საინფორმაციო საშუალებების ცნობით, წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც, როგორც მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რუსეთის არმიამ „კალიბრის“ ტიპის რაკეტები დაუშინა კიევის განაპირას მდებარე სამხედრო ობიექტებს.
უკრაინული მედიის თანახმად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგი.
რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია ჟულიანის მანქანათმშენებლობის ქარხნის ის საამქრო, რომელშიც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რემონტი და გამოშვება ხდებოდა.
„კიევში მდებარე ობიექტებზე სარაკეტო იერიშების რაოდენობა და მასშტაბები გაიზრდება კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ ნებისმიერი ტერორისტული აქტისა თუ რუსეთის ტერიტორიაზე მოწყობილი დივერსიული აქტის პასუხად“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სააგენტო Reuters-ის თანახმად, წუხანდელი აფეთქებები კიევთან ყველაზე მძლავრი აღმოჩნდა მთელი ომის განმავლობაში. თვითმხილველთა ნაამბობით, აფეთქებების ხმები ისმოდა უკრაინის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთში. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აფეთქდა და არიან თუ არა დაღუპულები.
კიევის გარეუბანში მომხდარ აფეთქებაზე ინფორმაცია გაავრცელა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „უკრაინის სამოქალაქო თავისუფლების“ ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ მატვეიჩუკმა. ხოლო უკრაინის „ტელეგრამის“ არხის, „სახელმწიფოს პოლიტიკის“ ცნობით, აფეთქების ხმა ისმოდა არა მხოლოდ უკრაინის დედაქალაქში, არამედ მთელ კიევის ოლქში.
მანამდე, 13 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თუკი უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიებსა და ცეცხლის გახსნას არ შეწყვეტენ, „მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის - კიევში“.
ასევე ნახეთ
თუკი რუსეთი პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციას დაარტყამს
გენერალ-მაიორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმება „გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებში“, მაგრამ, ექსპერტების ლოგიკით, სამიზნეებს შორის აუცილებლად იგულისხმება: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რადა და თავდაცვის სამინისტრო, სადაც რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსები ძირითად გადაწყვეტილებებს იღებენ.
ერთი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ გაშვება რუსეთს 6 მილიონი დოლარი უჯდება. 26 მარტს უკრაინაში 70 ასეთი რაკეტა გაუშვეს და მხოლოდ 8 მოხვდა მიზანს. დანარჩენი უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ გაანადგურა (არ კონკრეტდება, როგორ და რა გზით).
წუხანდელი დაბომბვის შედეგად კიევის ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება წყალი, უკრაინის დედაქალაქში შეფერხებით მუშაობს ინტერნეტიც.