უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ეტაპზე რუსეთის არმიამ სრული კონტროლი უნდა დაამყაროს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე. ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, დღეს, 22 აპრილს განაცხადა ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, რუსტამ მინეკაევმა. მისი თქმით, მეორე ეტაპი ორი დღის წინ დაიწყო.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა საჯაროდ ახსენა კონტროლი სამხრეთ უკრაინაზე, რომელიც რუსეთის მიერ უკვე ანექსირებული ყირიმის და სევასტოპოლის გარდა, მოიცავს ზაპოროჟიეს, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებს. მანამდე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიზნად ასახელებდა დონბასზე სრულ კონტროლს.
ასევე ნახეთ ზელენსკი: რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაშიმინეკაევის თანახმად, დონბასზე სრული კონტროლი უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ და ზემოქმედებას შავი ზღვის პორტებზე, საიდანაც სოფლის მეურნეობის და მეტალურგიული პროდუქცია გადის სხვა ქვეყნებში, ხოლო უკრაინის სამხრეთზე კონტროლი იქნება კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთზე(მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი). როგორც რუსმა გენერალმა თქვა, დნესტრისპირეთშიც შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება.
„როგორც ჩანს, ჩვენ დღეს ვეომებით მთელ მსოფლიოს, როგორც ეს იყო დიდი სამამულო ომის დროს, როცა მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ იყო. ახლაც იგივეა, მათ რუსეთი არასდროს უყვარდათ", - განაცხადა მინეკაევმა ეკატერინბურგში, თავდაცვის სფეროს საწარმოთა კავშირის წლიურ შეკრებაზე.
ასევე ნახეთ უკრაინის ომბუდსმენის თქმით, რუსეთი მაისის დასაწყისში ხერსონში "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავსრუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული ჰქონდა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს. კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, მხოლოდ ბუჩასა და ირპენში ნაპოვნია ასეულობით მოკლული, მშვიდობიანი მოქალაქის გვამი.