რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვადან“ ასეულობით მეზღვაური ევაკუირებულია, ზოგიერთი ცნობით, ის ჩაიძირა უკრაინის მხრიდან თავდასხმის შემდეგ, ცხადი ერთია, რომ ის მწყობრიდან გამოიყვანეს.
ხომალდი, რომელსაც შეიარაღებაში აქვს „ვულკანის“ ტიპის 16 ფრთოსანი რაკეტა, უკრაინაში ომის დაწყების დასაწყისშივე იყო აქტიური და მონაწილეობას იღებდა კუნძულ ზმეინის დაკავებაში, როცა „მოსკვამ“ თავის მოწოდებაზე, დანებებულიყვნენ, უკრაინელი მესაზღვრეებისგან მიიღო შემდეგ უკვე რუსი ოკუპანტების მიმართ ლოზუნგად ქცეული „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ მოგვიანებით, რუსმა სამხედროებმა კუნძულზე შეტევა განახორციელეს და ზმეინის დამცველი უკრაინელი მესაზღვრეები დაატყვევეს.
უკრაინის ფოსტამ გამოსცა მარკა კრეისერ „მოსკვას“ გამოსახულებით, რომელიც კუნძულის დაცვას და „რუსეთის სამხედრო ხომალდის“ მისამართით გამოთქმულ, ახლა უკვე გავრცელებულ ფრაზას მიეძღვნა.
ხომალდის სიმბოლური სახელწოდება თავისებურად უფრო მგრძნობიარედ აქცევს მარცხს, რომელიც „მოსკვამ“ განიცადა ზმეინის ინციდენტიდან თვე-ნახევარში.
სანამ მას 1996 წელს „მოსკვას“ დაარქმევდნენ, ნიკოლაევში 1979 წელს აგებულ ხომალდს „სლავა“, რუსულად „დიდება“, ეწოდებოდა და „სლავას“ კლასის გემების კატეგორიად იყო აღნუსხული ნატოს რეესტრშიც. ის იყო 1164-ე პროექტ „ატლანტის“ წამყვანი სარაკეტო კრეისერი.
ის ჯერ კიდევ 10 აპრილს სევასტოპოლთან იყო შენიშნული.
14 აპრილს, თავდაპირველად, ფლაგმანი ხომალდის ძლიერ დაზიანებასა და თვით ჩაძირვაზე იტყობინებოდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი.
ასევე ნახეთ არესტოვიჩის ცნობით, იწვის კრეისერი „მოსკვა“, რომელიც „ნა ხ...-ზე გაუშვეს" კუნძულ ზმეინის მცველებმარუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა გემის ბორტზე ტყვია-წამლის აფეთქების შესახებ, რამაც ხანძარი გამოიწვია რუსეთის ფლოტის სიდიდით მესამე ხომალდზე. შავიზღვისპირა ქალაქ ოდესის გამგებელი ამტკიცებს, რომ გემს ორი გემთსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა. მოსკოვი ირწმუნება, რომ ეკიპაჟი, რომლის სრული რაოდენობა 500-ს აღემატება, ევაკუირებულია სხვა გემებზე, რაც არცთუ იოლი წარმოსადგენია ამ ვითარებაში. მოსკოვი ასევე ამტკიცებს, რომ ცეცხლი ჩააქრეს, გემი ბუქსირით წაიყვანეს ნავსადგურში და მისი უმნიშვნელოვანესი იარაღი გადარჩა, გემს ჩაძირვა არ ემუქრება. სავარაუდოდ, ხომალდზე არის მსხვერპლი, მით უმეტეს, თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ნახავთ, აფეთქება მართლაც ძლიერი იყო.
რა ამტკიცებს, რომ ხომალდს რაკეტა მოხვდა
„მოსკვას“ რომ უკრაინის „ნეპტუნის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა, ოდესის გამგებელმა, მაქსიმ მარენკოვმა გამოაცხადა.
„ნეპტუნი“ უკრაინას შეიარაღებაში 2020 წლიდან ჰქონდა. მის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა რუსეთთან ურთიერთობა გაფუჭდა. „იარაღისა და თავდაცვის“ გამოფენაზე, „ნეპტუნი“ პირველად წარმოდგენილი იყო კიევში 2015 წელს. ის იყო შექმნილი საბჭოთა გემთსაწინააღმდეგო რაკეტის, X-35-ის ბაზაზე. პირველი გამოცდა „ნეპტუნისა“, რომლის მოქმედების მანძილი 280 კილომეტრია, ჩატარდა 2016 წელს.
გავრცელებული ცნობით, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი არ მიიჩნევს დადასტურებულ ინფორმაციად, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ ბრიტანეთმა კიევს დამატებით გადასცა გემთსაწინააღმდეგო რაკეტები „ჰარპუნის“ ტიპისა, რომელიც McDonnell Douglas-ის, ამჟამად, Boeing Defense, Space & Security-ის მიერ არის შექმნილი.
კრეისერის ბედის შესახებ დამოუკიდებელი ინფორმაცია არ გავრცელებულა. პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ აქვს ცნობები არც „მოსკვასთვის“ მიყენებული დაზიანების, არც მასზე ხანძრის გამომწვევ მიზეზების თაობაზე.
ჩვენმა კოლეგებმა რუსული რედაქციიდან მიმართეს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ექსპერტს, ვებგვერდ „საიდუმლო ნაპირების“ შემქმნელს, ეიჩ აი სატონს (H I Sutton), რომელიც შავი ზღვის საზღვაო ფლოტში „მოსკვას“ როლზე ლაპარაკობს.
კი, „მოსკვა“ თამაშობს დიდ როლს უკრაინის კონფლიქტში, შეიძლება წამყვანსაც, მაგრამ არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სხვა, უფრო თანამედროვე სამხედრო ხომალდებმა. „მოსკვა“ ალბათ ჩართული იყო ანტისაჰაერო თავდაცვაში. მას შეიარაღებაში ორი ძირითადი სისტემა აქვს, განმარტავს ექსპერტი: ერთი გემსაწინააღმდეგოა, ის არ არის ამ ომში აქტუალური, რადგან უკრაინის ფლოტი მალევე იქნა ნეიტრალიზებული რუსეთის მიერ. მეორე, შორ მანძილზე ანტისაჰაერო თავდაცვაა, რაც „მოსკვას“ საკვანძო უპირატესობა იყო, რაც განსაზღვრავდა,სად უნდა ყოფილიყო ამა თუ იმ მომენტში ხომალდი, ამბობს სატონი და უპასუხებს ასევე შეკითხვას იმაზე, თუ ხომალდზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რატომ ვერ აიცილა ის თავიდან საკუთრივ გემის ანტისარაკეტო თავდაცვამ. ექსპერტი ახასიათებს ხომალდის ანტისარაკეტო სისტემას, რომელიც სამსაფეხურიანია და მის გარდა, გემს აქვს ახლო მოქმედების საარტილერიო დანადგარები.
მაგრამ, აღნიშნავს სატონი, ჩვენ არ ვიცით მომხდარის გარემოება. ეს სისტემები საკმაოდ მოძველებულია, 70-იანი და 80-იანი წლებისაა. მისი თქმით, ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ ხდებოდა ამ სისტემების მართვა, იყო ჩართული რადარი თუ არა და ასე შემდეგ.
თუმცა, საბოლოო ჯამში, მას მიაჩნია, რომ უკრაინის სარაკეტო თავდასხმა ხომალდზე ამ მომენტში ყველაზე შესაძლებელი ვერსიაა. მისი თქმით, მოსკოვს სურს ინციდენტი შემთხვევად წარმოადგინოს, რომელიც არ იყო დაკავშირებული საომარ მოქმედებასთან. კი, უკრაინას აქვს გემების საწინააღმდეგო ნაღმები, მაგრამ სარაკეტო თავდასხმის ვერსია ყველაზე შესაძლებლად მიაჩნია, თუმცა, ამბობს ექსპერტი, „სიფრთხილით ვიტყოდი, რომ სწორედ ეს მოხდა“. ხომალდის კონსტრუქციისა და ზომის გამო, სატონი მაინც ფიქრობს, რომ "მოსკვას" გემთსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა. მას არ ჰგონია, რომ „მოსკვაზე“ თავდასხმა მოხდა მცირე რაკეტებით, რომელიც დრონმა გატყორცნა. ის, ამასთან, არ მიიჩნევს დადასტურებულად ცნობებს, რომ ხსენებული „ნეპტუნის“ მასობრივად წარმოება დაიწყო, რომ ამ ტიპს ერთი რაკეტისთვის მაინც უკრაინას გამშვები დანადგარები ჰქონდა. „ჰარპუნების“ გამოყენებასაც სკეპტიკურად უყურებს, რადგან ზუსტად არ არის ცნობილი, მიაწოდა თუ არა ბრიტანეთმა ისინი უკრაინას.
თითქმის 200 მეტრის სიგრძის ხომალდის, რომელიც სირიის ოპერაციაშიც მონაწილეობდა, მწყობრიდან გამოყვანა „დიდი წარმატებაა“, ამბობს ავსტრიელი ექსპერტი, მარია ტერეზიას სახელობის სამხედრო აკადემიის განვითარების განყოფილების მეთაური, პოლკოვნიკი მარკუს რაიზნერი. ის თვლის, რომ „უკრაინის ამ წარმატებას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუნდაც მხოლოდ ხომალდის დასახელების გამო: „უკრაინის არმიამ მოსკოვი ჩაძირა“.
ასევე ნახეთ რუსეთმა დაადასტურა, რომ კრეისერი "მოსკვა" სერიოზულად დაუზიანდა