უკრაინის დაზვერვა: რუსეთი პროდუქციის რეექსპორტზე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს პროდუქციის წარმოებას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და შემდეგ მათ ექსპორტს მესამე ქვეყნებში. უკრაინის მტკიცებით, ომის დაწყების შემდეგ ამ მიზნით ჩამოთვლილ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.

"უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი ფიქრობს "ОДКБ"-ს ქვეყნების (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გამოყენებით აწარმოოს სამხედრო პროდუქცია რუსეთის არმიისთვის და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომლების შესაქმნელადაც საჭიროა უცხოეთიდან შემოტანილი ნაწილები. ამ გზით რუსეთი გაზრდის ამ ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას კრემლზე, რაც ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესებში.

სომხეთი ხელსაყრელ პირობებს უქმნის რუსულ ბიზნესკომპანიებს, პირველ რიგში, IT სექტორში. რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის დაახლოებით 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია გადავიდა სომხეთში. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან 2 ქვეყნის - სომხეთის და რუსეთის ბიუჯეტებში" - ნათქვამია 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული დაზვერვა ასევე იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებების წამყვანი მწარმოებელი ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა იყენებს ყაზახეთს გერმანული ნაწილების მისაღებად. უკრაინაში შეჭყრამდე, რუსეთი გერმანულ პროდუქციას იყენებდა ბუკის ტიპის საჰაეროს თავდაცვის სისტემების და საზენიტო სარაკეტო დანადგარების წარმოებისა და მოდერნიზაციისთვის. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში პირდაპირ მას ამ პროდუქციის შეძენა დღეს გერმანიისგან აღარ შეუძლია.

დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა საქართველოს იყენებდეს სანქციების გვერდის ასავლელად, პირველი არ არის. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა.

მაშინ დაზვერვა საუბრობდა იმაზე, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.

ასევე ნახეთ რადის დეპუტატის თქმით, საქართველოზე მტკიცებულებები, ალბათ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“, - ამტკიცებდა უკრაინის დაზვერვა აპრილის თვეში. საქართველოს მთავრობამ და ოფიციალურმა უწყებებმა მაშინ ეს ინფორმაცია უარყვეს და "ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებად" შეაფასეს.