დროისთვის მიიჩნევა გაუტეხელობისა და უკრაინული შეიარაღებული ძალების ძლიერების სიმბოლოდ. თითქმის მიწასთან გასწორებული ქალაქის აღებას რუსეთის არმია ამ დრომდე ვერ ახერხებს - მას ძირითად წინააღმდეგობას ქარხანა "აზოვსტალში" გამაგრებული სამხედროები უწევენ.