ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. შეხვედრა 24 აპრილს გაიმართა.
სააგენტო AP-ს ინფორმაციით, ბლინკენმა და ოსტინმა ზელენსკის აცნობეს, რომ უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს კიდევ 300 მილიონ დოლარზე მეტი თანხის სამხედრო დახმარებას. ასევე, შეატყობინეს, რომ უახლოეს ხანში პრეზიდენტი ბაიდენი ოფიციალურად წარადგენს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.
ვაშინგტონს უკრაინაში ელჩი არ ჰყავს 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიევიდან გაიწვია ელჩი მარი იოვანოვიჩი.
ასევე ნახეთ კიევში აშშ-ის ელჩად, სავარაუდოდ, ინიშნება დიპლომატი, რომლის საქართველოში ელჩად დანიშვნა 2018 წელს განიხილებოდაროგორც AP წერს, აშშ საერთო ჯამში 713 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს 15 მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას და ამ თანხიდან დაახლოებით 322 მილიონი უკრაინისაა.
პენტაგონის 21 აპრილის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 23 აპრილს განაცხადა, რომ 24-ში კიევში ელოდებოდნენ ბლინკენს და ოსტინს. სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დეტალები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებული იყო და დადასტურებული ინფორმაცია, რომ ბლინკენი და ოსტინი კიევში მართლაც იმყოფებოდნენ, ამერიკულმა მხარემ მხოლოდ დღეს, 25 აპრილს გაავრცელა მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის დედაქალაქი დატოვეს.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შს-თა მინისტრებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები კიევში ჩავიდნენ. ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინაში პოლონეთიდან გაემგზავრნენ.