გავრცელებული ინფორმაციით, „ნეპტუნის“ წარმოება კიევში 2014 წელს დაიწყეს, მას კომპანია „სხივი“ აწყობდა. რაკეტა თავისი ქობინით 150 კილოს იწონის, მისი სიჩქარე 900 კმ/სთ-ია. ისინი განკუთვნილია 5000 წყალწყვის მქონე გემებისთვის. რაკეტა 280 კილომეტრზე მიფრინავს, ძალიან დაბალ სიმაღლეზე, წყლიდან რამდენიმე მეტრით ზევით. ასევე შეუძლია ფრენის დროს მანევრირება.
„მისი აღმოჩენა ჩვეულებრივ ამინდშიც კი შეუძლებელია. 5-7 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავს და რადიოლოკაციური ხელსაწყო მას მხოლოდ ძალიან მცირე დროის განმავლობაში ხედავს“, - ჰყვება სერგეი ზგურეცი, დირექტორი საინფორმაციო-საკონსულტაციო კომპანიისა Defense Express-ი.
კომპანია „სხივის“ გენერალური დირექტორი ოლეგ კოროსტელევი, 2021 წლის სექტემბერში „ნეპტუნის“ უპირატესობაზე ლაპარაკისას, ამბობდა, რომ მას შეუძლია ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ასევე შესაძლოა რაკეტა კიდევ უფრო გამართონ და სახმელეთო ოპერაციებისთვის გამოიყენონ.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ექსმდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი აცხადებს, რომ „მოსკვაზე“ დარტყმა „ნეპტუნის“ ეფექტიანი გამოყენების პირველი შემთხვევა არ იყო.
„ორი კვირის წინა ეს რაკეტა ესროლეს კიდევ ერთ გემს „ადმირალ ესენს“. „ესენის“ გემსაწინააღმდეგო სისტემამ საფრთხე მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა რაკეტა უკვე უახლოვდებოდა. გაუხსნა ცეცხლი, მაგრამ დაზიანებულმა რაკეტამაც კი მოახერხა გემი წყობიდან გამოეყვანა. „მოსკვას“ წინააღმდეგ ერთდროულად ორი რაკეტა გაუშვეს. შედეგი ყველამ იცის“, - დაწერა ტურჩინოვმა ფეისბუკზე.
თუ რატომ გამოიყენეს ერთბაშად ორი რაკეტა, ამის თაობაზე საუბრობს ექსპერტი თავდაცვის საკითხებში ანდრეი რიჟენკო.
„ეს დიდი გემების გასანადგურებელი რაკეტაა. კატერის ჩასაძირად ის არ გამოდგება, მაგრამ თუ კორვეტი ან ფრეგატი უნდა გაანადგურო, მაშინ ჰო. ვიღაცები თვლიდნენ, რომ „ნეპტუნი“ კრეისერისთვის პატარაა, ან უფრო მეტი რაოდენობის არის საჭირო. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ორი რაკეტაც ეყო“.
შეუძლია თუ არა „ნეპტუნს“ იმ გემების ჩაძირვა, რომლებიც შავ ზღვაში, სევასტოპოლის ნაპირებთან დგანან? რიჟენკო აღნიშნავს, რომ თუ ოდესიდან გაისვრიან, ეს უკრაინული რაკეტებისთვის მაქსიმალური დისტანცია იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ზუსტად დამიზნება. რიჟენკო ამბობს, რომ „ნეპტუნს“ შეუძლია ზღვაზე სიტუაცია კარდინარულად შეცვალოს.
„რუსული გემები გვიახლოვდებოდნენ. 200 გემსაწინააღმდეგო რაკეტა ჩვენ საზღვაო ფარს შეგვიქმნის, რომ ზღვიდან წამოსული აგრესია შევაჩეროთ“.