ხშირ შემთხვევაში საიდუმლოდ რჩება, ამა თუ იმ ქვეყნის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ან დაპირებული ტექნიკის ზუსტი დასახელება, რაოდენობა და შეტანის გზები - მაგრამ გარკვეული ინფორმაცია მაინც ვრცელდება და პროცესის გააქტიურებას პრეზიდენტის ოფისიც ადასტურებს.
„მათ [უკრაინელებმა] მიიღეს დამატებითი თვითმფრინავები და საავიაციო სათადარიგო ნაწილები იმისთვის, რომ შეძლონ მეტი თვითმფრინავი ჰყავდეთ ჰაერში“, - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის მიერ 19 აპრილს წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა პირველად გააჩინა ეჭვი, რომ უკრაინამ უკვე მიიღო საბრძოლო თვითმფრინავები (МИГ-29), რომელიც სადავო საკითხად რჩებოდა მანამდე, არაერთი კვირის განმავლობაში.
Reuters-ს მოჰყავს პენტაგონში გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება, რომ ავიაგამანადგურებლები უკრაინისთვის არ მიუწოდებია აშშ-ს, მაგრამ „რა თქმა უნდა, დაეხმარა ზოგიერთი დამატებითი სათადარიგო ნაწილის გადაცემაში, რამაც დააკმაყოფილა მათი [უკრაინის] მოთხოვნა“.
20 აპრილს „უნიანმა“ გამოაქვეყნა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადება, რომელშიც ის ავიაგამანადგურებლების შესახებაც იუწყება.
„კარგი ამბებია დილიდან. ნორვეგიამ მიიღო გადაწყვეტილება გაუგზავნოს უკრაინას დაახლოებით 100 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "მისტრალი" - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ. და ასევე არის ავიაგამანადგურებლები მოკავშირეებისგან. ვაგრძელებთ მუშაობას. ყველაფერი იქნება, უკრაინა“, - ამ სიტყვებს სააგენტო ერმაკის სახელით აქვეყნებს და მიუთითებს ბმულს ტელეგრამარხზე. თუმცა უშუალოდ ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ავიაგამანადგურებლები მოხსენიებული არ არის.
რომელმა ქვეყანამ და რა საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა უკრაინას?
ეს ჯერ ამ დრომდე დაზუსტებით არავის უთქვამს. ზოგიერთი წყარო ვარაუდობდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მოლდოვის საკუთრებაში არსებული ძველი МИГ-29-ები, რომლებიც ფრენისთვის გამოუსადეგარი იყო. მაგრამ მოლდოვამ 18 აპრილს ასეთ შესაძლებლობაზე ოფიციალური უარი განაცხადა.
სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ სამშაბათს განაცხადა, რომ მოლდოვას არა აქვს სათანადო შესაძლებლობა ამ მხრივ დაეხმაროს უკრაინას და ეს სხვა ქვეყნებს უფრო გამოუვათ. 17 აპრილს „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყებოდა, რომ მოლდოვამ უკრაინას უარი ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველ პერიოდში უთხრა МИГ-29-ის ტიპის თვითმფრინავების მიყიდვაზე მიზეზით - „ჩვენ არ გვსურს რუსეთის გაღიზიანება“.
არტილერია, მძიმე შეიარაღება
პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი დახმარების 8-მილიონიანი პაკეტი, უკრაინის 13 აპრილის მოთხოვნის საფუძველზე, მოიცავდა: Ми-17 ტიპის 11 ვერტმფრენს (უკვე გაგზავნილი 5-ის გარდა), M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, „Humvee“-ის ტიპის 100 საბრძოლო მანქანას, 155 მმ კალიბრის 18 „ჰაუბიცას“, 40 000 საარტილერიო ჭურვს, საარტილერიო სისტემების აღმომჩენ AN/TPQ-36-ისა და სარადარო AN/MPQ-64 Sentinel-ის სისტემებს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ 19 აპრილს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარება უკრაინაში ომის საჭიროებების მიხედვით იცვლება და როცა პირველ ეტაპზე რუსეთის არმიის მიერ კიევის აღების საფრთხე იკვეთებოდა, აშშ უკრაინას აწვდიდა ქალაქის დაცვისთვის აუცილებელ ანტისატანკო სისტემებს და, მისი თქმით, Javelin-მა დიდი როლი შეასრულა კიევის გადარჩენაში.
მას შემდეგ კი, რაც რუსეთის არმია დონბასისკენ დაიძრა, პენტაგონის განცხადებით, შეიცვალა საომარი მოქმედებების ხასიათიც და საჭირო შეიარაღების სახეობებიც.
ასევე ნახეთ ვრცელდება ცნობები უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ„დონბასში სრულიად სხვაგვარი რელიეფია. ეს სრულიად სხვაგვარი ბრძოლაა. ეს მოითხოვს სხვაგვარ შესაძლებლობებს მხარეებისგან“, - ამბობს ჯონ კირბი.
ამ დრომდე მძლავრ საარტილერიო სისტემებს უკრაინის არმიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად თვლიდნენ სამხედრო სფეროს ექსპერტები. ამ დანაკლისს, მათი განმარტებით, მნიშვნელოვნად შეავსებს „ჰაუბიცები“.
უკრაინის რუსულენოვან ტელეარხ „ფრიდომს“ მოჰყავს აშშ-ის არმიის მაღალჩინოსნის, ჯონ სპენსერის სიტყვები, რომ „ჰაუბიცა“ სწორედ ის არის, რაც ახლა უკრაინელებს სჭირდებათ რუსეთთან შეტევითი ტაქტიკისთვის.
„ჰაუბიცის ძლიერ საარტილერიო ჭურვს შეუძლია მოწინააღმდეგის შენაერთებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება და იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი ტანკებით მოძრაობენ. ეს სისტემები ისვრის 30-40 კმ-ის მანძილზე და შესაძლებლობა აქვთ გაანადგურონ რუსეთის სამხედრო ძალა მანამდე, ვიდრე ის მიუახლოვდება ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს, რომელთა დაპყრობაც უნდა. ეს იარაღი იმდენად მძლავრი და შორი მოქმედებისაა, რომ შეუძლია ბევრი რამის განადგურება და განსაკუთრებით ღია სივრცეში [აღმოსავლეთ უკრაინის სტეპზე]“, - ამბობს სპენსერი.
აუცილებელი საარტილერიო შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდებაზე დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ თავს დასავლელი პარტნიორები. თუმცა ბოლო პერიოდში ამ მხრივ განსაკუთრებული გამოცოცხლება შეინიშნება.
19 აპრილს, უკრაინის თემაზე მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას, დახმარების შემდეგ ნაკადში, მეტ საარტილერიო სისტემას მიაწვდიან.
საარტილერიო საშუალებების მიწოდებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ კანადა და დიდი ბრიტანეთი.
- „კანადა უკრაინაში გაგზავნის მძიმე არტილერიას. დეტალებს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს კანადის პრემერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, 19 აპრილს.
- „ეს [ბრძოლა დონბასში] იქნება საარტილერიო დაპირისპირება. მათ [უკრაინას] ესაჭიროებათ დახმარება მეტი არტილერიით და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათ მივაწვდით... სხვა ბევრი სახის დახმარებასთან ერთად“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, 19 აპრილს, კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას. მის ამ სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს.
კონკრეტულად არ არის დაზუსტებული - რა და როდის, თუმცა, ზოგადად, უკრაინის სამხედრო მომარაგების შესახებ ინფორმაცია დიდწილად დახურულია.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ადასტურებს, რომ უკრაინა მოკავშირეებისგან მძიმე შეიარაღებას იღებს და ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, ალექსი არესტოვიჩს ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩევა, რომ სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯიბრებიან.
თუმცა მან იუთუბარხ „ფეიგინ ლაიფ“-ის 19 აპრილის გადაცემაში მცდარი უწოდა პარტნიორების მიდგომას, რომ უკრაინელ სამხედროებს თანამედროვე შეიარაღების ათვისებისთვის თვეები სჭირდებათ.
არესტოვიჩის ნაამბობიდან ასევე ირკვევა, რომ რთული ბრიტანული საზენიტო საშუალებით „უკრაინელებმა პირველი თვითმფრინავი 2 კვირაში ჩამოაგდეს“, ხოლო „გარკვეული არტილერიით“, რომელზეც პარტნიორები 2-თვიან სწავლებას ურჩევდნენ, უკრაინელებმა მესამე დღეს „მოარტყეს მიზანს“.
„უკრაინული საარტილერიო სკოლა საუკეთესოა მსოფლიოში, 8-წლიანი გამოცდილებით. ჩვენი არტილერისტები ეუბნებიან [საერთაშორისო პარტნიორებს], მოგვეცით სროლის ცხრილი და დავიწყებთ სროლასო... საჭიროა 6 საათი შესასწავლად... კარგი, 2-3 დღე და მორჩა, წავიდა [გამოყენება]“, - ამმბობს არესტოვიჩი.
პარტნიორების ბოლო დაპირებების გათვალისწინებით, ის, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ნიდერლანდმა გააკვირვა, მათ შორის - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ წარსულში გამოხატული უარყოფითი პოზიციის გამო.
19 აპრილს, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას, მათ შორის - ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.
ასევე ნახეთ ფინეთი დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის უკრაინასჯერჯერობით ისევ დაუზუსტებელია, მიაწვდის თუ არა გერმანია მძიმე ტექნიკას უკრაინას, მიუხედავად დაპირებისა.
აშშ-ის პრეზიდენტსა და სხვა ლიდერებთან ერთად 19 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ, კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას გერმანული წარმოების ანტისატანკო, ანტისაჰაერო სისტემებს და ასევე საბრძოლო მასალებს მიაწვდის. „დოიჩე ველე“ იტყობინება, რომ ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის მოადგილემ, მარკუს ლაუბენტალმა ZDF-ის ეთერში უარყო მძიმე შეიარაღების მიწოდების პერსპექტივა.
აგვიანებს თუ არა შეიარაღება?
უკრაინა მადლიერია ყველა იმ ქვეყნის, რომელიც მას ეხმარება, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად შეახსენებენ პარტნიორებს, რომ ისურვებდნენ უფრო მეტის და უფრო სწრაფად მიღებას.
რუსეთთან სასტიკ ომში ჩართული უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაგვიანებაზე ხშირად მსჯელობენ როგორც პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, ასევე ეს თემა აქტუალურია სოციალურ ქსელებში გამართულ დისკუსიებშიც.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ჯონ კირბი განმარტავს, რომ აშშ აკეთებს ყველაფერს უკრაინისთვის დახმარების დროულად მოსაწოდებლად და 8-მილიონიანი დახმარების მორიგი პაკეტის პირველი პარტია, დადასტურებიდან 48 საათში, უკვე გზაში იყო.
კირბის განმარტებით, ამ კონკრეტული დახმარებისთვის კიევმა ვაშინგტონს 13 აპრილს მიმართა. 17 აპრილს, აშშ-ის მთავრობაში მყოფ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, CNN-ი იუწყებოდა, რომ დაიწყო უკრაინის თავდაცვისთვის განკუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ტექნიკა ჯერ რეგიონში ჩადის და შემდეგ საზღვარზე გადაეცემა უკრაინას.
შეიარაღება უკრაინას ძირითადად პოლონეთის გავლით მიეწოდებოდა; თუმცა რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებობს სხვა საიდუმლო გზები, რომელთა 100%-იანი გაკონტროლება შეუძლებელია.
ასევე ნახეთ უკრაინაში დაიწყო "მძლავრი შეიარაღების" პარტიის ჩატანაპენტაგონის ოფიციალურ ვებსაიტზე, გვარის დაუსახელებლად, გამოქვეყნებულია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის განმარტებები, სადაც ვკითხულობთ, რომ დახმარების პაკეტის შეთანხმება არაერთ საფეხურს გადის, მაგრამ ბოლო თვეებში ეს პროცესი, უკრაინისთვის, უპრეცედენტოდ სწრაფად, 48-72 საათში სრულდება.