პირველ არხიდან გაუშვეს ის ჟურნალისტები, რომლებმაც ცენზურაზე ისაუბრეს

სოფო ზედელაშვილი, იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ის სამი თანამშრომელი, რომლებიც არხზე ე.წ. შავ სიასა და ცენზურაზე საუბრობდნენ. ბრძანებას მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ხელი დღეს, 29 აპრილს, მოაწერა.

ბერძენიშვილის ამ გადაწყვეტილებით, "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი ტელევიზიაში 1 მაისიდან აღარ იმუშავებენ. სამივე ჟურნალისტი რადიო თავისუფლებას ამ ინფორმაციას უდასტურებს. სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტები მომავალ კვირას ისაუბრებენ.

ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად არხის დირექტორი ბრძანებაში "საჯარო სივრცეში გავრცელებულ დაუსაბუთებელ და ცრუ განცხადებებს" ასახელებს.

რადიო თავისუფლება ცდილობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან და არხის პროდიუსერთან, ეკა შონიასთან დაკავშირებას, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. უშუალოდ "ახალი კვირის" პროდიუსერი, თამარ გოგესაშვილი ამბობს, რომ კომენტარს არ გააკეთებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავ სიებსა და ცენზურაზე არხის თანამშრომლები თებერვლიდან საუბრობენ. "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

ასევე ნახეთ იმედა დარსალია ასახელებს რესპონდენტებს, რომლებიც, მისი თქმით, "შავ სიაში" იყვნენ

"ახალი კვირის" წამყვანმა არხზე არსებულ ცენზურაზე საუბარი 17 თებერვალს დაიწყო. იმავე საღამოს იმედა დარსალიას "ფეისბუკზე" გამოეხმაურა არხის პროდიუსერი ეკა შონია.

"რაც შეეხება ბრალდებას ე.წ. შავი სიების შესახებ, რასაც, თურმე, ბატონი იმედა დარსალია ორი წლის განმავლობაში გულში ატარებდა, ეს ცდება რიგითი არაკეთილსინდისიერების ფარგლებს, პირადი ურთიერთობების და კოლეგიალობის ყველა წითელ ხაზს კვეთს და არხის ყველა თანამშრომელს აყენებს შეურაცხყოფას... ვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ ბატონი დარსალია კიდევ დიდხანს შეინახავდა "შავი სიების" საიდუმლოს, თუ ამბიციას დავუკმაყოფილებდით და გადაცემის წაყვანას მარტო გააგრძელებდა", - წერდა შონია.

პროდიუსერის ამ განცხადების შემდეგ გადაცემაში ცენზურაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემაც.

"ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია... ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი... ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას", - აცხადებდნენ ჟურნალისტები.

ასევე ნახეთ "ახალი კვირის" ჟურნალისტები ამბობენ, რომ პირველ არხზე იყო ცენზურის მცდელობები