"აზოვის" მებრძოლებმა დაასახელეს მარიუპოლიდან ევაკუაციის პირობა

"აზოვსტალის" ტერიტორიის სატელიტური ფოტო. 2022 წლის 22 მარტი

უკრაინული პოლკი „აზოვი“ მზად არის მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის, „მესამე მხარის“ მხარდაჭერით. ამის შესახებ 20 აპრილს, ღამით განაცხადა პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.

მისი ინფორმაციით, კონტაქტი ჰქონდათ უკრაინის რადის დეპუტატ დავით არახამიასა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკთან, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან მარიუპოლში ჩავიდნენ და ქალაქში დარჩენილი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციისთვის მოლაპარაკება გამართონ რუსეთის დელეგაციის წევრებთან, მედინსკისა და სლუცკისთან.

პალამარის თანახმად, მზად არიან მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის "მესამე მხარის" მხარდაჭერით და საკუთარი იარაღით, რათა გადაარჩინონ პირადი შემადგენლობა, გაიყვანონ დაჭრილები, დაღუპულთა ცხედრები და პატივით დაკრძალონ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი არ აკონტროლებს. „აზოვის“ მეთაურის მოადგილე კონკრეტულ „მესამე მხარეს“ არ ასახელებს, თუმცა, ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწოდებს, ჩაერთონ უსაფრთხოების გარანტიებში. პალამარის განცხადებით, არ მიიღებენ რუსეთის მოთხოვნას იარაღის დაყრის და დანებების შესახებ.

სვიატოსლავ პალამარის თანახმად, სამოქალაქო პირები, რომლებიც "აზოვსტალში" იმალებიან, ტერიტორიას უსაფრთხოდ ვერ დატოვებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მუდმივი შეტევის გამო. "აზოვის" მეთაურის მოადგილემ რუსებს მოუწოდა, ცეცხლი შეწყვიტონ, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა "აზოვსტალიდან" გასვლა და მარიუპოლიდან ევაკუაცია შეძლონ.

20 აპრილს, გამთენიისას ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამაც და უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ევაკუაციის ორგანიზებისკენ მოუწოდა.

ასევე ნახეთ მარიუპოლის დამცველი საზღვაო ქვეითების მეთაური მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავს

"აზოვი" და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე იმყოფებიან. ქარხნის მიწისქვეშა საცავებს თავს აფარებს მარიუპოლის ასეულობით მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მყოფ უკრაინელ მებრძოლებს გასული სამი დღის განმავლობაში სამჯერ მოსთხოვა იარაღის დაყრა და დანებება, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

ასევე ნახეთ „აზოვსტალი“ შიგნიდან: მეტალურგიული კომბინატი, რომელიც მარიუპოლის ციხესიმაგრედ იქცა

რუსულ არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს. კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, მხოლოდ ბუჩასა და ირპენში ნაპოვნია ასეულობით მოკლული, მშვიდობიანი მოქალაქის გვამი.