პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" (საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" სახელითაა ცნობილი) თავმჯდომარე შეიცვალა. ზურა მახარაძემ ეს თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, გიორგი ქარდავა დაინიშნა.
საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ამ ცვლილებების დასარეგისტრირებლად პარტიამ ოფიციალური განაცხადი 28 მარტს შეავსო. შევსებულ დოკუმენტებში ხარვეზები აღმოჩნდა და ცვლილებები საბოლოოდ 11 აპრილს აისახა.
ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პარტიის გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო გახდა.
პარტიის ერთი-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია პარტიაში მიმდინარე ცვლილებებს რადიო თავისუფლებას ასე უხსნის:
"ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ ამ ყველაფერს. ზურასთან დაკავშირებით სხვა აქტივობებია, რომელსაც ის ამ დღეებში იტყვის... ჩვენთან თავმჯდომარე ვინ იქნება და ვინ - არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არ გვყავს ჩვენ ბელადები.
ისეთი აქტივობები გვაქვს ზურასთან დაკავშირებით დაგეგმილი, რომ მის თავმჯდომარეობის დროს წასვლა-მისვლა-მოსვლაში ხელს შეგვიშლიდა. [თავმჯდომარე] შევცვალეთ, ეს არის და ეს".
"კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.
ასევე ნახეთ "ლელო" მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც "ალტ-ინფო" ამ შინაარსით ვეღარ განაგრძობს მაუწყებლობას"ალტ-ინფო" საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები -ამ აქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ალტ-ინფოსთვის" აკრედიტაციაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს