უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებას „აზოვსტალზე“ შტურმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
არესტოვიჩის განცხადებით, მათ არ სურთ „აზოვსტალის“ კომბინატზე იერიში, რადგან არ დაიხოცონ რუსი სამხედროები, „რომელთაც სხვა შემთხვევაში მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევდათ „აზოვსტალის“ ნანგრევებში“.
არესტოვიჩის თქმით, პუტინმა „მზრუნველობა გამოიჩინა“ რუსი სამხედროების მიმართ, რათა იქვე არ დახოცილიყვნენ. იგი ფიქრობს, რომ ეს მიანიშნებს შემდეგს - მათ ან ფიზიკურად არ შესწევთ „აზოვსტალის“ აღების ძალა და „ისინი ამას მიხვდნენ“, ან, მისი განმარტებით, შტურმზე უარი ძალების გადაჯგუფებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
„ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მათ თავიანთი ჯარების ნაწილი გადაისროლეს ჩრდილოეთით არსებული ძალების დასახმარებლად, რომლებიც მთავარი პოლიტიკური ამოცანის შესრულებას ცდილობენ - მოახერხონ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ გამოუვათ. „გამარჯვებების“ ეს წინასწარ გამოცხადება ისე, რომ არც აღდგომას ელოდებიან, არც გამარჯვების დღეს (9 მაისს) იმაზე მეტყველებს, რომ რუსებმა გააცნობიერეს ომის ამ ეტაპზე თავისი ბოლო აქტიური ოპერაციის უპერსპექტივობა", - განაცხადა არესტოვიჩმა.
ასევე ნახეთ პუტინმა "აზოვსტალის" შტურმის ბრძანება გააუქმარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიზანშეუწონელი უწოდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე, „აზოვსტალზე“ მოსალოდნელ შტურმს და მისი გაუქმება უბრძანა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. "არის!" - პასუხობს შოიგუ მისი და პუტინის შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებებით დღეს, 21 აპრილს გავრცელდა.
"ეს არის შემთხვევა, როცა უნდა ვიფიქროთ - ანუ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მით უმეტეს - ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო კატაკომბებში ჩაძრომა და ამ სამრეწველო ობიექტებზე მიწისქვეშ ხოხვა. დაბლოკეთ ეს სამრეწველო ზონა ისე, რომ ბუზმაც ვერ გაიფრინოს", - ეუბნება პუტინი შოიგუს და ავალებს, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მყოფთ კიდევ ერთხელ შესთავაზონ იარაღის დაყრა და დანებება.
მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლკ "აზოვის" მებრძოლები და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა. ქარხნის მიწისქვეშა საცავებს თავს აფარებს მარიუპოლის ასეულობით მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები.
რუსულ არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.