პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან ერთად, ორბელიანების სასახლეში გახსნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30-წლიანი ისტორიის ამსახველი გამოფენა.
ზურაბიშვილმა მანამდე დელეგაციის ხელმძღვანელთან, კრის კუნსთან ერთად გააკეთა განცხადება:
„მოხარული ვართ, რომ სწორედ ამ სასახლეში, სადაც 30 წლის წინ აშშ-ის საელჩო გაიხსნა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი დონის დელეგაციას ვმასპინძლობთ, - თქვა პრეზიდენტმა და განაგრძო, - ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისადმი ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. საქართველომაც მრავალი წლის განმავლობაში შეიტანა თავისი წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესსა და ღირსეულად შეასრულეს ქართველებმა თავიანთი მისია ავღანეთსა თუ ერაყში".
პრეზიდენტმა ილაპარაკა დღეს ამერიკის მხარდაჭერისა და კონგრესის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე: „დღეს, როგორც არასოდეს, თქვენი მხარდაჭერა, ჩვენ ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს. თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა, რომ საქართველო რჩება თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ჩამოსვლა მხოლოდ ამ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება. ეს მსოფლიო უსაფრთხოებას უკავშირდება და მშვიდობა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა. დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის ასევე ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. ყველა ვხედავთ, თუ რაოდენ შემართებით უმკლავდება ის აგრესიასა და აგრესორს".
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, რუსეთთან ბრძოლაში უკრაინა მარტო არ არის. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირველივე დღიდან ამერიკისგან გამოცხადებული სოლიდარობა, აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანობაა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად.
„საქართველოს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ესმის სოლიდარობის ფასი და ამიტომ დღეს, ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა მარიუპოლი ალყაში მოქცეული ახალ სტალინგრადად აქციონ და აწამონ უნდათ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს საქართველოსგან კიდევ ერთხელ სრული თანადგომა", - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას:
„დღეს ჩვენი აქ ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება არც მიმდინარე ომის ფონზე და არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე.
ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებაში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის NATO-ს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს.
ასევე ნახეთ სენატორი კუნსი: აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდებადელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენები სტეფან მერფი, ქეით ლირაისი, დევიდ სისილინი და ტედ დოიჩი.
სენატორები და კონგრესმენები საქართველოში შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რუსეთიდან გადმოსახლებულ რუს დისიდენტებს და უკრაინელ ლტოლვილებს.
მიმდინარე კვირაში კონგრესის დელეგაციას საქართველოს გარდა, ტურნე აქვს საფრანგეთსა და იტალიაში.