"ყვითელი მარშრუტკების დროს შევნატრით" - რა საყვედურები აქვთ მგზავრებს

ფოტო არქივიდან, თბილისი

ახალი სატრანსპორტო სისტემის ამოქმედების შემდეგ, როცა ქალაქში „ყვითელი მიკროავტობუსები” აღარ მოძრაობს, ქალაქის ხელისუფლების მისამართით მგზავრების კრიტიკამ იმატა. მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროს ერთიან სისტემაში მოქცევით მოქალაქეებისთვის მგზავრობა უნდა გამარტივებულიყო და აჩქარებულიყო, თუმცა 2,5 თვის პრაქტიკამ ზოგიერთ უბანში საპირისპირო აჩვენა.

ფეისბუკჯგუფებში, სადაც მოქალაქეებს საკუთარი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ეგულებათ, ყოველდღე არაერთი პოსტი იწერება საზოგადოებრივი ტრანსპორტით შექმნილ დისკომფორტზე. პრეტენზიების ძირითადი ნაწილი ახალ, „ლურჯ მიკროავტობუსებზე” მოდის.

წვიმაში, ქარსა თუ მზიან ამინდში მგზავრები ერთსა და იმავე პრობლემაზე წერენ: ტრანსპორტის დაგვიანებაზე, მძღოლების უხეშობასა და ბოლო გაჩერებებზე უშველებელ რიგებზე.

„შემიძლია ამ დილის პოსტები განახოთ“, - ასე დაიწყო საუბარი თბილისის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე.

მაგალითად, თბილისის გარეუბნების ჯგუფებში (ვარკეთილისა და გლდანის) წერენ:

სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე სოხაძემ მოქალაქეების პრობლემები ორ ნაწილად დაყო - ნაწილს სამართლიანი პრეტენზიები აქვთ, ნაწილს კი არ უნდა მარშრუტკიდან ავტობუსზე გადაჯდომა.

"მაგრამ როცა არც ის არის და არც ეს, რა ქნან? თან ვეუბნებით, გადაჯექით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მანქანებით არ იაროთო და თან პირობას არ ვუქმნით", - თქვა დეპუტატმა.

მან გაიმეორა ფეისბუკჯგუფში მოსახლეობის გამოთქმული პრეტენზიები, მათ შორის, მძღოლების უხეშობასა და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე და მგზავრებისთვის ტრანსპორტის არგაჩერებაზე. სხდომაზე გაირკვა, რომ მძღოლები ხელფასს გავლილი მანძილის შესაბამისად იღებენ და არ არის გათვალისწინებული მგზავრთა მომსახურების ხარისხი.

"მისი შემოსავალი არ არის დამოკიდებული, რამდენ მგზავრს ჩაისვამს და ამიტომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს და არ გაუჩეროს", - თქვა რევაზ სოხაძემ.

"ძველ ყვითელ მარშრუტკებზე იყო მავნე პრაქტიკა, რომ [ფეხზე იდგნენ]... ხშირ შემთხვევაში ადამიანები სუბიექტურად აღიქვამენ, რომ ცარიელია იმიტომ, რომ ყველა ზის", - უპასუხა საკრებულოში სატრანსპორტო კომისიის ხელმძღვანელმა, შალვა ობგაიძემ.

დასახელებული პრობლემების საპასუხოდ მერიის თანამშრომელმა თქვა, რომ ხვალიდან თბილისს ახალი ხაზები დაემატება - მოაგვარებს თუ არა ეს მგზავრების პრობლემებს, ფეისბუკჯგუფებსა და ტრანსპორტის მომლოდინე მგზავრების რიგის სიგრძეში აისახება.