ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი დოლარის პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას, პირდაპირი ეკონომიკური დახმარების სახით, დამატებით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა და ჩვენ მზად ვართ, დამატებით 500 მილიონი დოლარი მივაწოდოთ უკრაინის მთავრობას პირდაპირი ეკონომიკური დახმარების სახით ", - აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ამრიგად, შეერთებული შტატების მთლიანი ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინაში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, შეადგენს ერთ მილიარდ დოლარს.

მისივე თქმით, უკრაინას ამ ფულის გამოყენება ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის შეეძლება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებისა და უკრაინის მორიგი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა.

ასევე ნახეთ ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვერცერთი გემი, რომელიც რუსეთის დროშებით დაცურავს ან აფილირებულია რუსეთთან, ვეღარ შევა აშშ-ის პორტებში. ამას გარდა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისათვის ახალი, 800 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მძიმე ტექნიკითა და შეიარაღებით.