ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საფუძვლებზე საუბრობს

ელენე ხოშტარია, "დროას" ლიდერი

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიზეზებზე საუბრობს. მან ბრიფინგზე ორი მიმართულებით ისაუბრა, დაეყრდნო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს რუსეთში აქვს ბიზნესი და მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ მისი რუსი პარტნიორი, ვლადიმერ ევტუშენკოვი სამხედრო დანაშაულის მონაწილეა.

"ევტუშენკოვი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის აწ უკვე დადასტურებული ძალიან ახლო პარტნიორი და საერთო საქმეში მყოფი, არის სამხედრო კრიმინალი, სანქცირებული მონაწილე, დამნაშავე უკრაინის და არამხოლოდ სამხედრო ოპერაციებში, რაც პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს და რაც არის მისი სანქცირების კიდევ ერთი საფუძველის", - თქვა ხოშტარიამ.

მან თავისი განცხადების გასამყარებლად ევტუშენკოვთან დაკავშირებით რამდენიმე მაგალითიც დაასახელა:

  1. "ის იყო აბსოლუტურად ყველა სამხედრო დანაშაულის მონაწილე პუტინის სამხედრო ოპერაციების დროს. ეს იყო სირიაში, ყირიმში, დონბასში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა, სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა ყველა ამ სამხედრო ოპერაციას. იყო იანუკოვიჩის მეგობარი. მან იანუკოვიჩს გადასცა ბინა, დაასახლა, მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში მოწყობისთვის";
  2. "მის მმართველობაშია მსოფლიო ასეულში შემავალი სამხედრო კავშირგაბმულობის კომპანია";
  3. "ის არის შოიგუს ბიზნესპარტნიორი. შოიგუ შვილის მეშვეობით მართავს კომპანიას, რომელშიც მას აქვს ჩადებული მილიარდნახევარი რუბლი და ის ამ კომპანიის მმართველობაშიც შევიდა";
  4. "მისი კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც კონკრეტულად ახლა ომის დროს უკრაინაში გამოიყენება, ბომბავს ხალხს".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს, 27 აპრილს ბიძინა ივანიშვილის რუსულ ბიზნესთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა საქართველო რუსეთთან ეკონომიკურად დამოკიდებულია და ეს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია დადგინდეს რამდენად ძლიერია ქართული მმართველი ელიტის წარმომადგენელთა ინტერესები რუსეთში. სწორედ ამ კონტექსტში აქვს "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნეს საქმიანობა შესწავლილი.

ასევე ნახეთ ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კვლევას აქვეყნებს

25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ასევე ნახეთ ევტუშენკოვი "ფორმულასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი უზდენოვს შეხვდა

ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა. ალი უზდანოვი მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.