პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მან ექიმებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე უკვე თავად მიხეილ სააკაშვილიც ალაპარაკდა.
"სიმპტომები, რომელიც ადრე იყო გამოხატული, ახლა უფრო დამძიმებულია. უკვე დღეს თვითონაც ილაპარაკა. მე არ მახსოვს, რომ მას თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რამე ეთქვა. ბოლო პროცესებზე უკვე თვითონ ამბობს: "მე ვარ ავად, უსათუოდ მჭირდება მკურნალობა", - თქვა ალასანიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ექიმების მიერ დასმული ყველა დიაგნოზის მიხედვით, სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა.
"როცა ათვალიერებ დიაგნოზებს, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. განსხვავება ისაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ აქაც შეიძლება მკურნალობა. შეიძლება ვერ ბედავენ, რომ თქვან, აქ ასეთი დაავადების განკურნების შესაძლებლობა არ გვაქვს... უამრავი მიმართვაა პენიტენციურ სამსახურთან, მაგრამ არავითარი რეაქცია იქედან არ არის.
უფრო და უფრო დაუმძიმეს ჩემს შვილს მდგომარეობა. თუკი ადრე უფრო ხშირად მქონდა შესაძლებლობა ნახვის, ახლა თვეში ერთხელ შეუძლია შეაღწიოს ოჯახის წევრს შიგნით და ეს არის მთელი ფუფუნება", - თქვა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღევანდელ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.
ასევე ნახეთ "დავიკელი 12 კგ, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი" - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდასაქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.